.
მილანის „ინტერის" ახალწვეულმა, ხორვატმა მატეო კოვაჩიჩმა ისაუბრა თავის საყვარელ ამპლუაზე, თავი ბრაზილიელ კაკას შეადარა და „კიევოს" დამარცხების რწმენა გამოთქვა. სატრანსფერო ფანჯრის დროს „ინტერმა" 18 წლის კოვაჩიჩი ზაგრების „დინამოდან" გადმოიბირა. პარასკევს მოხდა მისი ოფიციალურად წარდგენა, სადაც ფეხბურთელმა აღტაცება გამოთქვა თავისი ახალი კლუბის მიმართ. „საკუთარ თავს კაკას ვადარებ. ეს საკუთარი თავით აღფრთოვანებას მანიჭებს. ჩემთვის დიდი პატივია ასეთ დიდ კლუბში ყოფნა, ვამაყობ, რომ „ინტერის" მაისური მოვირგე. მომხდარის დაჯერებაც კი მიჭირს. მე გამიმართლა, რომ კლუბში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელებიც ჩემ ენაზე საუბრობენ. იტალიური ჩემპიონატი ძალიან რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შევძლებ ადაპტაციას უახლოეს პერიოდში" – აცხადებს კოვაჩიჩი. „ინტერის" ახალწვეულმა უკვე მოასწრო „ნერაძურიში" მატჩის ჩატარება, თუმცა გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ვერ დაეხმარა „სიენასთან" მატჩში – ანდრეა სტრამოჩინის შეგირდებმა ეს მატჩი 1-3 დათმეს. „მოედნის ცენტრში თავს კომფორტულად ვგრძნობ. შემიძლია ვიმოქმედო როგორც დაცვასთან ახლოს, ასევე თავდასხმაში. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა პოზიციაზე ვითამაშებ, გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს. რაც შეეხება ჩემს დებიუტს, ის ძალიან უიღბლო აღმოჩნდა. საშინლად ვითამაშეთ ტოსკანაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, „კიევოსთან" თამაშს გამოვასწორებთ".
|