მილანის "ინტერის” ნახევარმცველი უესლი სნეიდერი თურქული "გალათასარაის” წინადადებას დათანხმდა. მხარეები პირადი კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებას განაგრძობენ. ამის შესახებ თურქული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. "ინტერსა” და "გალათასარაის” შორის სნეიდერის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა. მოთამაშესთან მოლაპარაკებები გრძელდება”, – ნათქვამია სტამბულური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 28-წლის ფეხბურთელმა "ინტერთან” ხელშეკრულების გახანგრძლივება არ ისურვა, რის მიზეზადაც ჰოლანდიელმა ის დაასახელა, რომ "ნერიაძურიმ” შემცირებული ჯამაგირი შესთავაზა. თურქული NTVSpor-ის ცნობით, სნეიდერი სეზონში 5,3 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, ჰოლანდიელ ნახევარმცველს "გალათასარაის” რიგებში ჩატარებული ყოველი მატჩისთვის 25 ათას ევროს გადაუხდიან. კონტრაქტი სამწელიწადნახევრიანი ვადით უნდა განისაზღვროს. "ინტერი” სნეიდერის სანაცვლოდ რვა მილიონ ევროს მიიღებს. ვარაუდობენ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი თურქეთში 14-15 იანვარს ჩავა, რის შემდეგაც მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმდება.
|