საღამოს, მილანში, კერძოდ ჯუზეპე მეაცას სახელობის მოედანზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და შეიძლება ითქვას ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს ადგილობრივი ინტერი და ლონდონის ჩელსი დაუპირისპირდებიან. ოთხშაბათს ფეხბურთის გულშემატკივარი სერია "ა"–ს და პრემიერ ლიგის ორი საუკეთესო გუნდის შერკინებას იხილავს, ეს მატჩი მთელს პლანეტაზე უდიდეს ინტერესს იწვევს.
მილანის ინტერი სერია ა–ს დამსახურებული ლიდერი და სკუდეტოს დაუფლების მთავარი ფავორიტია... ეს ყველაფერი იტალიაში, მაგრამ ევროტურნირებზე ნერაძურას ძალიან უჭირს, ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, რომ მილანური გრანდი ხშირად აქცენტს საკუთარ ჩემპიონატზე აკეთებს და ჩემპიონთა ლიგას ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ეს ერთი ვარიანტია, მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც, შეიძლება ასეც ითქვას – ინტერი იმდენად ძლიერი არასდროს ყოფილა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი დაესაკუთრებინა. მაურინიოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სკანდალურად გადალახა, მილანელებმა ყველა მატჩი არასტაბილურად ჩაატარეს, მაგრამ ბოლო, შემდეგ ეტაპზე გამსვლელ თამაშში ნერაძურას მოთამაშეებს მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებიათ... ეს ყველაფერი შეიძლება მაურინიოს ანდაც ფეხბურთელების 'ზარმაცობის' შედეგი იყოს.
ახლო წარსულს თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ინტერს ინგლისურ გუნდებთან დაპირისპირება ძალიან უჭირს და მათ დაძლევას ფატიურად ვერ ახერხებს. ჯერ იყო და 2007|08 წლების სეზონში, რაფა ბენიტესის "ლივერპულმა" მილანელები უპირობოდ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოთიშა... შემდეგ იყო მანჩესტერ იუნაიტედი, ფერგიუსონის შეგირდებმა მაურინიოს გუნდი 2–0 დაამარცხეს და ევროპის ყვეალზე პრესტიჟული ტურნირის მიღმა დატოვეს. ასე, რომ დამდეგ მატჩშიც ინგლისელთა უპირატესობას უნდა ველოდეთ.
ინტერი იტალიის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრებში არადამაჯერებლად გამოიყურება და შესაბამისად ქულებსაც ბლომად კარგავს... გასული ტურის მატჩი, პორტუგალიელი თავკაცის შეგირდებმა "სამპდორიასთან" 0–0 ითამაშეს და უახლოეს მდევარს, დედაქალაქური რომას სახით, სკუდეტოს დაუფლების შანსი შეუნარჩუნეს. ასეა, თუ ისეა ნერაძურაში ცოტა არ იყოს და არეულობაა, იტალიელებს ანჩელოტის გუნდის დამარცხება ძალიან გაუჭირდებათ.
ეს ყველაფერი ლოდნონელთა წისქვილზე ასხავს წყალს, მაგრამ არსებობს ერთი და განუმეორებელი ფაქტორი, შეგახსენებთ, რომ ინტერის ამჟამინდელი მწვრთნელი, "ჩელსის" ყოფილი დამრიგებელი ჟოზე მაურინიოა და ამ გუნდის შესაძლებლობებს ყველა ინგლისელზე კარგად იცნობს. გულშემატკივარს წინ ძალიან საინტერესო და სანახაობრივი მატჩი ელის წინ.
ლონდონის ჩელსი არის კლუბი, რომელიც ნებისმიერი ტურნირის უპირობო ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ ეს გუნდი სასურველი შედეგის მიღწევას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს... ბოლო წლების ერთ–ერთი საუკეთესო კლუბი მეტად უიღბლო გუნდი გამოდგა, ჯერ იყო და ავრამ გრანტის შეგირდებმა 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა, თანამემამულე მანჩესტერ იუნაიტედთან პენალტების სერიაში წააგეს, შემდეგ წელს კი კატალონიის ბარსელონასთან მსაჯისა და უდიდესი უიღბლობის გამო ის მატჩი გუუს ჰიდინკის გუნდმა 1–1 ითამაშა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპს გამოეთიშა. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ახლა ჯერი კარლო ანჩელოტიზეა...
გასულ წელს ლონდონელებმა ვერც პრემიერ ლიგის მოგება მოახერხეს, ჰიდინკის დამოძღვრილი გუნდი კვლავ მეორე პოზიციას დასჯერდა. დღეს ლურჯები გასულ სეზონთან შედარებით უკეთ გამოიყურებიან, მაგრამ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად წინ დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევთ. ერთ–ერთი ყველაზე რთული მატჩი ლოდნონელებს ხვალ, მილანის ინტერთან დაპირისპირებაში ელით.
თუ ორივე გუნდის შესაძლებლობებს გადავხედავთ, ნათლად გამოჩნდება, რომ იტალიელებსაც და ინგლისელებსაც აქვთ გამარჯვების შანსი... მოკლედ, ყველაფერი 24 თებერვალს, ჯუზეპე მეაცას სახელობის მოედანზე გაირკვევა.
სავარაუდო შემადგენლობა (ინტერი)
(4–3–1–2) ჟულიო სეზარი, დუგლას მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ძანეტი, კამბიასო, მუნტარი, ტიაგო მოტა, სნეიდერი, ეტო'ო, მილიტო.
სავარაუდო შემადგენლობა (ჩელსი)
(4–3–3) პეტერ ჩეხი, ბელეტი, ჯონ ტერი, კარვალიო, ივანოვიჩი, მიკელი, ბალაკი, ჯო კოული, ლამპარდი, დროგბა, ანელკა.
ტოტალიზატორთა ვარაუდი
მსოფლიოს წამყვანი ტოტალიზატორების აზრით, "სან სიროზე" გასამმართი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით ჩაივლის და გამარჯვებას მასპინძლები დაისაკუთრებენ.
ინტერი 2–1 ჩელსი
|