მილანის ინტერი_ს ისტორია
ისტორია
დაარსება
ამ უნიკალური (უნიკალური უპირველესად იმითაა, რომ არასდროს დაქვეითებულა ქვედა ლიგაში) იტალიური გრანდის ისტორია 1908 წლიდან იწყება, როცა რამდენიმე ამბოხებული ფეხბურთელი და მწვრთნელი "მილანს” გამოეყო და ცალკე კლუბის დაარსება გადაწყვიტა. ეს ჯგუფი უცხოტომელებისგან, ძირითადად შვეიცარიელებისგან შეგდებოდა. როსონერის ორად გახლეჩვის წინ, ალპიელებს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდათ გუნდის ხელმძღვანელებთან და მათ შორის ფიზიკური აგრესიაც კი შედგა. მხარეებმა გვარიანად მიბეგვეს ერთმანეთი. მიზეზი მარტივი იყო, ვინმე ძმები კამპერიოების ხელში მყოფი "მილანი” ისეთ პოლიტიკას ატარებდა, სადაც უცხიელ ფეხბურთელთა ინტერესი მაქსიმალურად გაუთვალისწინებელი გახლდათ. პროტესტანტთა სათავეში პარამიტიოტი იდგა, რომელმაც კლუბის 45 წევრი აიყოლია და ახალი კლუბის შექმნა გადაწყვიტა, რომელსაც საერთაშორისო სტატუსის ასამაღლებლად "ინტერნაციონალე” ეწოდა. გუნდის ფორმის ფერებიც მალე შეირჩა - შავი ფერი ღამესთან ასოცირდებოდა, ხოლო ლურჯი ცასთან. საწყის თვეებში გუნდს ერთგვარი სახელიც კი შეარქვეს (დ’ორო ინ ლივიდი - "ოქრო ლურჯებში”).
ადრეული წლები
ერთი წლის შემდეგ "ინტერი” უკვე საკმაოდ წარმატებით უწევდა კონკურენციას ადგილობრივ ბობოლა კლუბებს. 1909-10 წლების სეზონში ნერიაძურიმ იტალიის პირველი გუნდის წოდება მოიპოვა. გათამაშების დასრულების შემდეგ, შავ-ლურჯებსა და "პრო ვერჩელის” ერთნაირი რაოდენობის ქულები ჰქონდათ მოგროვებული. დაინიშნა დამატებითი მატჩი, რომლის თარიღზე გუნდები კარგა ხანს ვერ შეთანხმდნენ. საქმე იმაში იყო, რომ 1910 წლის 24 აპრილს "პრო ვერჩელის” ოთხი წამყვანი ფეხბურთელი ჯარში გაიწვიეს და კლუბის უფროსები იძულებულნი გახდნენ, პროტესტის ნიშნად, მილანელთა წინააღმდეგ შეხვედრაში 14-16 წლის ბიჭები გამოეყვანათ. საკვირველია, მაგრამ ამ უწვერულმა ჭაბუკებმა მრიხსანე მეტოქეს სამი გოლი მაინც გაუტანეს, თუმცა საკუთარ კარში ბევრად მეტი მიიღეს. შეხვედრა 10:3 დასრულდა და "ინტერმა” პირველი ტიტულიც ჩაიხუტა.
შემდეგი სკუდეტო გუნდმა ზუსტად ათი წლის შემდეგ მოიპოვა. სეზონის ფინალში ბოლონიაში ერთმანეთს "ინტერი” და "ლივორნო” დაუპირისპირდნენ. მატჩი მილანელებმა მოიგეს 3:2. 1926 წელს ნერიაძურის რიგებში გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე გახდა არამარტო ამ კლუბის ისტორიაში, არამედ მთელს იტალიურ ფეხბურთში. საუბარია ჯუზეპე მეაცაზე, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა კალჩოში. მასზე უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ”ინტერის” პირველი მწვრთნელი და კაპიტანი ვირჯილიო ფოსატო გახლდათ, რომელმაც გუნდს 1910 და 1920 წელს ორი სკუდეტო მოაგებინა და შეეძლო გუნდისთვის უფრო მეტი სარგებელის მოეტანა, თუმცა პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს, იტალიისა და ავსტრიის არმიათა შორის ბრძოლაში სადაც გმირულად დაიღუპა.
20 -იანი წლების ბოლოს და 30-იანების დასაწყისში იტალიაში ფაშისტების ხანა დადგა და ეს "ინტერსაც” შეეხო. კლუბი იძულებული გახადეს "მილანეზეს” შეერთებოდა. ამით, ბენიტო მუსოლინიმ თავიდან მოიშორა ეს ფაშისტებისთვის მეტად არასახარბიელო სახელის მქონე გუნდი. ამრიგად ნერიაძურის სახელიც გადაერქვა და იმ დროს "ამბროზიანად” იწოდებოდა. გარდა ამისა, შეიცვალა საკლუბო ფერებიც, შავ-ლურჯი თეთრ-წითლად გადაიქცა. უმაღლეს ლიგაში გამონთავისუფლებული ერთი ადგილი კი ჩინოვნიკებმა "ფიუმანის” გადაულოცეს, რომელიც სახელშეცვლილი სლოვენიური "რიეკა” იყო. ეს ნაბიჯი ბალკანელთა "იტალიიზაციისთვის” და გაფაშისტებისთვის იქნა გადადგმული.
30-40-იანები
1931 წელს კლუბის სათავეში მოვიდა "გენერალ პო”-ს მეტსახელით ცნობილი ფერნანდო პაცანი. პრეზიდენტმა რაც პირველი გააკეთა, ის იყო, რომ გუნდის სახელწოდება შეცვალა და "ამბროზიანა-ინტერი” დაარქვა. ასევე შეიცვალა საკლუბო ფერებიც, თეთრწითელი გუნდი ისევ შავ-ლურჯად გადაიქცა. იმ პერიოდში იტალიაში სულ სხვა გუნდები ქმნიდნენ ამინდს, მაგრამ მიუხედავად ამისა, "ამბროზიანა-ინტერმა” მაინც მოახერხა ერთხელ პირველობა და სამჯერ მეორე ადგილზე გასვლა.
40-იან წლებში გუნდში ბრწყინავდა ჯუზეპე მეაცა, რომელიც როგორც მოგახსენეთ "ინტერის” ლეგენდად იქცა. 1945 წელს ჯუზეპემ ითამაშა რა ორ-ორი სეზონი "მილანსა” და "იუვენტუსში”, კარიერა დაასრულა. სერია A-ში მას 277 ჰქონდა გატანილი, საიდანაც 247 "ინტერის” მაისურით შეუგდო მეტოქე კიპერებს. ქალაქი მილანი მას არასდროს დაივიწყებს, რისი ნიშანიც იყო "სან სიროზე” მესამე იარუსის მიმატება, რომელსაც თავიდან ჯუზეპე მეაცას სახელი მიეცა, ხოლო შემდგომში ამ ფეხბურთელის საპატივცემულოდ, მისი სახელი და გვარი მთელს არენას ეწოდა. 1990 წლის მუნდიალისთვის სტადიონმა რეკონსტრუქცია განიცადა და ამჟამად 85 ათას მაყურებელს იტევს.
50-იანები
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კლუბმა საბოლოოდ შეიცვალა სახელწოდება და ისევ "ინტერნაციონალე” დაერქვა. ამიერიდან მილანური გუნდი მთელს იტალიაში ახალი ტაქტიკური ნოვაციების დანერგვის პიონერად იქცა. 1953 წელს "ინტერმა” მორიგი სკუდეტო მოიგო. გუნდის მთავარი მწვრთნელი ალფრედო ფონი გახლდათ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თამაში ლიბეროთი. ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს იმ დროს თავისუფალ მწმენდავსაც ეძახდნენ. აღნიშნული სიახლის წყალობით, 1953-54 წლების სეზონში ნერიაძურიმ სერია A-ში იმ გუნდზე ორჯერ ნაკლები გოლი გაუშვა, რომელიც მეორე იდგა ამ მაჩვენებლით. მომდევნო სეზონში "ინტერი” მერვე ადგილზე გავიდა, რასაც კლუბის პრეზიდენტის - კარლო რინალდო მასერონეს გადადგომა მოყვა. მის ადგილზე ლეგენდარული ანჯელო მორატი დაინიშნა, რომელიც იმ დროისთვის იტალიის უმსხვილესი ნავთობკომპანიის მფლობელი იყო. სწორედ ამ ადამიანის ხელში გახდა "ინტერი” მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. უნდა აღინიშნოს, რომ 50-იანი წლების ბოლოს კლუბი მთლიანად გადავიდა მორატების ოჯახის მფლობელობაში, რომელსაც ანჯელო, ერმინია, ადრიანა, ჯანმარკო, მასიმო, ბედი, ჯოა და ნატალინო მორატები შეადგენდა. 1957 წელს შავ-ლურჯთა რიგებში არგენინელი თავდამსხმელი ანტონიო ვალენტინ ანხელილო ჩაირიცხა, რომელმაც იმ სეზონში სერია A-ში 33 გოლი გაიტანა. ეს მიღწევა მას შემდეგ ვერავინ გააუმჯობესა და ვერც გაიმეორა. 1960-61 წლებში "ინტერი” ახლოს იყო კიდევ ერთი სკუდეტო მოეპოვებინა, მაგრამ დასკვნითი შეხვედრა კალჩოს მამებმა გაუგებარი მიზეზების გამო გადაათამაშებინეს და პროტესტის ნიშნად, შავ-ლურჯებმა "იუვენტუსს” დუბლ-შემადგენლობიდან 17-18 წლის დაუპირისპირეს და სასტიკადაც დამარცხდნენ - 1:9. მილანელთაგან ერთადერთი გოლი ჯეელმა სანდრო მაცოლამ გაიტანა, რომელმაც მამის (წარსულში ცნობილი "ტორინოს” ფეხბურთელი) გარდაცვალების შემდეგ კარიერის გაგრძელება "ინტერში” გადაწყვიტა და ჯუზეპე მეაცას დარად, კლუბის ლეგენდად იქცა.
ოქროს ხანა
ანჯელო მორატი ნერიაძურის გასაძლიერებლად არანაირ ძალიასხმევას არ იშურებდა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. აპენინებზე პირველი მენავთობე დაუღალავად ყიდულობდა ვარსკვლავ ფეხბურთელებს და თითქმის ყოველ ექვს თვეში ერთხელ ცვლიდა მწვრთნელებს, მაგრამ ამით "ინტერი” მხოლოდ უმნიშვნელო გამარჯვებებამდე მიდიოდა. თუმცა მალე სიტუაცია შეიცვალა. ამბიციურმა პრეზიდენტმა "ბარსელონადან” არგენტინელი სპეციალისტი ელენიო ერერა გადმოიბირა. მაშინ ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობმა მწვრთნელმა გუნდის წმენდას მიჰყო ხელი. ერერამ შვედი სკოგლუნდის, ანხელინოს, ფირმანისა და მრავალი სხვას სახით ბალასტი მოიშორა და მათ ადგილას ახალგაზრდა და პერსპექტიული ფაკეტი, სუარესი, კორსო, პიკი და გუარნიერი მოიყვანა. შემდეგ რევოლუციონერმა მწვრთნელმა გუნდის ტაქტიკური სქემისთვისაც მოიცალა და დაცვაში 5 მცველი დააყენა. შედეგად, "ინტერის” კონტრშეტევები აბსოლუტურად ყველა გუნდისთვის მომაკვდინებელი გახდა. შავ-ლურჯთა რიგებში ბრწყინავდა სწრაფი სანდრო მაცოლა, რომელიც რამდენჯერმე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც კი გახდა. ამ სათამაშო სისტემით ნერიაძურიმ ოთხ წელიწადში სამჯერ შეძლო სკუდეტოს მოპოვება. ახლოს იყო მეოთხესთანაც, მაგრამ ჩემპიონთა თასის ფინალში "რეალთან” გამარჯვების შემდეგ, სამიოდე დღეში "ბოლონიასთან” დანიშნულ გადათამაშებაში ძალების აღდგენა ვეღარ მოახერხა და მატჩი დათმო. არადა, "ინტერს” ტიტულის მოგება დამატებითი მატჩის გარეშეც შეეძლო. სეზონის შუაწელს, ”ბოლონიას” ერთბაშად შვიდი ფეხბურთელი დოპინგ-სკანდალში გაეხვა და ერთი პირობა, კლუბისთვის ქულებიც უნდა ჩამოეკლოთ, მაგრამ შემდეგ ეს აურზაური გაუგებარი მიზეზების გამო მიწყნარდა.
მომდევნო სეზონში ”ინტერი” ორივე ფრონტზე ბრწყინავდა. ჩემპიონთა თასის ფინალში იტალიელებმა ლეგენდარული ეუსებიოს ”ბენფიკა” გააკრეს ბეჭებზე. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ბრაზილიელმა ჟაირმა გაიტანა და ნერიაძურის ჯერჯერობით უკანასკნელი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტიტული მოუტანა. ტურნირი კი შავ-ლურჯებმა ბუქარესტის ”დინამოს” განადგურებით დაიწყეს (6:0; 1:0). მეოთხედფინალში შოტლანდიურ ”რეინჯერსს” ორი მატჩის ჯამში 3:2 სძლიეს (3:1; 0:1), ხოლო ნახევარფინალში ”ლივერპულთან” პირველი მატჩის 1:3-ზე წაგების შემდეგ, ინგლისელებს შინ 3:0-ზე გადაურბინეს და ასე გავიდნენ ფინალში. რაც შეეხება შინაურ პირველობას, აქ ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურებამდე გაურკვეველი იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც ”ინტერმა” იმარჯვა და თანაქალაქელი ”მილანი” 3 ქულით ჩამოიტოვა. მომდევნო წელს ნერიაძურიმ ანალოგიურ სტილში მოიგო სერია A, ჩამოიტოვა რა იმ ხანებში სოლიდურ დონეზე მოთამაშე ”ბოლონია”. ეს გახლდათ შავ-ლურჯთა მეათე საჩემპიონო ტიტული, რომელმაც მათ უფლება მისცა მოგვიანებით მაისურზე ერთი ოქროსფერი ვარსკვლავი ამოექარგათ. ამ სეზონშივე ”ინტერი” ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ტურნირის მომავალ გამარჯვებულ მადრიდის ”რეალთან” ორმატჩიანი დუელი 1:2-ზე დათმო. კიდევ ერთი წლის შემდეგ ნერიაძური კვლავ აღმოჩნდა ჩემპიონთა თასის ფინალში, თუმცა იტალიელებს არ ამ ჯერზე გაუმართლათ და გლაზგოს ”სელტიკთან” მატჩის სტრატზე მაცოლას მიერ დაწინაურებულებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. შედეგად მეორე ტაიმში ორი უპასუხო ბურთი მიიღეს სკოტებისგან.
დაღმასვლა
წარმატებულ წლებს როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჩავარდნა მოჰყვა. 1980 წლამდე ”ინტერმა” მხოლოდ ერთხელ მოახერხა ჩემპიონობა, ერთხელ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც ლეგენდარული იოჰან კრუიფის ”აიაქსთან” 0:2-ზე დამარცხდა. ორივე გოლი ”მფრინავმა ჰოლანდიელმა” გაიტანა. 70-იანებში ნერიაძურის მუზეუმი იტალიის თასითაც შეივსო. ეს იყო და ეს. მორიგი აღმასვლა გუნდს 80-იანების ბოლოს დაეწყო, როდესაც გუნდს სათავეში ყველასათვის ცნობილი ჯოვანი ტრაპატონი ჩაუდგა. იტალიელმა სპეციალისტმა პირველი რაც გააკეთა, გუნდში უძლიერესი გერმანელი ფეხბურთელები - ანდრეას ბრემე, ლოთარ მათეუსი და კარლ ჰაინც რუმენიგე მიიწყვია, თუმცა ეს უკანასკნელი შავ-ლურჯებიდან 3 წელიწადში აბარგდა და არ მოუწია 1988-89 წლების ტრიუმფი, როცა ”ინტერმა” ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეძლო ჩემპიონობა. ყველას ეგონა, რომ ტრიუმფალური სვლა კიდევ გაგრძელდებოდა, თუმცა მოხდა ის, რაც ნერიაძურის გულშემატკივრებს ყველაზე კოშმარულ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდათ: მოულოდნელად კლუბის მესვეურებმა პოსტი დაატოვებინეს ჯოვანი ტრაპატონის და მომდევნო ტიტულამდე ტიფოზებს მთელი 17 წელი მოუხდათ ლოდინი. მართალია 2006 წლამდე შავ-ლურჯებმა სამჯერ მოიგეს უეფას თასი (1991-ში ”რომასთან” 2:1, 1994-ში ”ზალცბურგთან” 2:0 და 1998-ში ”ლაციოსთან” 3:0), მაგრამ ეს ნერიაძურის დარი გრანდისთვის ზღვაში წვეთი გახლდათ.
უძრაობის ხანა
მიუხედავად ამ ევრო-ტიტულებისა, 90-იანი წლები ყველაზე უიღბლო პერიოდად ითვლება ”ინტერის” საუკუნოვან ისტორიაში. ნერიაძურის პრეზიდენტები, ჯერ ერნესტო პელეგრინი, შემდეგ კი მასიმო მორატი ათეულ მილიონობით აშშ დოლარს არ იშურებდნენ გუნდის გასაძლიერებლად, ნაყიდი იქნა რონალდო, ივან სამორანო, ნვანკვო კანუ, რობერტო ბაჯო, კრისტიან ვიერი და მრავალი სხვა, თუმცა სეზონის ბოლოს სერია A-ს ტრიუმფატორი ან ”მილანი” ხდებოდა ანაც ”იუვენტუსი”. განსაკუთრებით ამ უკანასკნელის მოგებები იყო საეჭვო, რადგანაც 2003-04 წლებში ”ბებერი ქალბატონის” ექიმის, რიკარდო აგრიკოლას აღიარებით, იგი მთელი ამ წლების განმავლობაში ფეხბურთელებს გამარჯვებებში დოპინგით ეხმარებოდა. მოგვაინებით ამის გამო გრანდიოზული სკანდალიც აგორდა, თუმცა 90-იანების ცოდვები ”იუვეს” არავინ მოჰკითხა. სამაგიეროდ, ტურინელთა მთავარსარდალს ლუჩანო მოჯის ცოდვებმა რამდენიმე წლის შემდეგ უწია, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე გამოსარჩევია 1999 წელს მასიმო მორატის მეტად უჩვეულო გადაწყვეტილება, დაითხოვა რა გუნდიდან ”წლის მწვრთნელად” აღიარებული ლუიჯი სიმონი. მის ნაცვლად გუნდი მომდევნო სეზონის დასაწყისში მარჩელო ლიპიმ ჩაიბარა, თუმცა ამ შუალედში მილანელებს რუმინელი მირჩა ლუჩესკუ თავკაცობდა, რომლის ხელშიც შავ-ლურჯები ”მანჩესტერთან” მეტად ფეერიულ ბრძოლაში ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ. ლიპის ხელში ”ინტერმა” ღირებულს ვერაფერს მიაღწია, მეტიც, სწორედ ”იუვეს” ყოფილი მწვრთნელის დამსახურება გახლდათ გუნდიდან რობერტო ბაჯოს წასვლა, რომელთანაც ძველი მტრობა აკავშირებდა. შედეგად ვიარეჯოელი სპეციალისტი 2000-01 წლების სეზონის სტრატზევე მოხსნეს თანამდებობიდან და მის ნაცვლად წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მარკო ტარდელი დანიშნეს, რომელსაც გუნდისთვის ექტორ რაულ კუპერის დანიშვნამდე უნდა ეთავკაცა. სწორედ ტარდელის ხელში განიცადა ”ინტერმა” ყველაზე სამარცხვინო მარცხი მილანურ დერბიში 0:6. ამ წაგების შემდეგ კრისტიან ვიერიმ და ფაბიო კანავარომ მთელი ღამე რესტორანში გაატარეს და სიმწრის გასაქარვებლად უგონოდ დათვრნენ. ეს რომ ტარდელიმ გაიგო ფეხბურთელები აითვალწუნა და მთლიანად გუნდში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. მაისში ექტორ კუპერის მისვლამ სულზე მოუსწრო ნერიაძურის გასახდელში ”დიდი აფეთქებისგან”. არგენტინელი სპეციალისტის ხელში ლომბარდიელებმა პირველივე სეზონი დიდებულად ჩაატარეს და უკანასკნელ ტურამდე სატურნირო ცხრილსაც უდგნენ სათავეში, თუმცა 2002 წლის 5 მაისს რომში ”ლაციოსთან” 2:4 დამარცხდნენ, მაშინ როცა მათმა მდევრებმა ”იუვენტუსმა” და ”რომამ” გასვლაზე შესაბამისად ”უდინეზესა” და ”ტორინოს” სძლიეს. შედეგად, ”ინტერმა” სეზონი ბრინჯაოს მედლებით დაასრულა. სწორედ ამ პერიოდში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მომჯობინდა რონალდო, რომელმაც კორეა-იაპონიაში გამართულ მუნდიალზე გაიბრწყინა და ზაფხულშივე ”რეალში” გადავიდა. ზოგიერთები იმასაც ამბობდნენ, ბრაზილიელი კუპერთან გართულებული ურთიერთობის გამო წავიდაო, თუმცა მოგვაინებით მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც ეს ვერსია უარყვეს. 2002-2003 წლების სეზონში ”ინტერი” საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. სკუდეტოსთვის ბრძოლაში მილანელები ბოლო ტურებამდე შემორჩნენ, თუმცა საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ შავ-ლურჯებს საშინლად არ გაუმართლათ: გათამაშების ნახევარფინალში ისინი თანაქალაქელ ”მილანს” ხვდებოდნენ და ორივე შეხვედრა ფრედ დაასრულეს. მატჩი, რომელშიც ნომინალურ მასპინძლად ”ინტერი” ითვლებოდა 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრა 0:0. ერთი სიტყვით, კანონმა იკანონა და ფინალში როსონერი გავიდა. კუპერმა თავისი მესამე მილანური სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყო და დერბიში წაგების შემდეგ, ”ბრეშიასთან” ნათამაშები ფრე უკანასკნელი გამოდგა არგენტინელი მწვრთნელის ლომბარდიულ კარიერაში. მის ნაცვლად ალბერტო ძაკერონი დაინიშნა, რომელმაც გუნდს სეზონი უნიათოდ ჩაამთავრებინა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მაინც მოახვედრა. პარალელურად, ევროსეზონიც ნაადრევად, დეკემბერში დაასრულებინა (”ინტერი” ჯგუფში ჩარჩა).
ძლევამოსილი დაბრუნება
2004 წლის ზაფხულში ”ლაციოში” წარმატებული სამწვრთნელო კარიერის შემდეგ, ”ინტერში” გადაბარგდა ახალგაზრდა სპეციალისტი რობერტო მანჩინი. სწორედ მის ხელში განიცადა გუნდმა რეალური პროგრესი და ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად მებრძოლ და ტიტულების მოსაგებად გამზადებულ გუნდად. მანჩინიმ მცირე საკადრო გადაადგილებები განახორციელა: ერნან კრესპო ”ჩელსიში” გაუშვა, ხოლო მის ნაცვლად ”პარმაში” განათხოვრებული ადრიანო დაიბრუნა. გარდა ბრაზილიელისა, გუნდი გააძლიერა დეიან სნანკოვიჩმაც. მანჩოს ხელში ნერიაძურიმ ტიტულების მოგროვება ორჯერ მოგებული იტალიის თასით დაიწყო, რასაც მოყვა ”კალჩოპოლის” მეტსახელით ცნობილი გახმაურებული სკანდალი, რომელსაც პიროვნებათაგან ლუჩანო მოჯი, ადრიანო გალიანი, სერჟიო კრანიოტი და კიდევ რამდენიმე გავლენიანი ფუნქციონერი, ხოლო გუნდთაგან ”იუვენტუსი”, ”მილანი”, ”ფიორენტინა”, ”რეჯინა” და ”ლაციო” შეეწირენ. თემიდის მსახურთა გადაწყვეტილებით, ”ბებერ ქალბატონს” 2005 და 2006 წლებში მოგებული სკუდეტო ჩამოერთვა. პირველი საერთოდ გაუქმდა, ხოლო მეორე შავ-ლურჯებს გადაეცა. ამ ფაქტის გამო მასიმო მორატის თაოსნობით მილანში ნამდვილი ზეიმი შედგა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი გახლდათ. სწორედ ამის შემდეგ გაათმაგდა მტრობა ”იუვესა” და ”ინტერს” შორის. ნერიაძურის ბევრი გულშემატკივარი დღესაც იმ აზრზეა, რომ არ იყო საჭირო კაბინეტებში წართმეული სკუდეტოს ასე პომპეზურად აღნიშვნა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.
2006-07 წლებში ”ინტერმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პატრიკ ვიეირა შეიძინა, რომელთა დახმარებითაც სერია A შეიძლება ითქვას ცალი ფეხით მოიგო, რადგანაც უმთავრესი კონკურენტი ”იუვენტუსი” ქვედა ლიგაში ბურთაობდა, ხოლო ”მილანს” 8 ქულა ჰქონდა დაკლებული. ერთადერთი კონკურენტი ”რომა” გახლდათ, რომელმაც ლომბარდიელებს ღირსეული წაააღმდეგობა ვერ გაუწია და ”ინტერმაც” სკუდეტო ერთი თვით ადრე გაინაღდა. იმ სეზონში ნერიაძურიმ რამდენიმე რეკორდიც დაამყარა: ხუთი თვის მანძილზე ჩემპიონატში ზედიზედ 17 მატჩში იმარჯვა, რაც ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ხუთმა გუნდმა მოახერხა. ხოლო სეზონის ბოლოს ასევე სარეკორდო 97 ქულას მოუყარა თავი და გაიტანა ყველაზე მეტი გოლი - 80. პარალელურად გუნდი გავიდა თასის ფინალში, სადაც ”რომასთან” დამარცხდა. ამ პერიოდში მილანელებს არაფერი გამოსდიოდათ ჩემპიონთა ლიგაში. მართალია ისინი ფლე-ოფში ადვილად გადიოდნენ, მაგრამ ფინალისკენ გზას მათ ხან ”მილანი” უღობავდა, ხან ”ვილიარეალი”, ხანაც ”ვალენსია”. სამაგიეროდ ყველაფერი კარგად მიდიოდა შინაურ პირველობაზე 2007-08 სეზონში შავ-ლურჯები კვლავ მიუწვდომელნი იყვნენ და ჩემპიონის ტიტული მართალია ბოლო ტურში, მაგრამ მაინც ადვილად გაიფორმეს. რობერტო მანჩინის ”ინტერში” მოღვაწეობა ერთმნიშვნელოვნად წარმატებულად შეფასდა, თუმცა იტალიელ სპეციალისტს მაინც არ აპატიეს ევროთასებზე წარუმატებლობები და 2008 წლის 29 მაისს სკანდალური განცხადებით მანჩოს პოსტი დაატოვებინეს. გუნდის ახალი მწვრთნელის ვინაობაც მალე გაცხადდა: ეს ”პორტუსა” და ”ჩელსიში” სახელმოხვეჭილი ჯოზე მაურინიო გახლდათ. პორტუგალიელი ჩვეული ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას, თანაშემწედ წარსულში ”ინტერის” მცველი - ”მილანელი” ფრანკო ბარეზის ძმა ჯუზეპე დანიშნა და აგვისტოში პირველი ტიტულიც მოიგო, დაამარცხა რა იტალიის სუპერთასზე ”რომა”. მაურინიოს დროს გუნდში რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა. ესენი არიან სალი მუნტარი, რიკარდო კვარეზმა (რომელიც იანვარშივე გაანათხოვრეს ”ჩელსიში”), ამანტინო მანსინი და ჯეელი დავიდ სანტონი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრებში ” მანჩესტერელი” კრიშტიანო რონალდუ აბსოლუტურად გაანეიტრალა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გასაქანი არ მისცა, თუმცა ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში მაინც დასჯაბნეს იტალიელები და 2008-09 წლების სეზონში ერთი ტიტულის ამარა დატოვეს.
სტადიონი
"სან სირო
”ინტერის” საშინაო არენა მილანის სან-სორის რაიონში მდებარე სტადიონია, რომელიც ჯუზეპე მეაცას სახელობისაა. უკანასკნელად ამ სარბიელს რეკონსტრუქცია 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჩაუტარდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა, სტადიონი დღესაც იდეალურ მდგომარეობაშია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ არენაზე ”ინტერის” გარდა ”მილანიც” ასპარეზობს, შავ-ლურჯების მიერ იგეგმება ახალი ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობა, რომელიც 2012-2013 წლებისთვის იქნება მზად. ამჟამად ”სან სირო” ოფიციალურად 85.700 მაყურებელს იტევს, თუმცა VIP-ლოჟების მომრავლების გამო, ამ რიცხვმა ოდნავ დაიკლო. აღსანიშნავია, რომ სტადიონი უეფა-ს კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი.
სატიტულო სპონსორები:
Inno-Hit (1981–1982)
Misura (1982–1991)
FitGar (1991–1992)
Fiorucci (1992–1995)
Pirelli (1995–დღემდე)
შემმოსველნი:
Puma (1979–1982)
Mec Sport (1982–1986)
Le Coq Sportif (1986–1988)
Uhlsport (1988–1991)
Umbro (1991–1998)
Nike (1998–დღემდე)
კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა
პრეზიდენტი და მფლობელი მასიმო მორატი
ვიცე პრეზიდენტები ანჯელომარიო მორატი, რინალდო გელფი
გენერალური მენეჯერი მარკო ბრანკა
აღმასრულებელი მდივანი გაბრიელე ორიალი
მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩიონი
მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ჯუზეპე ბარეზი
ფიზმომზადების მწვრთნელი რუი ფარია
მეკარეთა მწვრთნელი ალესანდრო ნისტა
ტექნიკური ასისტენტი ანდრე ვილიაშ ბოაში
პეზიდენტის მდივანი მონიკა ბოლი
მთავარი ექიმი ფრანკო კომბი
ექიმი ჯორჯო პანიკო
ინტერის პრეზიდენტები:
ჯოვანი პარამიტიოტი, 1908–1909
ეტორე შტრაუსი, 1909–1910
კარლო დე მედიჩი, 1910–1912
ემილიო ჰირცელი, 1912–1914
ლუიჯი ანსბახერი, 1914
ჯუზეპე ვისკონტი დი მოდრონე, 1914–1919
ჯორჯო ულსი, 1919–1920
ფრანჩესკო მაურო, 1920–1923
ენრიკო ოლივეტი, 1923–1926
სენატორე ბორლეტი, 1926–1929
ერნესტო ტორუზიო, 1929–1930
ორესტე სიმონოტი, 1930–1932
ფერნანდო პოცანი, 1932–1942
კარლო მასერონი, 1942–1955
ანჯელო მორატი, 1955–1968
ივანო ფრაიცოლი, 1968–1984
ერნესტო პელეგრინი, 1984–1995
მასიმო მორატი, 1995–2004
ჯაჩინტო ფაკეტი, 2004–2006
მასიმო მორატი, 2006–დღემდე
ტიტულები :
იტალიის ჩემპიონი: 18
1909–10; 1919–20; 1929–30; 1937–38; 1939–40; 1952–53; 1953–54; 1962–63;1964–65;
1965–66;1970–71; 1979–80; 1988–89; 2005–06; 2006–07; 2007-08 2008–09; 2009-2010
იტალიის თასი: 6
1938–39; 1977–78; 1981–82; 2004–05; 2005–06; 2009-10
იტალიის სუპერ თასი: 4
1988–89; 2005–06; 2006–07; 2010-11
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 3
1963–64; 1964–65; 2009-10
უეფას თასი: 3
1990–91; 1993–94; 1997–98
საიტის მენიუ « დეკემბერი 2024 » ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31