გასული სეზონის ერთ-ერთი ტრიუმფატორი დიეგო მილიტო წელს ჯერჯერობით ვერ აჩვენებს იმ საჩემპიონო თამაშს, რომელსაც მისგან ითხოვენ და მიეჩვივნენ. ამის გამო არგენტინელს ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ვერავინ პოულობს პასუხს კითხვაზე თუ რატომ ვეღარ იტანს იგი გოლებს. კრიტიკოსთა უმეტესობის აზრით, მიზეზი ჟოზე მოურინიოს წასვლაა. ისინი მიიჩნევენ, რომ პორტუგალიელი ტაქტიკოსი მილიტოს წარმატებული თამაშის სავიზიტო ბარათი იყო. ამის შემდეგ გავიდა დრო და მოურინიომ თავი მადრიდის რეალში ამოყო. ხშირად იწერებოდა, რომ მის გზას ჩვენი სტატიის გმირიც გაიზიარებდა, თუმცა საბოლოოდ მილიტო დარჩა "ნერიაძურიში" და კვლავ შეპირდა ქომაგებს ბევრი გოლის გატანას, მაგრამ ამჯერად უკვე რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობის ქვეშ. ესპანელის მოსვლით გუნდში თითქმის ყველაფერი შეიცვალა, შემადგენლობის გარდა. ფაქტია, რომ ბენიტესს არ სურს ექსპერიმენტების ჩატარება გუნდში, რომელიც საათივით აწყობილი იყო მის მოსვლამდე. ახლა პრესაში იწერება, რომ მილიტოს წარუმატებელი თამაში კონფლიკტის ბრალია, რომელიც წარმოიშვა მასსა და ბენიტესს შორის, თუმცა ამას ორივე მხარე უარყოფს: "მე ვესაუბრე მილიტოს და ჩვენ შორის ცუდი არაფერია. იგი ბევრს შრომობს და მე მჯერა, რომ მალე კვლავ დაიბრუნებს ძველ ფორმას. რაც ყველაზე მთავარია, ამ ფეხბურთელს გოლის გატანის უდიდესი ალღო და სურვილი აქვს"-განაცხადა ესპანელმა. ფერნანდო იდალგომ (მილიტოს აგენტმა) კი ფაქტიურად იგივე განაცხადა.
|