გუშინ, ჟურნალისტებმა "ინტერის” საწვრთნელ ბაზაზე გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი გამოიჭირეს და კითხვების კორიანტელი დააყარეს.
- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ნერიაძური ამჟერად მაინც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას?
- ბიჭები ისეთი შემართებით ვარჟიშობენ, ყველაფერი გამოუვათ. რაც მალე დავივიწყებთ გასულ წარუმატებელ სეზონს, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის.
- გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროცესი?
- აჩქარება კარგს არაფერს მომიტანს და მხოლოდ მაშინ შევუერთდები თანაგუნდელებს, როცა ვიგრძნობ, რომ სათამაშოდ ასი პროცენტით მზად ვარ. პატარა ბიჭი აღარ გახლავართ და ვიცი, რამდენად რთულია მძიმე ტრავმის შემდეგ ძველებური კონდიციების აღდგენა, მაგრამ საკუთარი თავის იმედი რომ არ მქონდეს, კარიერას მშვიდად დავასრულებდი.
- ვალტერ მაცარიზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- უმაღლესი დონის სპეციალისტია, რომელსაც საქმის კეთება არავისგან ესწავლება. სანამ დონ ვალტერი ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნებოდა, მასიმო მორატი მასზე აზრს დამეკითხა და როცა ვუთხარი, რომ მაცარიზე იდეალურ კანდიდატურას ვერსად მოძებნიდა, დაუყოვნებლივ წამოიწყო "ნაპოლის” დამრიგებელთან მოლაპარაკებები.
- მაცარი ცოტა ემოციური ადამიანი ჩანს...
- ვფიქრობ, უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოსაყალიბებლად სწორედ მისნაირი ტემპერამენტის მქონე სპეციალისტია საჭირო. მერწმუნეთ, ტიფოზებს სანერვიულო არაფერი ექნებათ და "ინტერი” შარშანდელისგან აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი რომ იქნება, ამაში სერია A-ს საწყის ტურებშივე დარწმუნდებით.
- სეზონის სტარტი ყველაზე რთული იქნება?
- მართალი ბრძანდებით, მაგრამ წინასასეზონო შეკრება იმდენად კარგად მიმდინარეობს, ფეხბურთელებს არც ჩემპიონატის დასაწყისში და არც მისი მიმდინარეობისას არანაირი პრობლემები არ შეექმნებათ.
- მიზანი სკუდეტოს მოგება?
- აპრილამდე თუ ლიდერთა შორის ვიქნებით გარეული და უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, სეზონი წარმატებულად ჩაითვლება.
- როდემდე აპირებთ ფეხბურთის თამაშს?
- ახლა ჩემი მთავარი მიზანი მალე გამოჟანმრთელება და თანაგუნდელების დახმარებაა. ერთი წლის შემდეგ შევხედავ, სიტუაციას ავწონ-დავწონი და თუ ფიზიკური კონდიციები ხელს შემიწყობს, თამაშს გავაგრძელებ.
- ამერიკის შეერთებულ შტატებში კარიერის გაგრძელებაზე არასოდეს გიფიქრიათ?
- არასოდეს, რადგან "ინტერს” ისეთ პატივს ვცემ, რომ მისი დატოვება აზრადაც არ მომსვლია. ამას ისიც ემატებოდა, რომ კლუბის ხელმძღვანელებიდან მუდამ დიდ თანადგომას ვგრძნობდი და მათ ჩემი თავიდან მოშორება არასოდეს უცდიათ.
|