მილანის ინტერის ავტორიტეტულმა იტალიელმა მცველმა
მარკო მატერაციმ რაფა ბენიტესზე გააკეთა კომენტარი.
მარკო მატერაცის "ინტერის" ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ ფეხბურთელს ნამდვილად ვეღარ ვუწოდებთ, მაგრამ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა რომაა, ცხადზე ცხადია. მის აზრს ყოველთვის განსაკუთრებული ფასი ჰქონდა და ბუნებრივია, ძალიან საინტერესოა თუ რას ფიქრობს ახალ მთავარ მწვრთნელზე. მოვუსმინოთ, მარკოს, რომელიც ძალიან საინტერესოდ საუბრობს:
"თუ როგორი პიროვნება და მწვრთნელია რაფაელ ბენიტესი, ერთი წლის შემდეგ მეცოდინება. მხოლოდ რამდენიმე კვირაა, რაც ესპანელს ვიცნობ და ასე მალე დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. ჩემი აზრით, ადამიანი რთულ სიტუაციებში უნდა გამოსცადო, ასეთი კი წინ ძალიან ბევრი გველის. როდესაც ჟოზე მოურინიო მოვიდა გუნდში, მაშინაც ვთქვი, რომ ერთი წელი მჭირდებოდა დასკვნების გასმოსატანად. პორტუგალიელთან ერთად ორი სეზონი ვითამაშე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის უნიკალური ადამიანი და ბრწყინვალე სპეციალისტია. მეტსაც გეტყვით, ჟოზე საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. ძალიან ჭკვიანურად მოიქცა მასიმო მორატი, როდესაც არჩევანი ჟოზეზე შეაჩერა. თავად განსაჯეთ, მას მოურინიოს სამსახური 18 მილიონი ევრო დაუჯდა, მადრიდის "რეალისგან" კი მწვრთნელთან ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის გამო 16 მილიონი მიიღო - გამოდის, რომ მხოლოდ ორი მილიონი ევროს სანაცვლოდ, ორი წლის განმავლობაში "ინტერს" საუკეთესო მწვრთნელი ჰყავდა მსოფლიოში".
ხომ არ იქნება ბენიტესი მოურინიოს ჩრდილში და რამდენად შეუშლის მას ხელს პორტუგალიელის ავტორიტეტი? - ამაზე მარკოს შემდეგი პოზიცია აქვს:
"რაფა სწორად მოიქცა, როდესაც განაცხადა, რომ მისი მუშაობის სტილი მოურინიოსგან რადიკალურად განსხვავდება. არავის კოპირება არ არის საჭირო, რადგან ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ბენიტესმა თავისი ხელწერით უნდა გვათამაშოს და ისე უნდა იმუშავოს, როგორც "ლივერპულში". პირადად მე, ისევე დავუდგები მხარში, როგორც მოურინიოს ვედექი. რამდენჯერაც მომიწევს მოედანზე გასვლა, იმდენჯერ დავიხარჯები ბოლომდე და ვეცდები, გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი შევიტანო. რაც მთავარია, არც მწვრთნელს და არც ფეხბურთელებს მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს".
ბენიტესთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა სამუელ ეტო'ომ და იქვე იმედი გამოთქვა, რომ რაფა შეტევის წინა ხაზზე ათამაშებს:
"ჩემი მთავარი მოვალეობა გოლების გატანაა და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შემექმნება. ბენიტესი ძალიან კარგი სპეციალისტია და ამაში უკვე დავრწმუნდი. იმედია, ცენტრფორვარდის პოზიციაზე მათამაშებს, ასე უფრო სასარგებლო ვიქნები გუნდისთვის. თუმცა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მის ფუნქციებში ნამდვილად არ ვიჭრები". ეტო'ოს კომენტარიდან ნათლად ჩანს, რომ გასულ სეზონში მისი სათამაშო პოზიციით მთლად კმაყოფილი არ გახლდათ. მოურინიო მას გარემარბად ათამაშებდა და დაცვის აქტიურად დახმარებას სთხოვდა, რისი გაკეთებაც როგორც ჩანს აღარ სურს. ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებს ეტოოს სურვილს ბენიტესი.
|