"ჩემი გული ორად იყოფა. ორივე გუნდში წარმატებით ვითამაშე, ამიტომ არ მინდა, რომელიმე კლუბი გამოვარჩიო”, – ამბობს არგენტინელი ერნან კრესპო "დელა მადონინას” წინ. ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ახლა 37 წლისაა, ინტერვიუ მისცა TuttoMercatoWeb-ს, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
- უპირველეს ყოვლისა, მითხარით, როგორია დერბიში თამაში?
- მშვენიერი, გასაოცარი. ორივე კლუბში მითამაშია და ვფიქრობ, ამ გუნდების ფანებისაგან პატივისცემა დავიმსახურე. როცა "დელა მადონინაში” მიწევდა თამაში, ყოველთვის ვიმარჯვებდი.
- ბალოტელის ყოფილი კლუბის ფანებთან შეხვედრა მოუწევს… - კიდევ ერთხელ ვამბობ, მოვახერხე ის, რომ ორივე გუნდის ფანებისგან პატივისცემა დავიმსახურე. შესაძლოა, ბალოტელის შემთხვევაში ასე არ იყოს, რადგან ყველაფერს თავისი მიზეზი გააჩნია.
- "ბარსელონასთან” მოგებული შეხვედრის შემდეგ, ალეგრი სტრამაჩიონზე ძლიერი სპეციალისტია? - სიმართლე გითხრათ, "ბარსელონასთან” ჩატარებულ შეხვედრაში, კარგად გამოჩნდა, რომ ალეგრი დიდებული მწვრთნელია. სტრამაჩიონი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მას ბევრი რამ აქვს სასწავლი, თუმცა ისიც კარგი სპეციალისტია. - ვინ გაიმარჯვებს დღევანდელ "დელა მადონინაში”? - ეს კითხვა დეკემბერში რომ დაგესვათ, გეტყოდით, რომ "ინტერი” გაიმარჯვებდა. თუმცა, დღეს ასე აღარაა. ბალოტელიმ "მილანი” საკმაოდ გააძლიერა. ვფიქრობ, ძალიან კარგ თამაშს ვიხილავთ.