მილანის ინტერის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი კიევოსთან მატჩის შემდეგ მორიგი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ვერონელი გულშემატკივრები მას მთელი შეხვედრის განმავლობაში რასისტული შეძახილებით მიმართავდნენ და ეს ამ ქალაქში ყოველი ვიზიტისას მეორდება.
ბალოტელის განცხადებას მყისვე გამოეხმაურა კიევოს ხელმძღვანელობა: "ბალოტელი პროფესიონალია და უნდა ესმოდეს, რომ ფანატები მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს ყოველთვის დაუსტვენენ, მითუმეტეს, თუ ის მათი გუნდის კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორია. ასე მოხდა ამჯერადაც, თუმცა რასიზმის გამოვლინების მსგავსიც კი არაფერი ყოფილა და მათთვის ამის დაბრალება უსინდისობაა. ეს ის თემაა, რომელსაც ყველა გუნდი უნდა ებრძოლოს და ამ მხრივ კიევო" სამაგალითობაზე აცხადებს პრეტენზიას, ჩვენს გუნდში ხომ არაერთი შავკანიანი თამაშობს, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
|