მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მაურინიო ჟურნალისტებს ესაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, ლონდონის ჩელსი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მაგრამ "ნერაძურას" ასეთი მრისხანე მეტოქის დამარცხებაც შეუძლია.
როგორც მოგეხსნებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში, ერთმანეთს ლონდონის ჩელსი და მილანის ინტერი დაუპირისპირდებიან. ლურჯების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო, რომელიც 2007 წლის ზამთარში დაკავებული პოსტიდან გაანთავისუფლეს, 16 თებერვალს საყვარელ გუნდს დაუპირისპირდება.
ლონდონში გატარებული წლები არასდროს დამავიწყდება, ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო.–განაცხადა მაურინიომ Uefa.com–თან ინტერვიუში.
წინ ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის. ჩემს გუნდს დაცვითი ტაქტიკით არ ვათამაშებ, "ჩელსის" მხოლოდ შემტევი ფეხბურთით დავამარცხებთ, სხვა შემთხვევაში შანსი არ გვექნება.
მათი პოზიცია გასაგებია, ეიფორიაში არიან და ჰგონიათ ყველას და ყველაფერს გაანადგურებენ, რაც წინ დაუხვდებათ. ლურჯები ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან, კარლო ანჩელოტის გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა. იტალიელი სპეციალისტი საკუთარ შეგირდებს ორი ტაქტიკით ათამაშებს, ერთი შემტევი 4–3–3 და მეორე დაცვითი 4–4–2.
ვფიქრობ, ანჩელოტი კარგი მწვრთნელია. მას ფეხბურთელებთან ურთიერთობა არ უჭირს, პირიქით, მათთან თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს.
ბრანისლავ ივანოვიჩი და ნიკოლას ანელკა ჩემ დროს გუნდში არ ირიცხებოდნენ. ხოლო რაც შეეხება: პეტერ ჩეხს, რიკარდო კარვალიოს, ჯონ ტერის, ეშლი კოულს, მიკაელ ესიენს, ჯონ ობი მიკელს, დროგბას, მალუდას, ჯო კოულს, კალუს და ლამპარდს ძალიან კარგად ვიცნობ, მათთან საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე და ყველა მათგანის შესაძლებლობები ზედმიწევნით კარგად ვიცი.
ყველა ლონდონელს კარგად ვიცნობ, მაგრამ ამჟამად ჩემი მთავარი მიზანი მათი დამარცხებაა. მათთან პაექრობა ჩემთვის ძალიან ადვილია, მაგრამ ადვილი იქნება ჩემი შეგირდებისთვისაც?! სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა.
მათ შესახებ ყველაფერი ვიცი, ასევე მათაც იციან ჩემს შესახებ. ვიცი როგორ უყვართ თამაში, ვიცი თუ რა მომენტში რას გააკეთებენ, მაგრამ ყვეალფერი ჩემს ფეხბურთელებზეა დამოკიდებული."–დაასრულა პორტუგალიელმა.
|