მილანის ინტერის ფორვარდმა დიეგო მილიტომ ბოდიში მოუხადა თავისი კლუბის ქომაგებს, არა იმიტომ, რომ წელს იგი იმედებს არ ამართლებს, არამედ საუბარი გასულ ზაფხულს ეხება. წინა სეზონის ერთ-ერთი ტრიუმფატორით აქტიურად ინტერესდებოდა მადრიდის რეალი. ჟოზე მოურინიოს მისვლით კი ეს ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, თავად მილიტოც არ მალავდა სიმპატიებს "სამეფო გუნდის" მიმართ, რასაც ახლა ნანობს. არგენტინელის თქმით, რეალში გადასვლით იგი შეცდომას დაუშვებდა: "მე ბედნიერი ვარ ინტერში. მადრიდზე ფიქრი კი შეცდომა იყო და მეტი არაფერი. "ნერიაძურიმ" მე მომცა ყველაფერი, სწორედ აქ ჩამოვყალიბდი იმ ფეხბურთელად, რომელიც ახლა ვარ. შეიძლება ბევრი ტიფოზიც გავაბრაზე იმ განცხადებებით, თუმცა ახლა მე მინდა მათ დიდი ბოდიში მოვუხადო. მე მათი კლუბის ერთგული ვარ."-განაცხადა მილიტომ Inter Channel-თან საუბარში. ამჟამად არგენტინელი დაშავებულია, ტრავმა მან იაპონიასთან ამხანაგური მატჩის დროს მიიღო. მილიტოს იმედი აქვს, რომ მალე იგი დაუბრუნდება თავის "შავ-ლურჯ" მაისურს: "გამოჯამრთელებისთვის ერთ თვეზე ნაკლები დრო დამჭირდება. იმედი მაქვს, რომ მალევე ჩავდგები ფორმაში. არ მინდა მნიშვნელოვანი მატჩების გამოტოვება." ბოლო სიტყვა კი რა თქმა უნდა ლეო მესის "ინტერული მომავლის" შესახებ: "რა თქმა უნდა ეს იქნებოდა ძალიან კარგი მოვლენა, თუმცა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს შეუძლებელია. მე ვარ მესის თანაგუნდელი ნაკრებში და კლუბშიც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან გვერდიგვერდ."
|