როგორც მოგეხსენებათ გუშინდელი მადონინა 1:1 დასრულდა. მთლიანობაში მილანი მეზობლებზე უკეთ გამოიყურებოდა და რომ არა ჰანდანოვიჩის ბრწყინვალე სეივები, "როსონერი" 3 ქულას აიღებდა. ყველამ ერთხმად აღიარა სლოვენიელი კიპერის კარგი თამაში, რომელიც დღევანდელი "კოჭლი" ინტერის ერთ–ერთი ნათელი წერტილია. აღტაცებულთა შორის არის მილანის ვუნდერკინგი სტეფან ელ შაარავიც, რომელმაც მართალია ერთხელ დაამწუხრა სამირი, თუმცა მთლიანობაში მილანის თავდამსხმამ მას ვერაფერი მოუხერხა.
"პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ჰანდანოვიჩმა ბრწყინვალე სეივები გააკეთა. მე აღფრთოვანებული დავრჩი მისი თამაშით. მთლიანობაში უკეთ გამოვიყურებოდით და ალბათ მოგებაც დავიმსახურეთ, რომ არა სლოვენიელი ასეც მოხდებოდა."
შაარავიმ აგრეთვე მადონინაში გატანილ სადებიუტო გოლზე ისაუბრა, რომელიც მან ბოატენგის ეფექტური გადაცემის შემდეგ გაქვითა:
"დერბიში გოლის გატანა საოცარი მოვლენაა ფეხბურთელის კარიერაში. ეს ჩემი პირველი ბურთია მადონინაში, ისევე როგორც სკელოტოსი, რომელიც არ ჩამომრჩა ემოციურობით აღნიშვნაში. კარგი შეხვედრა იყო, რომელმაც კიდევ უფრო დაძაბა სატურნირო მდგომარეობა." –განაცხადა მილანის საუკეთესო ბომბარდირმა.
|