როგორც მოსალოდნელი იყო, იტალიის თასის მოქმედმა გამარჯვებულმა, მილანის „ინტერმა", პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და საკუთარ კედლებში ფრედ თამაშის შემდეგ, მილანელები ბოლო 7 წლის განმავლობაში მეექვსედ გავიდნენ ფინალში, ხოლო 2002 წლის შემდეგ, პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც თასის ფინალში დედაქალაქური გუნდი ვერ გავიდა.
რომში გამართული პირველი შეხვედრა „ინტერს" 1:0 ჰქონდა მოგებული და განმეორებით მატჩში, ლეონარდოს გუნდს, წაგების გარდა, ნებისმიერი შედეგი აძლევდა ხელს. „სან სიროზე" გამართული მატჩის 58-ე წუთზე, „ნერაძურის" უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა. მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მარცხენა ფლანგზე, საჯარიმოს კუთხესთან ახლოს მდგომმა ეტოომ, საკმაოდ სუსტად, მაგრამ ანგარიშის გასახსნელად საკმარისად ზუსტად დაარტყა. რომაელთა მაქსიმუმი 84-ე წუთზე გატანილი გოლი გამოდგა. მარჯვენა ფლანგიდან პეროტას ჩაწოდების შემდეგ, ბურთს თავი შედეგიანად ბორიელომ დაუხვედრა.
მილანური კლუბის ფინალში გასვლით, ევროპის ლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმა „პალერმომ", რომელიც 29 მაისს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე, თასის მოქმედ ჩემპიონ „ინტერს" გაეჯიბრება ტურნირის გადამწყვეტ მატჩში.
ინტერი-რომა 1:1 (0:0)
მილანი, "სან სირო”
ინტერი (4-3-1-2): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო, ძანეტი, კამბიასო, მარიგა, ხარჟა (მოტა 75), პაცინი (მილიტო 67), ეტოო.
მწვრთნელი: ლეონარდო.
რომა(4-2-3-1): დონი, კასეტი, ბურდისო, ჟუანი, რიისე, პისარო (გრეკო 46), დე როსი, პეროტა, სიმპლისიო (ვუჩინიჩი 56), მენესი (კაპრარი 74), ბორიელო.
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლები: 1:0 ეტოო (58), 1:1 ბორიელო (84).
გაფრთხილებები: კივუ 67, მაიკონი 87 - პეროტა 89, ბურდისო 90.
მსაჯი: დანიელე ორსატო.
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 8 (4)-8 (4), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 3-4, სეივი: 2-3, ჯარიმა: 16-15.
|