ოთხშაბათი, 29.05.2024, 11:52
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აპრილი » 3 » რონალდო: ყოველთვის ვოცნებობდი მაკრატელათი გატანას, მაგრამ ტრავმისა მეშინოდა
23:24
რონალდო: ყოველთვის ვოცნებობდი მაკრატელათი გატანას, მაგრამ ტრავმისა მეშინოდა





ბრაზილიელი რონალდო – ფენომენის გარეშე, ალბათ, მთლიანად ფეხბურთი მოიწყენს. ორ აპრილს, მადრიდის რეალისა და ხიხონის მატჩის წინ, რონალდო გადატენილმა სანტიაგო ბერნაბეუმ გააცილა, თუმცა, ამ გაცილებაზე ნაკლებად – აქ დიდი ბრაზილიელის ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც ესპანურმა AS-მა გამოაქვეყნა.
ლამაზი და სევდიანი დღეები კარიერაში, ჟოზე მოურინიოსა და ხოსეპ გვარდიოლას შედარება... საუბარი სხვა თემებსაც შეეხო.
- რა იგრძენით, როცა სანტიაგო ბერნაბეუზე დაბრუნდით?
- სიტყვებით ვერ აღვწერ. ეს სტადიონი ძალიან მომენატრა, ამიტომაც, დაბრუნება ემოციური გამოვიდა. აქ 5 ბედნიერი წელიწადი გავატარე, ამასთან, ყველაზე ბევრი გოლი (104) რეალის მაისურით მაქვს გატანილი.
- გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები რეალში ყოფნისას.
- ძალიან ბევრია. "სანტიაგო ბერნაბეუზე” ყველა მატჩი ზეიმი იყო. განსაკუთრებით, ესპანეთის ჩემპიონატის მოგებისას.
- უსიამოვნო მოგონებები უკვე წაშალეთ გონებიდან?
- არა, რატომ?! ასეთებიც იყო. მაგალითად, 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან "იუვენტუსმა” გაგვაგდო, არადა, იმ წელს ძალიან ძლიერები ვიყავით და ლიგის მოგება რეალურად შეგვეძლო. თუმცა, კარგი მომენტები უფრო ამახსოვრდება ადამიანს.
- კარიერა ისე დაასრულეთ, ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგეთ...
- ასეა, მაგრამ ჩემი კარიერით კმაყოფილი ვარ და წუწუნის საბაბი არ მაქვს.
- ვისენტე დელ ბოსკემ "რეალისთვის” თქვენზე არანაკლები გააკეთა. როგორ ფიქრობთ, ისიც იმსახურებს საზეიმო გაცილებას?
- ის ხომ ჯერ არ წასულა ფეხბურთიდან. ესპანეთის ნაკრებს წარმატებულად წვრთნის, მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. თუმცა, რა თქმა უნდა, "რეალმა” დელ ბოსკე უნდა დააფასოს.
- დელ ბოსკე თქვენზე მუდამ აღტაცებით საუბრობს.
- ჩემთვის ძნელია, დელ ბოსკეს უბრალოდ მწვრთნელი ვუწოდო. კარგა ხანია, ის ჩემთვის მწვრთნელზე მეტია – მეგობარია. ვისაც ოდესმე უმუშავია დელ ბოსკესთან, ყველა აღმერთებდა მას. დელ ბოსკეს გუნდში კოფლიქტი წარმოუდგენელი იყო, ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს.
- რეალიდან მისი გაშვება შეცდომა იყო?
- მისი წასვლა ჩემთვის სიურპრიზი იყო – უნდა ვაღიარო, უსიამოვნო სიურპრიზი. თუმცა, ფეხბურთელებს კლუბის პრეზიდენტზე ზეგავლენა არ შეუძლიათ.
- თქვენი ქრონიკული ტრავმის შესახებ, გვიან რატომ გახდა ცნობილი? კარიერის დასაწყისში რატომ არ გაცნობეს?
- რთული კითხვაა. ამ რეციდივზე მაშინ გაიგეს, როცა უკვე "მილანში” ვთამაშობდი. ავადმყოფობა ნელ-ნელა ვითარდებოდა, ხოლო როცა ბრაზილიაში გადავედი სათამაშოდ, სისტემატურად მიწევდა წამლების დალევა. ბევრს ვვარჯიშობდი, წონის დაკლებას ვცდილობდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. გამოჩნდა, რომ ჩემთვის ზედმეტი კილოგრამების დაკლება სამჯერ უფრო ძნელი იყო, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანისთვის.
- ალბათ, გწყინდათ, "მსუქანას” რომ გეძახდნენ...
- ძალიან. მე ხომ ყოველნაირად ვცდილობდი წონის დაკლებას. თუმცა, გულშემატკივართა უმრავლესობა მხარს მიჭერდა და მათი მადლობელი ვარ.
- გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა "ბარსელონაში” თამაშობდით და გუნდის თავკაც ბობი რობსონის თანაშემწედ ჟოზე მოურინიო მუშაობდა.
- მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა, მოურინიო მახსოვს. სასიამოვნო ადამიანია, კარგი მეგობარია და ყოველთვის ჩვენს გვერდში იდგა. იმ დროს "ბარსაში” 4 ფეხბურთელი ვიყავით, რომლებიც პორტუგალიურ ენაზე ვსაუბრობდით, ამიტომაც, ჟოზესთან ახლოს ყოფნას ვცდილობდით.
- წარმოიდგენდით, რომ მოურინიო ასეთ კარიერას აიწყობდა?
- ალბათ, ვერა. თუმცა, მოურინიო მაშინაც გამოირჩეოდა ლიდერის თვისებებით. ის მშვიდი ადამიანი იყო, თუმცა, შეეძლო გადაწყვეტილების უცბად მიღება, რაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო თვისებაა.
- ხოსეპ გვარდიოლასთან ერთად თამაშობდით – მასში თუ ხედავდით დიდი მწვრთნელის პოტენციალს?
- გვარდიოლა ყოველთვის დიდი იყო - როგორიც ფეხბურთელი გახლდათ, ასეთია მწვრთნელიც. ბევრი გოლის გატანას სწორედ პეპს უნდა ვუმადლოდე.
- ვისი მწვრთნელობით უფრო კომფორტულია თამაში – მოურინიოსი თუ გვარდიოლასი?
- ძნელი შესადარებელია, რადგან მსოფლიოს ორ საუკეთესო მწვრთნელზე ვსაუბრობთ. თუმცა, "რეალში” უფრო დიდი დრო გავატარე და ამიტომაც მოურინიოს ვირჩევ. ძალიან მინდა, ახლანდელ "რეალში” ვთამაშობდე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი დრო წასულია.
- და თანამედროვე "ბარსელონა” თქვენს გემოვნებაში არ ჯდება?
- ეს არ მითქვამს. ჯერ არ მინახავს გუნდი, "ბარსელონასავით” რომ თამაშობდეს. "ბარსა” და "რეალი” საუკეთესოები არიან მსოფლიოში.
- ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ?
- სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობენ, ხოლო საერთო ის აქვთ, რომ უამრავი გოლი გააქვთ. და კიდევ, თავიანთ გუნდებში უდიდეს როლს თამაშობენ.
- მესის გვერდით უფრო ბევრ გოლს გაიტანდით, თუ - რონალდუს?
- მესის გვერდით. თუმცა, ვიმეორებ: დღესდღეობით ორივენი საუკეთესოები არიან მსოფლიოში.
- ჩემპიონთა ლიგა, პრიმერადივიზიონი და ესპანეთის თასი – ამ ტურნირებიდან რომელიმეში თვლით ფავორიტად "რეალს”?
- ღმერთმა ქნას, "რეალმა” ჰეთ თრიქი შეასრულოს. ესპანეთში "სამეფო კლუბს” ვქომაგობ, თუმცა, პროგნოზის გაკეთება "ელ კლასიკომდე” არ შემიძლია.
- საუკეთესო გოლი თქვენს კარიერაში.
- არა გოლი, არამედ – გოლები. მუნდიალ-2002-ის ფინალში გერმანელების კარში გატანილებს ვგულისხმობ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემს კარიერაში.
- თუ არის ისეთი გოლი, რომელიც ბავშვობაში დაგსიზმრებიათ, მაგრამ ვერ გაგიტანიათ?
- მაკრატელათი გატანაზე მუდამ ვოცნებობდი, მაგრამ... მინდორზე დაცემას ვერიდებოდი, რადგან მეშინოდა, რაიმე ტრავმა არ მიმეღო.
- მინდორზე თქვენი საუკეთესო პარტნიორი ვინ იყო?
- ბევრი, თუმცა, გამოვარჩევდი ბელგიელ ლუკ ნილისს, რომელთან ერთადაც პსვ-ში ვთამაშობდი. ნილისი სხვებზე მეტად მეხმარებოდა გოლის გატანაში.
- და რომელი პარტნიორი გაკვირვებდათ?
- ზინედინ ზიდანი.
- საუკეთესო მცველი?
- პაოლო მალდინი.
- რას ფიქრობთ კაკას მდგომარეობაზე?
- რთულ პერიოდს განიცდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად დასრულდება და კაკა ძველებურად ათამაშდება. ის ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ.
- ამასწინათ რაულმა თქვა, ამდენი ხნის განმავლობაში სტაბილურად იმიტომ ვთამაშობ, რომ ჯანმრთელობას ვუფრთხილდები და დილიდან საღამომდე გართობაზე არ ვფიქრობო. რას იტყვით?
- არა მგონია, ცხოვრების სტილი ასეთ გავლენას ახდენდეს ფეხბურთელის კარიერაზე. მაშინ, ყველა ფეხბურთელი 50 წლამდე ითამაშებდა. ზიდანი სხვებზე მეტად იცავდა რეჟიმს, მაგრამ 33 წლისა შეეშვა ფეხბურთს.
- რონალდოს თავგადასავლები ღამის კლუბებში – მართალი იყო, რასაც ჰყვებოდნენ?
- არა, ეს მითია. რა თქმა უნდა, დისკოთეკებსა და წვეულებებზე ვყოფილვარ, მაგრამ ეს იმ დროს, როცა თამაში არ მქონდა და ჩემი გართობა კლუბზე ცუდად არ იმოქმედებდა.
- როგორც ვიცით, აგენტობას აპირებთ.
- მაქვს სპორტული სააგენტო 9ინე. ჩვენ ტოპ-სპორტსმენებთან ვმუშაობთ და არა მარტო ფეხბურთელებთან. რამდენიმე დღის წინათ, კონტრაქტი გავუფორმეთ ანდერსონ სილვას (ბრძოლა წესების გარეშე), რომელიც ძალიან პოპულარულია აშშ-ში.
- თქვენი შვილი ფეხბურთელი გახდება?
- ფეხბურთი ძალიან უყვარს და ყოველნაირად შევუწყობთ ხელს. მკაცრი მამა არ ვიქნები და შვილს სპორტსმენობას არ დავუშლი.
- მადრიდში საცხოვრებლად გადმოსვლას ხომ არ გეგმავთ?
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ აქ ხშირად ჩამოვალ. მადრიდში ჩემი ბევრი მეგობარი ცხოვრობს და მთლიანად ქალაქი ძალიან მომწონს.



ნანახია: 616 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 interinio  
0
flag3 sagol

2 interist  
0
au imena gamogisves nacylshi shalkem)))))))))))))))))))))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter