1999 წელს, აველიანედის "რასინგში” დებიუტის შემდეგ დიეგო მილიტო რეგულარულად ამწუხრებდა მეტოქე გუნდის მეკარეებს, ერთხელ თითქმის "ოქროს ბუციც” მოიგო, მაგრამ ევროპის ტოპ–კლუბებს მისთვის ყურადღება ძალიან დიდხანს არ მიუქცევიათ, მილანის "ინტერმა” არგენტინელი თავდამსხმელი მხოლოდ 29 წლის ასაკში მიიწვია. რატომ? ამაზე პასუხი ისევ ამ გუნდებს უნდა მოვთხოვოთ, დაგვეთანხმებით, დისკოთეკაზე მყოფი ძალიან ლამაზ, მაგრამ მორცხვ და კუთხეში მდგარ გოგონას თუ ვერ შეამჩნევთ, ეს ამ გოგონას ბრალი ყველაზე ნაკლებადაა.დიეგო მილიტოც (მამამ ეს სახელი ლეგენდარული მარადონას საპატივსაცემოდ დაარქვა) არასდროს ჩნდებოდა ხმაურიან წვეულებებზე, ინტერვიუებს ძალიან იშვიათად იძლეოდა კონტრაქტში ბევრ ნულებს არასდროს ითხოვდა. ახლაც კი, როცა "ნერაძურის” წამყვან ფორვარდად ითვლება, ანაზღაურების სახით წელიწადში მხოლოდ 3 მლნ ევროს იღებს. შედარებისთვის, თავდასხმის ხაზში მისი პარტნიორის, სამუელ ეტოოს ხელფასი 10.5 მილიონს შეადგენს.
გასული წლის ნოემბერში, La Gazzetta dello Sport–ის ჟურნალისტმა მილიტო ბრაზილიელ რონალდოს შეადარა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი "ინტერში” სხვადასხვა გზით მოვიდნენ და სათამაშო სტილითაც საკმაოდ განსხვავდებიან, "ნერაძურული” კარიერის პირველ თვეებში ასეთი ფურორი ვერც ადრიანომ, ვერც იბრაჰიმოვიჩმა და ვერც ვიერიმ მოახდინეს. საწყის 14 ტურში გატანილ 9 გოლზე უკეთესი შედეგი მხოლოდ "ინტერის” 50–იანი წლების უნგრელ ფორვარდ იშტვან ნერშს ჰქონდა.
მიმდინარე სეზონში ის სერია A–ს ერთ–ერთი საუკეთესო ბომბარდირია და რაც ყველაზე მთავარია, გოლები ყველა ტურნირზე გააქვს, ამასთან არც საგოლე გადაცემების რაოდენობით ჩამორჩება გუნდის ნახევარმცველებს და საბოლოო ჯამში, სრულიად სამართლიანად იბრძვის გუნდის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელის წოდების მოსაპოვებლად. სულ მის ანგარიშზე იტალიის პირველობაზე გამართულ 59 შეხვედრაში გატანილი 42 გოლია. თუ "ინტერის” ტიფოზები ჟოზე მაურინიოს ამ ზაფხულს გუნდიდან ზლატან იბრაჰიმოჩის გაშვებისთვის აკრიტიკებდნენ, მილიტოს ფენომენალურმა შედეგმა ისინი პორტუგალიელის გადაწყვეტილების სისწორეში საბოლოოდ დაარწმუნა.
დიეგოს გუნდში მოსვლის შემდეგ მილანელები ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდნენ. ადრე "ნერაძურის” მთელი შეტევითი პოტენციალი ადრიანოზე, ხოლო შემდგომ იბრაჰიმოვიჩზე გახლდათ დამოკიდებული. ამჟამად კი დიეგო–ეტოოს ბრწყინვალე ტანდემს მხარი უესლი სნეიდერმაც აუბა და "ინტერის” თამაშიც ბევრად უფრო სანახაობრივი და რაც მთავარია, შედეგიანი გახდა.
დიეგო, ისევე როგორც მისი ძმა გაბრიელი, რომელიც "ბარსელონას” ღირსებას იცავს, პირველი საფეხბურთო ნაბიჯები მშობლიურ ქალაქ ბერნალში, ბუენოს–აიერესის გარეუბანში გადადგა. შემდეგ იყო "რასინგი”, რომელშიც ხუთი სეზონი გაატარა და გუნდი ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა, თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რამაც ორივე ძმას გეზის ევროპისკენ აღება გადააწყვეტინა.მათი მამა, ხორხე, ერთ მშვენიერ დღეს სახლისკენ ავტომობილით მიემგზავრებოდა, როცა რამდენიმე ნიღბიანმა გააჩერა, გაიტაცა და გამოსასყიდის სახით 500 ათასი დოლარი მოითხოვა. ცნობილი ფეხბურთელების ოჯახის წევრებზე თავდასხმა არგენტინაში იშვიათი შემთხვევა ნამდვილად არაა და სამწუხაროდ, დიეგოც ამ ტერორის მსხვერპლი გახდა. მოლაპარაკების შედეგად მოთხოვნილი თანხა 100 ათასამდე შემცირდა, ფეხბურთელებმა გამოსასყიდი გადაიხადეს და აგენტებს სასწრაფო წესით ევროპული კლუბების ვარიანტების ძებნა დაავალეს. ასე აღმოჩნდა დიეგო ძველ კონტინენტზე.
თუ მის ძმას, გაბრიელს თავიდანვე მადრიდის „რეალი" ეპატიჟებოდა (ეს ტრანსფერი „რეალის" სამედიცინო შტაბის, როგორც შემდგომ გაირკვა, მცდარი დასკვნის გამო ჩაიშალა, საქმე მილიტოს ვითომდა ქრონიკულ ტრავმას ეხებოდა), საბოლოოდ კი „სარაგოსაში" აღმოჩნდა, დიეგოთი მხოლოდ სერია B-ს „ჯენოა" დაინტერესდა.
გენუური კლუბის ექსცენტრიული პატრონის, ენრიკო პრეციოზის მეცადინეობით მილიტო როგორც იქნა მისთვის სასურველ პოზიციაზე, თავდასხმის ცენტრში განამწესეს და არც შემცდარან, მილიტოს გოლი თითქმის ყველა მატჩში გაჰქონდა, ის თითქმის მზად იყო, სერია A–ს რომელიმე გრანდის მაისური მოერგო, რომ „ჯენოაში" სკანდალი მოხდა.
იტალიაში დღემდე ვერ აუხსნიათ, რამ აიძულა პრეციოზი 2004/05 წლების გათამაშების უკანასკნელი ტურის, მისთვის არაფრისმომცემი შეხვედრა გაერიგებინა, თუმცა ფაქტია, რომ „ჯენოა" ამ სკანდალის გამო სერია C–ში დააქვეითეს და მისმა წამყვანმა მოთამაშეებმაც ახალი გუნდის ძებნა დაიწყეს. ცხადია, ჩაძირულ გემზე დიდხანს გაჩერებას არც მილიტო აპირებდა, მან ხომ უკვე იგრძნო, რამხელა მწვერვალების მიღწევა შეეძლო თავისი ფენომენალური საგოლე ალღოს მეშვეობით და ძმის მსგავსად, „სარაგოსას" მიაშურა.
„სარაგოსა" იმ დროისთვის კარგი, მაგრამ არასტაბილური გუნდი იყო. დღემდე ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ახსოვს 2006 არაგონელების მიერ მადრიდის „რეალის" 6:1–ზე განადგურება, მილიტომ ამ მატჩში პოკერი შეასრულა. დიეგოს „სარაგოსაში" მისვლის შემდეგ ყველას დაავიწყდა ზაფხულში „ვალენსიაში" გაშვებული დავიდ ვილია, არცაა გასაკვირი, პრიმერაში სადებიუტო სეზონშივე გატანილი 15 გოლით იმ დროს ბევრი ესპანეთში მოთამაშე ფორვარდი ვერ დაიკვეხნიდა. მომდევნო სეზონში მილიტო კიდევ უფრო გაიხსნა, 23 გოლი გაიტანა და მთელი ევროპა აალაპარაკა. იყო საუბრები იმაზეც, რომ მისით „რეალი" და „ბარსელონა" დაინტერესდნენ, მაგრამ საუბრები საუბრებადვე დარჩა…
სამაგიეროდ, ფორვარდის შენარჩუნებაზე ზრუნვა „სარაგოსას" ბოსებმა დაიწყეს და კონტრაქტის 2012 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზეს, მაგრამ მილიტომ გუნდის დატოვება არჩია, მესამე პრიმერულ სეზონში 15 გოლის გატანის შემდეგ არგენტინელი ფორვარდი „ჯენოაში" გადავიდა. „მე სახლში დავბრუნდი", – ამბობდა დიეგო, რომლის სანაცვლოდაც პრეციოზიმ 8 მლნ ევრო გადაიხადა, „როცა აქედან მივდიოდი, ყველას დავპირდი, რომ გენუაში ისევ მიხილავდნენ, ამიტომაც უარვყავი „ტოტენჰემის" წინადადება, რომელიც იმაზე ბევრად სარფიან კონტრაქტს მთავაზობდა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ", – ამ სიტყვებით გახსნა არგენტინელმა „ჯენოას" მაისურით გამართული პირველი პრეს–კონფერენცია.
იმისთვის, რომ ასე ნაცნობ „ლიჯი ფერარისზე" („ჯენოას" სტადიონი) გოლების გატანა გაეხსენებინა, მილიტოს დრო ფაქტობრივად არ დაჭირდა. მისი დარტყმები მიზანს ძალიან ხშირად აღწევდა, გაჰქონდა თავით, ფეხით, გაჰქონდა ლიდერებისთვის, აუტსაიდერებისთვის და რაც მთავარია, გაჰქონდა გენუურ დერბიშიც, მისმა გოლმა „ჯენოას" ცნობილ Derby della Lanterna–ში შვიდი წლის ნანატრი გამარჯვება მოუტანა. სწორედ ამ გოლის შემდეგ გახმაურდა მისი უკანასკნელი კონტრაქტის მეტად საინტერესო პუნქტი, თუ დიეგო „ჯენოას" მაისურით თავს თხუთმეტჯერ გამოიჩენდა, გენუურ კლუბს „სარაგოსასთვის" დამატებით ერთი მილიონი უნდა გადაეხადა, რატომ ამ გოლის შემდეგ? ზუსტად მე–15 აღმოჩნდა და იმიტომ…
„ეს გოლი „ჯენოას" ისტორიაში ყველაზე ძვირი აღმოჩნდა, მაგრამ თანხის გადახდა სულაც არ მენანება, მან ხომ ის „სამპდორიას" გაუტანა, თანაც მილიტოს თამაში ყველანაირ თანხაზე მაღლა დგას", – აღნიშნავდა პრეციოზი იტალიურ პრესასთან ინტერვიუში, რომელიც გასულ ზაფხულს დიდხანს უარყოფდა დიეგოს „ინტერში" გაშვების შესაძლებლობას, მაგრამ „ნერაძურის" მიერ შეთავაზები 25 მლნ ძალიან მაცდური აღმოჩნდა…
„ინტერში" ის ჩვეულად ასპარეზობას განაგრძობს, თავისუფალ დღეებს ოჯახთან ერთად ატარებს, უიქენდებზე კი მეტოქეთა მეკარეებს ამწუხრებს. ისევ გამოირჩება ცხოვრების მშვიდი სტილით და ყველანაირი სკანდალისგან თავი შორს უჭირავს. ერთხელ, როცა მილანის მაღაზიებში მეუღლესთან ერთად სეირნობისას საფულე მოპარეს, გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ ქურდს მხოლოდ დოკუმენტების დაბრუნებას თხოვდა, სანაცვლოდ კი „ინტერის" მაისურს ჰპირდებოდა, რომელზეც „ნერაძურის" ყველა ფეხბურთელის ხელმოწერა იქნებოდა. თანხა, რომელიც საფულეში იდო, ქურდს რჩებოდა. ორ კვირიანი ლოდინის შემდეგ მილიტო იძულებული გახდა არგენტინაში გამგზავრებულიყო და დოკუმენტები აღედგინა, ამ ფაქტის კომენტირებისას კი ჟურნალისტებს შემდეგი კითხვა დაუსვა: „რა იცით, როგორ სჭირდებოდა მას ის ფული? იმედი მაქვს, რომ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას მოახმარა…"
დასასრულს, მილიტოს სანაკრებო კარიერასაც შევეხოთ, პირველად, არგენტინის ეროვნულ გუნდში მან 2003 წელს ითამაშა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ცისფერი მაისურითაც ისევე ბრწყინავს, როგორც ევროპის მოედნებზე, საკლუბო დონეზე ჩატარებულ მატჩებში, მაგრამ ვინ იცის, დიდი შანსია, რომ 12 ივნისს, როცა დიეგოს 31 წელი შეუსრულდება, სამხრეთ აფრიკაში, ნიგერიის წინააღმდეგ გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდეს, მით უფრო, რომ სეზონის დასკვნით ნაწილს შესანიშნავად ატარებს, ამაში დასარწმუნებლად ალბათ „სან–სიროზე" „ბარსელონას" დამარცხებაში შეტანილი მისი ლომის წვლილიც გამოგვადგება!
კარიერა (2010 წლის 4 აპრილის მდგომარეობით) სეზონი კლუბი მატჩი გოლი 1999-2004 რასინგი 137 34 2004-2005 ჯენოა (სერია B) 59 33 2005-2008 სარაგოსა 108 53 2008–2009 ჯენოა (სერია A) 31 24 2009- ინტერი 28 18
|