კვირა, 22.12.2024, 20:42
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 9 » შავ-ლურჯი ვარსკვლავთბიჭუნები
20:50
შავ-ლურჯი ვარსკვლავთბიჭუნები

მილანის ინტერის უფერული თამაშის ფონზე საინტერესოა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების პოტენციალისა და პერსპექტივის ანალიზი, რომლებმაც მყარად მოკიდეს ფეხი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. სეზონის სტარტზე ნეროაძურის გულშემატკივართა უმრავლესობა ნაკლებად წარმოიდგენდა მათ არათუ სასტარტო, არამედ გაფართოებულ შემადგენლობაში გამოჩენასაც კი. თუმცა უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელის და მცდარი სატრანსპერო პოლიტიკის შედეგად გუნდის ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდნენ:

1. ფელიპე ნატალინო.

მილანური გრანდის აღზრდილი 18 წლის მცველი, რომელსაც ძირითადად დაცვის მარჯვენა ფლანგზე ვხედავთ. ნატალინო იტალიის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის წევრი იყო, ამჟამად კი U19 ძირითადი შემადგენლობის წევრია. სერია ა -ში მან ორი მატჩის ჩატარება მოასწრო, რომის ლაციოსთან 1:3 წაგებულ მატჩში კი სულაც ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ჯამში მან მოედანზე 126 წუთი დაჰყო, რის განმავლობაშიც მას უხეში შეცდომა არ დაუშვია, არ მიუღია ბარათი და შედარებით პოზიტიურად უნდა შეფასდეს მისი დებიუტი. ჩატარებულ თამშებში მას აკლდა გამბედაობა შეტევაში ჩართვის დროს, მაგრამ ცხადია ეს გამოუცდელობის და ასაკის ბრალია. ნატალინო ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ბრემენის ვერდერთან და ჰოლანდიურ ტვენტესთან ჩატარებულ მატჩებში. კლუბში გამეფებული ტრამვიანობის ფონზე უნდა ვივარაუდოთ მისი ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა.

პროგნოზი: ფელიფეს აქვს შანსი და პოტენციალი გახდეს ახალი ფაკეტი, ეს სეზონი კი გადამწყვეტი იქნება მისთვის. შეგახსენებთ, რომ მილანის ინტერს ჯენოაში განათხევრებული ყავს სკუადრა აძურას მცველი რანოკია და ასევე კლუბი დაინტერესებულია ყაზანურ რუბინში მოთამაშე ბოკეტის კანდიდატურით. ასე რომ, ფელიფეს აქვს დიდებლი შანსი გამოავლინოს პოტენციალი და არ გაიზიაროს ასევე ერთ დროს მასავით პერსპექტიული ანდრეოლის და რივასის ბედი.

2. დევიდე სანტონი.

რთულია მასზე ილაპარაკო როგორც დებიუტანტზე (მესამე სეზონს ატარებს კლუბში) მაგრამ ახალგაზრდული ასაკი გვაძლევს უფლებას უფრო ფართო ჭრილში განვიხილოთ მისი შესაძლებლობები. დევიდე თვით ჯოზე მაურინიოს აღმოჩენილია. კლუბში მისვლის პირველსავე სეზონში განსაკუთრებულმა განსაკუთრებული ყურდღება მიაპყრო იმ ხანად 18 წლის, პოზიციით ფლანგის მცველს და პრიმავერადან პირდაპირ ძირითად შემადგენლობასი უკრა თავი. უნდა ითქვას რომ, სანტონმა ღირსეულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს და ჩემპიონთა ლიგის 1/8 მანჩესტერ იუნატედის წინააღმდეგ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. წარმატებულ დებიუტს მოჰყვა მისი გამგზავრება კონფედერაციათა თასზე, საიადანაც დღემდე უკვე 6-ჯერ მოირგო სკუადრაძურას მაისური. სანტონის 2009/10 ფეერიულ სეზონში თავის გამოჩენაში ხელი ხშირმა ტრამვიანობამ შეუშალა , ასევე მთელი სეზონი სტაბილურად და თითქმის შეუცდომლად იასპარეზა დაცვის ხაზმა, გამარჯვებულ შემადგენლობას კი მოგეხსენათ იშვიათად ცვლიან. წლეულს კი სანტონი ნაკლებად სარგებლობის რაფა ბენიტესის ნდობით. ისე ეს პატივცემული გვამი წლეულს უკვე მერამდენედ გვაცოებს ძირითადი შემადგენლობის ფორმირებით და საოცარი ცვლილებებით. სანტონმა მისტერ ბენიტესის ხელმძღვანელობით ითამაშა თითქმის ყველა პოზიციაზე, გარდა მეკარისა და ცენტრ-ფორვარდისა. ბოლო ორ ტურში კი მის უშუალო კონკურენდ, რაოდენს პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს – მოგვევლინა ზემოთ ნახსენები ფელიფე ნატალინო.

პროგნოზი: სანტონს აქვს უდიდესი პოტენციალი გახდეს ახალი ხავიერ ძანეტი. იგი გამოირჩევა დაცვასი უშეცდომო თამაშით და შეტევაში აქტიური ჩართვით. თუმცა უმთავრესი მისთვის სათამაშო პრაქტიკაა, რაც ესპანელი მაჩოს თავკაცობით რთული წარმოსადგენია. როგორც გახმაურდა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მილანის ინტერი მერსისაიდელი გლენ ჯონსონით აპირებს გაძლიერებას, რაც ალბათ მნიშვნელოვნად შეარყევს სანტონის პოზიციებს. ამას დამატებული ძანეტი, მაიკონი,ჩივუ, იგივე ნატალინო და ამ ბოლო დროს პოზიცია შეცვლილი კორდობა, მნიშვნელოვნად ამცირებს დევიდეს შანსებს. თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ მისტერ ბენიტესი დროულად მოეგება გონს და გადაბერებული დაცვითი ხაზის ფონზე მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს – დევიდეს, მთლიანად იტალიის და უშუალოდ კლუბის საკეთილდღეოდ.

3. ჟოელ ჩუკვუმა ობი.

19 წლის უდავოდ პერსპექტიული და დიდი ტალანტის მქონე, პოზიციით ნახევრამცველი. წარმოშობით ნიგერიელმა ობიმ თავის სადებიუტო სეზონშივე დააჭაშნიკა სერია ა და ჩემპიონთა ლიგა. იგი გაუშინაურდა ძირითად შემადგენლობას და რომ არა მადონინაში მიღებული ტრამვა, ვინძლო იგი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იქნებოდა შავ-ლურჯთა კრებულში. მას მშვენიერი ტექნიკა და მოედნის დიდებული ხედვა აქვს. არის სწრაფი და სხარტი აზროვნების. აქვს ყველა შეასძლებლობა გახდეს კლუბის ერთ-ერთი ლიდერი და საწყის ეტაპზე ვესლი სნეიდერის ღირსეული რეზერვისტი. ობი ნატალინოს და სანტონის მსგავსად კლუბის აღზრდილია, გასულ სეზონში იგი მოურინიოს თავლთახედვის არეშიც მოექცა, თუმცა არანორმალური კონკურენციის ფონზე მას ძირითადად პრიმავერაში უწევდა თავის შესაძლებლობების დამტკიცება.

პროგნოზი: მას თავისუფლად შეუძლია რამდენიმე წელიწადში ღირსეულად შეცვალოს ჰოლანდიელი შუახაზელი. სასიამოვნოა რომ ობი ბენიტესის ერთ-ერთი ფავორიტია. ამჟამად ობი კლუბის ლაზარეთშია და სავარაუდოდ გუნდს მხოლოდ საახალწლო არადეგების შემდეგ დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში თუ მილანელებმა ბასთიას შვაინშტაიგერი გადაიბირეს (რაც ნაკლებას სავარაუდოა) ობის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდება და ალბათ უმჯობესი იქნება მისი სერია ა -ს რომელიმე კლუბში განათხოვრება.

4. ნვანკო ობიორა.

19 წლის ჟოელ ობის თანამემამულე, პოზიციით შუახაზელი. საერთოდ გაუგებარია თუ როგორ მოხვდა ეს ახალგაზრდა შავ-ლურჯთა ბანაკში. სერია ა -ს მიმდინარე გათამაშებაში მან 41 წუთი დაჰყო მოედანზე, ასევე იასპარეზა ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში ტოტენჰემ ჰოტსპურის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში იგი ცვლილებაზე ვიხილეთ, მან საშინელი შთაბეჭდილება დატოვა, იყო უამრავი პოზიციური შეცდომა, დისციპლინის არქონა, პასის კულტურის და ტექნიკის არარსებობა და საერთო სურათიდან ამოვარდნა.

პროგნოზი: ასეთი ”საფეხბურთო ტალანტის” ადგილი მილანურ გრანდში არ არის.

5. ფელიფე კოუტინიო კორეია

უდავოდ გამორჩეული 18 წლის ბრაზილიელი შუახაზელი. ფეხბურთელი, რომელიც ნოროაძურის მესვეურებმა 3 წლის წინ შეიძინეს და დღემდე ბრაზილიურ ”ინტერნასიონალში” იყო განათხოვრებული. წლეულს კი მისი სადებიუტო სეზონია. მიუხედავად გუნდის უფერული სტარტისა, მან ადვილად მოახერხა მწვრთნელებისთვის თავის მოწონება და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. ის შემოქმედია და უნარი აქვს მიიღოს არაორდინალური გადაწყვეტილებები, რითაც სანახაობრივი გახადოს თუნდაც ყველაზე ჩაკეტილი და ზე-ტაქტიკაური კალჩოს რიგითი მატჩი. კოუტინიომ უკვე მოირგო ამხანაგურ მატჩში (ირანთან 3:0) სელესაოს მაისური და სპეციალისტთა ქებაც დაიმსახურა. ამჟამად იგი ტრამვას მკურნალობს.

პროგნოზი: თუ მისტერ ბენიტესი მორიგ სასწაულს არ შემოგვთავაზებს, კოუტინიოს ბრწინვალე შანსი აქვს გახდეს მსოფლიო დონის ვარსკლავი. მას აქვს უნარი ნებისმიერი კონკურენციის პირობებში მოიპოვოს ადგილი ძირითად შემადგენლობასი და თავისი წვლილი შეიტანოს კლუბის წარმატებებში. საერთო მოსაზრებით კოუტინიო სანტოსელ ნილმართან და მილანელ პატოსთან ერთად სელესაოს მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება 2014 წელს გასმართ მუნდიალზე.

6. დენის ალიბეკი.

19 წლის რუმინელი ფორვარდი. საკმაოდ რთულია ამ ყმაწვილის რეალური შესაძლებლობების შეფასება, რადგან მიმდინარე სეზონში მას მხოლოდ 59 წუთით მიეცა უფლება ეთამაშა რომის ”ლაციოსთან” (1:3) ჩატარებულ მატჩში, სადაც მთელმა გუნდმა საშინელი შთაბეჭდილება დატოვა. უნდა აღინიშნოს რომ, ალიბეკი დროის ამ მონაკვეთში ცდილობდა ყოFილიყო აქტიური და ბევრს მოძრაობდა, მაგრამ საერთო ჯამში თანაგუნდელები ვერ ახერხებდნენ მის დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანას. დიეგო მილიტოს ტრამვის და სამუელ ეტოოს დისკვალიფიკაციის ფონზე მას აქვს შანსი სრულად გამოავლინოს პოტენციალი და გაამართლოს გაცემული ავანსები.

პროგნოზი: 50/50 – მას მიეცა ბრწყინვალე შანსი გააგრძელოს თავისი რუმინული კარიერა(აქამდე ადგილობრივი ”ფარულ კონსტანტას” ღირსებას იცავდა) ბევრად მაღალ დონეზე და აიმაღლოს სათამაშო კლასი. თავად ესპანელი მაჩო მასზე დადებითი შეხედულებისაა და თითქმის უმეტეს ჩატარებულ ფრეკონფერენციასა თუ ინტერვიუში ხაზს უსვამს რუმინელის ტალანტს. მიმდინარე სეზონი ნათლად წარმოაჩნეს ალიბეკის რეალურ შესაძლებლობებს. მაგრამ ამ ეტაპზე, ეტოოს და მილიტოს არყოფის შემთხვევაში უმჯობესი იქნება თუ კლუბი იაქტიურებს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე და მინიმუმ ერთი უმაღლესი კლასის ცენტრ-ფორვარდს მოარგებს შავ-ლურჯ მაისურს.

ვის უნდა ველოდოთ: მიმდინარე სეზონში მილანური კლუბის განაცხადში მოხვდნენ და გამეფებული ტრამვიანობის და ბენიტესის არაორდინალური გადაწყვეტილებების ფონზე სრულიად შესაძლებელია მათი ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა:

რაფაელე დი განერო - გოლკიპერი – იტალია – 17 წლის

სიმონე ბენედეტი – მცველი – იტალია 18 წლის

მარკ დავიდე ფარაონი – მცველი – იტალია – 19 წლის

კრისტიანო ბირაჯი – ნახევარმცველი – იტალია – 18 წლის

ლორენცო გრისეტი - ნახევარმცველი – იტალია -17 წლის

საინტერესოა რომ ეს ბიჭები იტალიური წარმომავლობის არიან და მათი აბსოლიტური უმრავლესობა იტალიის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრია. ამასთან, ისინი პარალელურ რეჟიმში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობენ იტლიის ახალგაზრდულ ჩემპიონატში და სათავეში უდგანან მიმდინარე გათამაშებას.

დასასრულს კი მოკლედ განვიხილოთ ნეროაძურის 3 საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელი, რომლებიც უკვე გადასცდნენ 20 წლიან ზღვარს თუმცა თავიანთი ასაკის და პოტენციალის გათვალისწინებით საინტერესო ფიგურებს წარმოადგენენ:

მაცდონალდ მარიგა – ნახევარმცველი – კენია – 23 წლის

მიაუხედავად ახალგაზრდული ასაკისა იგი უკვე მეხუთე სეზონს ატარებს იტალიაში. სპეციალისტების და უბრალო გულშემატკივრების შეფასებით მას ყველა მონაცემი აქვს გახდეს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე. მარიგა მოურინიოს სურვილით გადმოიბირეს და რომ არა ტრამვა რაფაელ ბენიტესი მას (რაოდენ საოცარიც არუნდა იყოს) ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ მოიაზრებს. ამჟამად მარიგა ტრამვირებულია. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, იგი კენიის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

პროგნოზი: იგი ესტებან კამბიაოსოს ღირსეული შემცვლელია.

ჯონათან ბიაბიანი – გარემარბი – საფრანგეთი – 22 წლის

აქვს შესანიშნავი ტექნიკა და სერია ა ში თამაშის გამოცდილება. თავის დროზე ბიაბიანი და მარიგა თანაგუნდელები იყვნენ ს.კ ”პარმაში”. წლეულს იგი ძირითად შემადგენლობის უცვლელ წევრად მოგვევლინა, რაც ალბათ არანორმალური ტრამვიანობის ბრალია და არა ფრანგის მაღალი სათამაშო კლასისა. სანაკრებო დონეზე მისი პერსპექტივები ერთობ მიზერულია.

პროგნოზი: უხეშად რომ ვთქვათ იგი ხასიათის ფეხბურთელია. ამასთან, არ არის ლიდერის თვისებებით დაჯილდოვებული და ვერც ბრწყინვალე საგოლე ალღოთი დაიკვეხნის (14 ბურთი – ოფიციალურ შეხვედრებში). მისი მაქსიმუმი ალბათ ნეროაძურის სათადარიგო სკამია. ღრმა რეზერვისტობას კი ალბათ უმჯობესია თუ რანგით დაბალ კლუბში განაგრძობს კარიერას.

რენე ქრინ – სლოვენია – ნახევარმცველი – 20 წლის

იგი ნეროაძურის საკუთრებაა, მიმდინარე სეზონში კი იტალიურ ”ბოლონია” ში არის განათხოვრებული, სადაც სტაბილურად ასპარეზობს ძირითად შემადგენლობაში. გამოირჩევა დახვეწილი სათამაშო მანერით, მაღალი დისციპლინით და მოედნის ბრწყინვალე ხედვით.

რენემ სეზონის სტარტზე თავად მოითხოვა კლუბის დროებით გამოცვლა, რაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობით იყო ნაკარნახები. წლევანდელი სეზონი მისთვის აშკარად ნაყოფიერია, იმედი დავიტოვოთ რომ მომავალი სეზონიდან იგი მნიშვნელოვნად გააძლიერებს მილანურ გრანდს.

დასასრულს კი ვიქონიოთ იმედი რომ, ეს ბიჭები სრულად მოახდენენ თავიანთი პოტენციალის რეალიზაიას და თავიანთ წვლილს შეიტანენ კლუბის და ზოგადად ფეხბურთის განვითარებაში.

ნანახია: 722 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 inter  
0

2 intereli  
1
mokled 3-4 weliwadshi magari gundi gveyoleba tu gaamartles am bichebma

3 nerazuri  
1
jer-jerovbit verafers aketeben,gaushvan es benitesi da vinme wesieri moiyvanon,tu fegburtelebi ar daimates ase araferi gamova,vis unaxaven mag miliardebs azrze ar var

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter