სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილა მიუნხენის ბაიერნის საჩივარი უეფს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ფრანგ ნახევარმცველს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი. გერმანელთათვის სამწუხაროდ სასამართლომ ძალაში დატოვა უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება და ფრენკს მოახლოებული ლიგის ფინალის გამოტოვება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ საუბარია რიბერის მიერ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიღებულ წითელ ბარათზე. ფრანგი ლიონელ ლისანდრო ლოპესს ეუხეშა რის გამოც არბიტრმა ის მოედნიდან დაუყოვნებლივ გააძევა. ეპიზოდი პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მოხდა და რიბერიმ განმეორებითი მატჩიც გამოტოვა. ერთობ უცნაურია სადისციპლინო კომიტეტისა და სასამართლოს გადაწყვეტილება 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შესახებ. უხეშობა და გაძევება საკამათო არაა, მაგრამ 3 შეხვედრაში მონაწილეობის მიღების აკრძალვა მკაცრ გადაწყვეტილებად გამოიყურება. გერმანელთა ერთერთი არგუმენტი გასაჩივრებისა სწორედ ის გახლდათ, რომ უხეშობის მიუხედავად ლიონის ფეხბურთელს ტრავმა არ მიუღია და იმავე შეხვედრის გაგრძელებაც შესძლო.