"ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი იტალიურ სპორტულ პრესას გაესაუბრა და საინტერესო კომენტარები გააკეთა. სენიორ მასიმო მხოლოდ სატრანსფერო საკითხებს შეეხო და უმჯობესია, სიტყვა პირდაპირ მას გადავცეთ...
პოულინიო ვადასტურებ, რომ პოულინიოს ტრანსფერზე აქტიურად ვმუშაობთ და შესაძლოა, შეთანხმება უახლოეს საათებში შედგეს. მარკო ბრანკა ამჟამად ბრაზილიაშია და მისგან უახლოეს ცნობებს ველოდები. "კორინთიანსი" მზადაა, შეელიოს ფეხბურთელს, დანარჩენი კი მოლაპარაკების საგანია. ბრაზილიელი ნახევარმცველი 24 წლისაა და მისი გადაბირებით გუნდს კიდევ უფრო გავაახალგაზრდავებთ.
კოუტინიო "ლივერპულთან" ყველა დეტალი შევათანხმეთ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფელიპე კოუტინიო კარიერას ინგლისში გააგრძელებს. ეს ყველასთვის კარგი იქნება, რადგან ფელიპეს უჭირს კონკურენციის გაძლება. პრემიერლიგაში მას აუცილებლად მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
ტრავმები "ტორინოსთან" შეხვედრაში "ინტერს" ორი ფეხბურთელი დაუშავდა: კრისტიან კივუ და გაბი მუდინგაი. რუმინელი იოლად გადარჩა, აი, ბელგიელმა კი მძიმე ტრავმა მიიღო. ექიმების დიაგნოზით, 31 წლის მუდინგაის მინიმუმ სამი თვე მოუწევს უქმობა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი სეზონის დიდ ნაწილს გამოტოვებს. რაც შეეხება კივუს, ის რამდენიმე დღეში დაუბრუნდება აქტიურ სპორტს.
|