ბრემენის ვერდერის განადგურების შემდეგ, თავისი კომენტარები გააკეთეს მილანის ინტერის ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა. დიდი ანგარიშით მოგების მიუხედავად, ესპანელი თვლის, რომ "შავ-ლურჯებს" კიდევ ბევრი რამ აქვთ დასახვეწი: "ჩვენ უბრალოდ კარგად ვითამაშეთ. იყო შეხვედრები, რომლებიც უკეთაც კი ჩაგვიტარებია, მაგალითად ბარისთან. კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, მაგრამ ეს არ არის ჯერ კიდევ ის, რასაც მე მოვითხოვ ფეხბურთელებისგან." გუშინდელი თამაში იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ტრავმა მიიღო ლუსიომ და შეცვლილი იქნა, ბენიტესმა ამაზეც ისაუბრა და დაამშვიდა გულშემატკივრები: "არ ვნერვიულობ, რადგანაც ვფიქრობ სერიოზული არაფერია. თუმცა მოდით დაველოდოთ ექიმების ვერდიქტს." თავისი მოსაზრება დააფიქსირა ესტებან კამბიასომაც, რომელმაც თავისებურად გაარჩია მატჩი: "თამაში ბრწყინვალე შედეგით დავასრულეთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრემენელებს ორი საგოლე მომენტი ქონდათ. გარკვეულწილად გაგვიმართლა კიდეც. მიხარია, რომ ჩვენ თითქმის ყველა ჩვენი მომენტი გოლად ვაქციეთ." გუშინდელი დაპირისპირება იმითაც იყო გამოსაყოფი, რომ ინტერის ორ ახალწვეულს დებიუტი ჰქონდა ლიგაზე. საუბარია ლუკა კასტელაცისა და ჯონათან ბიაბინზე. იტალიელმა მეორე ნახევარში ჟულიო სეზარი შეცვალა, ხოლო ახალგაზრდა ბიაბინი სასტარტოში იყო და კოუტინიოსთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე: ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ ჩემი დებიუტით ლიგაზე. ვცდილობ შევასრულო ყველაფერი, რასაც მწვრთნელი მავალებს. ვერდერთან მე ეს ყველაფერი 100 %-ით შევასრულე. ჩემპიონებთან გვერდიგვერდ თამაშით ეს ადვილი საქმეა."-განაცხადა ფრანგმა. ბოლოს კი თავისი სიტყვა თქვა საღამოს ტრიუმფატორმა სამუელ ეტო'ომ, რომელმაც ნამდვილი შოუ დადგა, არამარტო გოლების გატანით, არამედ შემდეგ მათი ზეიმობითაც: "ჩვენ გვაკლდა ძირითადის რამოდენიმე ფეხბურთელი, თუმცა ახალგაზრდებმა შესანიშნავად შეცვალეს ისინი. ჩვენი თამაში ანგარიშზეც აისახა. ამ საღამოს ჩვენ საუკეთესოები ვიყავით."
|