დღეს, სტადიონ "ფრიულიზე” "უდინეზემ” მილანის "ინტერს” უმასპინძლა. მატჩის პირველი ტაიმი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევარში კი უდინელებმა სტუმრები სამჯერ დაამწუხრეს. ანგარიში 65-ე წუთზე ანტონიო დი ნატალემ გასნა, ათ წუთში ლუის მურიელმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, 79-ე წუთზე კი დი ნატალემ დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ანდრეა სტრამაჩონის გუნდი 66-ე წუთის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში იყო – მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ჟუან ჟეზუში გააძევა. ამგვარად, "ინტერმა” 2013 წელი ერთობ სამარცხვინოდ დაიწყო. მატჩის შემდეგ "ნერიაძურის” თავკაცმა განაცხადა: "პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. საბოლოო ანგარიში მოედანზე განვითარებულ მოვლენებს არ ასახავს. მსაჯმა გარკვეული შეცდომები დაუშვა, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. პალასიო პატიოსანი მოთამაშეა. არბიტრს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი არ უნდა მიეცა. იმ ეპიზოდში პენალტი უნდა დაენიშნა და "უდინეზეს” ფეხბურთელი მოედნიდან გაეგდო. იმას არ ვამბობ, რომ "ინტერის” წინააღმდეგ რაიმე წინასწარი შეთანხმება იყო. უბრალოდ მსაჯი შეცდა, ეს 100 პროცენტიანი პენალტი იყო. 65 წუთის განმავლობაში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ”.
|