დღეს გაიმართა "სერია ა-ს” ბოლო, 38-ე ტურის დასკვნითი შეხვედრები. ერთერთ შეხვედრაში მილანის "ინტერმა” "სიენა” დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ გახდა იტალიის საუკეთესო გუნდი. მაურინიოს გუნდმა დიეგო მილიტოს გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე და გაიფორმა იტალიის ჩემპიონის ტიტული. ბოლო ტურამდე ჩემპიონობის მიზერული შანსები ჰქონდა "რომასაც”, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ "ინტერი” ვერ მოიგებდა, ამის კი ცოტას თუ სჯეროდა. "რომამ” თავისი თამაში პირველ ტაიმშივე დაამთავრა. მათ "კიევოს” ფეხბურთელებს პირველივე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. აი "ინტერის” ფეხბურთელებს კი არ უმართლებდათ. ისინი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მათი დარტყმულები ხან მცირე მანძილით ცდებოდა კარს, ხან ძელს ხვდებოდა ბურთი, ხან კი კურჩი იდგა საიმედოდ. საბოლოოდ "ნერაძურის” უკვე მერამდენედ დიეგო მილიტომ უშველა. არგენტინელი ფეხბურთელის მიერ 57-ე წუთზე გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მატჩში. ამ გამარჯვებით "ინტერმა” დააგროვა 82 ქულა და ორი ქულით ჩამოიტოვა "ჯალოროსი”.
ეს უკვე მეორე თასია "ინტერისთვის” მიმდინარე სეზონში. მათ უკვე მოახერხეს იტალიის თასის მოგება სადაც იგივე "რომას” სძლიეს ფინალში. "ინტერს” აქვს შანსი გაიფორმოს ჰეთთრიკი, ამისათვის კი 22 მაისს "ბაიერნი” უნდა დაამარცხონ "ჩემპიონთა ლიგის” ფინალში. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს "იტნერის” არსებობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული წელი იქნება.
სიენა
კურჩი, როსი, კრიბარი (ბრანდაო, 46 წ.), ტერზი, დელ გროსო, ვერგასოლა, ეკდალი, კონდრეა (რეგინალდო, 81 წ.), გეჟალი, მაკარონე (კალაიო, 54 წ.), ჯაჯალო.
ინტერი
ჟულიო სეზარი, მაიკონი, სამუელი, მატერაცი, ძანეტი, კამბიასო, მოტა (პანდევი, 54 წ.), სნეიდერი (კივუ, 72 წ.), ბალოტელი (სტანკოვიჩი, 58 წ.), ეტო’ო, მილიტო.
გოლი: 57′ – მილიტო 0:1
გაფრთხილება: დელ გროსო, კრიბარი, ბრანდაო, კონდრეა, კივუ.
|