მილანის ინტერის ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა განაცხადა, რომ მას არასდროს დაავიწყდება 2010 წელი, რომელიც მის კარიერაში საუკეთესო იყო. სერბმა "ნერიაძურისთან" ერთად სკუდეტო, იტალიის თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ამ ბრწყინვალე გამარჯვებებით სტანკოვიჩი გახდა მილანური კლუბის ისტორიის ნაწილი.
გთავაზობთ სერბის მოკლე ინტერვიუს: "2010 წელი დაუვიწყარი იყო, რადგანაც ჩვენ დავტოვეთ წაუშლელი კვალი როგორც იტალიურ, ისე ევროპულ ფეხბურთშიც. ეს დიდი გამარჯვებები სამუდამოდ იარსებებენ ჩვენს გულებსა და გონებაში. ყველა ტიტულს აქვს თავისი განსხვავებული სირთულე და სიხარული."
"ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჩვენთვის სიახლე იყო, რადგანაც სკუდეტოსა და იტალიის თასის მოგების სიხარული უკვე არაერთხელ განვიცადეთ. ეს ტიტულები ძალიან აკლდა ინტერს წლების მანძილზე."
"სრული კოლექციისთვის ევროპის სუპერთასი დაგვაკლდა, თუმცა ამ წარმატებების ფონზე ის მარცხი უბრალოდ წვრილმანი და უიღბლობაა."-განაცხადა სტანკოვიჩმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში.
ბევრი მიიჩნევს, რომ 2011 წელი სერბისთვის და მისი გუნდისთვის სრულიად საპირისპირო მოვლენა იქნება თუ გავითვალისწინებთ, იმ პრობლემებს, რომლებიც წარმოიქმნა გუნდში. მაგრამ ამის მიუხედავად ვეტერანი შუახაზელი არ აპირებს უბრძოლველად დანებებას: "ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებში იქნება. გუნდში მოხდა რამოდენიმე ცვლილება, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება."-დაასრულა 32-წლის ფეხბურთელმა.