ისტორია
FC INTERNAZIONALE MILANO ეს არის ოფიციალური დასახელება იმ იტალიური კლუბისა, რომელიც ყველასთვის ”ინტერის” სახელითაა ცნობილი (მეტსახელი Nerazzuri (შავ-ლურჯი)). ბოლო წლებში ეს გუნდი აპენინებზე პოპულარობით მეორე ადგილზე გახლდათ და ოდენ ”იუვენტუსს” ჩამორჩებოდა, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი კალჩოპოლის შემდეგ, სწორედ ”ინტერი” გახდა პირველი არამარტო სპორტული მიღწევებით, არამედ პოპულარობით, ფინანსებით, შემადგენლობით, სტადიონზე მაყურებელთა დასწრებადობით და ა.შ.
დღესდღეობით ”ინტერი” ევროთასებზე მოპოვებული ტიტულების მიხედვით საგრძნობლად ჩამორჩება თანაქალაქელ ”მილანს”, ხოლო სერია A-ს ჩემპიონობაში ”იუვენტუსს”, თუმცა საშინაო ასარეზზე ინტერი ერთი სკუდეტოთი უსწრებს "მილანს”, ხოლო იმავე "იუვენტუსის” საერთასორისო ტურნირებსი მოპოვებული ტიტულების რაოდენობას საგრძნობლად აღემატება ინტერის მონაგარი. კლუბის ისტორია და ბოლოდროინდელი წარმატებები იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა ჩამორჩენა აღარ იყოს ისეთი დიდი, როგორც ეს ახლაა. 2008 წლის მონაცემებით, ”ინტერი” მსოფლიოს უმდიდრესი კლუბების ხუთეულშია შესული. მასიმო მორატის საფეხბურთო იმპერიის ყოველწლიური შემოსავალი მინიმუმ 250-300 მილიონი ევროა, რაც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელია მთელს მსოფლიოში.
ხელმძღვანელობა
პრეზიდენტი და მფლობელი – მასიმო მორატი ვიცე-პრეზიდენტები – ანჯელომარიო მორატი, რინალდო ჯელფი. ტექნიკური დირექტორი – მარკო ბრანკა მთავარი მწვრთნელი – ლეონარდო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი – ჯუზეპე ბარეზი მთავარი მწვრთნელის თანაშემწე – დანიელე ბერნაცანი ტექნიკური კონსულტანტი – ამედეო კარბონი ტექნიკური ასისტენტი – დანიელე ბერნაცანი ფიზ-მომზადების მწვრთნელი – სტეფანო რაპეტი მეკარეთა მწვრთნელი – ალესანდრო ნისტა სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელი – ფრანკო კომბი მთავარი ექიმი – ჯორჯო პანიკო მასაჟისტი – მარკო დელაკასა ფსიქოთერაპევტი – ლუიჯი სეზოლო რეაბილიტაციის სპეციალისტები – ანდრეა ჯალი და ალბერტო ჯალბიატი ფინანსური დირექტორი – პაოლო პესინა "ინტერ-ჩენელის” დირექტორი – ედუერდო კარდარა პრეს-ატაშეები – ლუიჯი ჩრიპა, კლაუდია მადარელა, ლეო პიკი
ეროვნული ტიტულები
იტალიის ჩემპიონი: (18) 1909–10; 1919–20; 1929–30; 1937–38; 1939–40; 1952–53; 1953–54; 1962–63; 1964–65; 1965–66; 1970–71; 1979–80; 1988–89; 2005-06; 2006-07; 2007-08, 2008-09, 2009-10. იტალიის თასი: (6) 1938–39; 1977–78; 1981–82; 2004–05; 2005–06; 2009-10. იტალიის სუპერთასი: (5) 1989; 2005; 2006; 2008; 2010.
საერთაშორისო ტიტულები
ევროპის ჩემპიონთა თასი: (3) 1964, 1965, 2010. უეფას თასი: (3) 1991, 1994, 1998. საკონტინენტთაშორისო თასი: (2) 1964, 1965. მსოფლიოს თასი (საკლუბო დონეზე): (1) 2010
ახალგაზრდული გუნდის ტიტულები ჯაჩინტო ფაკეტის თასი (იგივე იტალიის ჩემპიონატი) (6): 1964; 1966; 1969; 1989; 2002; 2007 პრიმავერათა შორის იტალიის თასი (5): 1973; 1976; 1977; 1978; 2006 ვიარეჯოს საერთაშორისო ტურნირი (6): 1962; 1971; 1986; 2002; 2008;2011.
დაარსება
ამ უნიკალური (უნიკალური უპირველესად იმითაა, რომ არასდროს დაქვეითებულა ქვედა ლიგაში) იტალიური გრანდის ისტორია 1908 წლიდან იწყება, როცა რამდენიმე ამბოხებული ფეხბურთელი და მწვრთნელი "მილანს” გამოეყო და ცალკე კლუბის დაარსება გადაწყვიტა. ეს ჯგუფი უცხოტომელებისგან, ძირითადად შვეიცარიელებისგან შეგდებოდა. როსონერის ორად გახლეჩვის წინ, ალპიელებს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდათ გუნდის ხელმძღვანელებთან და მათ შორის ფიზიკური აგრესიაც კი შედგა. მხარეებმა გვარიანად მიბეგვეს ერთმანეთი. მიზეზი მარტივი იყო, ვინმე ძმები კამპერიოების ხელში მყოფი "მილანი” ისეთ პოლიტიკას ატარებდა, სადაც უცხიელ ფეხბურთელთა ინტერესი მაქსიმალურად გაუთვალისწინებელი გახლდათ. პროტესტანტთა სათავეში პარამიტიოტი იდგა, რომელმაც კლუბის 45 წევრი აიყოლია და ახალი კლუბის შექმნა გადაწყვიტა, რომელსაც საერთაშორისო სტატუსის ასამაღლებლად "ინტერნაციონალე” ეწოდა. გუნდის ფორმის ფერებიც მალე შეირჩა – შავი ფერი ღამესთან ასოცირდებოდა, ხოლო ლურჯი ცასთან. საწყის თვეებში გუნდს ერთგვარი სახელიც კი შეარქვეს (დ’ორო ინ ლივიდი – "ოქრო ლურჯებში”).
ადრეული წლები
ერთი წლის შემდეგ "ინტერი” უკვე საკმაოდ წარმატებით უწევდა კონკურენციას ადგილობრივ ბობოლა კლუბებს. 1909-10 წლების სეზონში ნერიაძურიმ იტალიის პირველი გუნდის წოდება მოიპოვა. გათამაშების დასრულების შემდეგ, შავ-ლურჯებსა და "პრო ვერჩელის” ერთნაირი რაოდენობის ქულები ჰქონდათ მოგროვებული. დაინიშნა დამატებითი მატჩი, რომლის თარიღზე გუნდები კარგა ხანს ვერ შეთანხმდნენ. საქმე იმაში იყო, რომ 1910 წლის 24 აპრილს "პრო ვერჩელის” ოთხი წამყვანი ფეხბურთელი ჯარში გაიწვიეს და კლუბის უფროსები იძულებულნი გახდნენ, პროტესტის ნიშნად, მილანელთა წინააღმდეგ შეხვედრაში 14-16 წლის ბიჭები გამოეყვანათ. საკვირველია, მაგრამ ამ უწვერულმა ჭაბუკებმა მრიხსანე მეტოქეს სამი გოლი მაინც გაუტანეს, თუმცა საკუთარ კარში ბევრად მეტი მიიღეს. შეხვედრა 10:3 დასრულდა და "ინტერმა” პირველი ტიტულიც ჩაიხუტა.
შემდეგი სკუდეტო გუნდმა ზუსტად ათი წლის შემდეგ მოიპოვა. სეზონის ფინალში ბოლონიაში ერთმანეთს "ინტერი” და "ლივორნო” დაუპირისპირდნენ. მატჩი მილანელებმა მოიგეს 3:2. 1926 წელს ნერიაძურის რიგებში გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე გახდა არამარტო ამ კლუბის ისტორიაში, არამედ მთელს იტალიურ ფეხბურთში. საუბარია ჯუზეპე მეაცაზე, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა კალჩოში. მასზე უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ”ინტერის” პირველი მწვრთნელი და კაპიტანი ვირჯილიო ფოსატო გახლდათ, რომელმაც გუნდს 1910 და 1920 წელს ორი სკუდეტო მოაგებინა და შეეძლო გუნდისთვის უფრო მეტი სარგებელის მოეტანა, თუმცა პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს, იტალიისა და ავსტრიის არმიათა შორის ბრძოლაში სადაც გმირულად დაიღუპა.
20 -იანი წლების ბოლოს და 30-იანების დასაწყისში იტალიაში ფაშისტების ხანა დადგა და ეს "ინტერსაც” შეეხო. კლუბი იძულებული გახადეს "მილანეზეს” შეერთებოდა. ამით, ბენიტო მუსოლინიმ თავიდან მოიშორა ეს ფაშისტებისთვის მეტად არასახარბიელო სახელის მქონე გუნდი. ამრიგად ნერიაძურის სახელიც გადაერქვა და იმ დროს "ამბროზიანად” იწოდებოდა. გარდა ამისა, შეიცვალა საკლუბო ფერებიც, შავ-ლურჯი თეთრ-წითლად გადაიქცა. უმაღლეს ლიგაში გამონთავისუფლებული ერთი ადგილი კი ჩინოვნიკებმა "ფიუმანის” გადაულოცეს, რომელიც სახელშეცვლილი სლოვენიური "რიეკა” იყო. ეს ნაბიჯი ბალკანელთა "იტალიიზაციისთვის” და გაფაშისტებისთვის იქნა გადადგმული.
30-40-იანები
1931 წელს კლუბის სათავეში მოვიდა "გენერალ პო”-ს მეტსახელით ცნობილი ფერნანდო პაცანი. პრეზიდენტმა რაც პირველი გააკეთა, ის იყო, რომ გუნდის სახელწოდება შეცვალა და "ამბროზიანა-ინტერი” დაარქვა. ასევე შეიცვალა საკლუბო ფერებიც, თეთრწითელი გუნდი ისევ შავ-ლურჯად გადაიქცა. იმ პერიოდში იტალიაში სულ სხვა გუნდები ქმნიდნენ ამინდს, მაგრამ მიუხედავად ამისა, "ამბროზიანა-ინტერმა” მაინც მოახერხა ერთხელ პირველობა და სამჯერ მეორე ადგილზე გასვლა.
40-იან წლებში გუნდში ბრწყინავდა ჯუზეპე მეაცა, რომელიც როგორც მოგახსენეთ "ინტერის” ლეგენდად იქცა. 1945 წელს ჯუზეპემ ითამაშა რა ორ-ორი სეზონი "მილანსა” და "იუვენტუსში”, კარიერა დაასრულა. სერია A-ში მას 277 ჰქონდა გატანილი, საიდანაც 247 "ინტერის” მაისურით შეუგდო მეტოქე კიპერებს. ქალაქი მილანი მას არასდროს დაივიწყებს, რისი ნიშანიც იყო "სან სიროზე” მესამე იარუსის მიმატება, რომელსაც თავიდან ჯუზეპე მეაცას სახელი მიეცა, ხოლო შემდგომში ამ ფეხბურთელის საპატივცემულოდ, მისი სახელი და გვარი მთელს არენას ეწოდა. 1990 წლის მუნდიალისთვის სტადიონმა რეკონსტრუქცია განიცადა და ამჟამად 85 ათას მაყურებელს იტევს.
50-იანი წლები
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კლუბმა საბოლოოდ შეიცვალა სახელწოდება და ისევ "ინტერნაციონალე” დაერქვა. ამიერიდან მილანური გუნდი მთელს იტალიაში ახალი ტაქტიკური ნოვაციების დანერგვის პიონერად იქცა. 1953 წელს "ინტერმა” მორიგი სკუდეტო მოიგო. გუნდის მთავარი მწვრთნელი ალფრედო ფონი გახლდათ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თამაში ლიბეროთი. ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს იმ დროს თავისუფალ მწმენდავსაც ეძახდნენ. აღნიშნული სიახლის წყალობით, 1953-54 წლების სეზონში ნერიაძურიმ სერია A-ში იმ გუნდზე ორჯერ ნაკლები გოლი გაუშვა, რომელიც მეორე იდგა ამ მაჩვენებლით. მომდევნო სეზონში "ინტერი” მერვე ადგილზე გავიდა, რასაც კლუბის პრეზიდენტის – კარლო რინალდო მასერონეს გადადგომა მოყვა. მის ადგილზე ლეგენდარული ანჯელო მორატი დაინიშნა, რომელიც იმ დროისთვის იტალიის უმსხვილესი ნავთობკომპანიის მფლობელი იყო. სწორედ ამ ადამიანის ხელში გახდა "ინტერი” მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. უნდა აღინიშნოს, რომ 50-იანი წლების ბოლოს კლუბი მთლიანად გადავიდა მორატების ოჯახის მფლობელობაში, რომელსაც ანჯელო, ერმინია, ადრიანა, ჯანმარკო, მასიმო, ბედი, ჯოა და ნატალინო მორატები შეადგენდა. 1957 წელს შავ-ლურჯთა რიგებში არგენინელი თავდამსხმელი ანტონიო ვალენტინ ანხელილო ჩაირიცხა, რომელმაც იმ სეზონში სერია A-ში 33 გოლი გაიტანა. ეს მიღწევა მას შემდეგ ვერავინ გააუმჯობესა და ვერც გაიმეორა. 1960-61 წლებში "ინტერი” ახლოს იყო კიდევ ერთი სკუდეტო მოეპოვებინა, მაგრამ დასკვნითი შეხვედრა კალჩოს მამებმა გაუგებარი მიზეზების გამო გადაათამაშებინეს და პროტესტის ნიშნად, შავ-ლურჯებმა "იუვენტუსს” დუბლ-შემადგენლობიდან 17-18 წლის დაუპირისპირეს და სასტიკადაც დამარცხდნენ – 1:9. მილანელთაგან ერთადერთი გოლი ჯეელმა სანდრო მაცოლამ გაიტანა, რომელმაც მამის (წარსულში ცნობილი "ტორინოს” ფეხბურთელი) გარდაცვალების შემდეგ კარიერის გაგრძელება "ინტერში” გადაწყვიტა და ჯუზეპე მეაცას დარად, კლუბის ლეგენდად იქცა.
ოქროს ხანა "La Grande Inter”
ანჯელო მორატი ნერიაძურის გასაძლიერებლად არანაირ ძალიასხმევას არ იშურებდა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. აპენინებზე პირველი მენავთობე დაუღალავად ყიდულობდა ვარსკვლავ ფეხბურთელებს და თითქმის ყოველ ექვს თვეში ერთხელ ცვლიდა მწვრთნელებს, მაგრამ ამით "ინტერი” მხოლოდ უმნიშვნელო გამარჯვებებამდე მიდიოდა. თუმცა მალე სიტუაცია შეიცვალა. ამბიციურმა პრეზიდენტმა "ბარსელონადან” არგენტინელი სპეციალისტი ელენიო ერერა გადმოიბირა. მაშინ ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობმა მწვრთნელმა გუნდის წმენდას მიჰყო ხელი. ერერამ შვედი სკოგლუნდის, ანხელინოს, ფირმანისა და მრავალი სხვას სახით ბალასტი მოიშორა და მათ ადგილას ახალგაზრდა და პერსპექტიული ფაკეტი, სუარესი, კორსო, პიკი და გუარნიერი მოიყვანა. რევოლუციონერმა მწვრთნელმა გუნდის ტაქტიკური სქემისთვისაც მოიცალა და დაცვაში 5 მცველი დააყენა. შედეგად, "ინტერის” კონტრშეტევები აბსოლუტურად ყველა გუნდისთვის მომაკვდინებელი გახდა. შავ-ლურჯთა რიგებში ბრწყინავდა სწრაფი სანდრო მაცოლა, რომელიც რამდენჯერმე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც კი გახდა. ამ სათამაშო სისტემით ნერიაძურიმ ოთხ წელიწადში სამჯერ შეძლო სკუდეტოს მოპოვება. ახლოს იყო მეოთხესთანაც, მაგრამ ჩემპიონთა თასის ფინალში "რეალთან” გამარჯვების შემდეგ, სამიოდე დღეში "ბოლონიასთან” დანიშნულ გადათამაშებაში ძალების აღდგენა ვეღარ მოახერხა და მატჩი დათმო. არადა, "ინტერს” ტიტულის მოგება დამატებითი მატჩის გარეშეც შეეძლო. სეზონის შუაწელს, ”ბოლონიას” ერთბაშად შვიდი ფეხბურთელი დოპინგ-სკანდალში გაეხვა და ერთი პირობა, კლუბისთვის ქულებიც უნდა ჩამოეკლოთ, მაგრამ შემდეგ ეს აურზაური გაუგებარი მიზეზების გამო მიწყნარდა.
ომდევნო სეზონში ”ინტერი” ორივე ფრონტზე ბრწყინავდა. ჩემპიონთა თასის ფინალში იტალიელებმა ლეგენდარული ეუსებიოს ”ბენფიკა” გააკრეს ბეჭებზე. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ბრაზილიელმა ჟაირმა გაიტანა და ნერიაძურის ჯერჯერობით უკანასკნელი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტიტული მოუტანა. ტურნირი კი შავ-ლურჯებმა ბუქარესტის ”დინამოს” განადგურებით დაიწყეს (6:0; 1:0). მეოთხედფინალში შოტლანდიურ ”რეინჯერსს” ორი მატჩის ჯამში 3:2 სძლიეს (3:1; 0:1), ხოლო ნახევარფინალში ”ლივერპულთან” პირველი მატჩის 1:3-ზე წაგების შემდეგ, ინგლისელებს შინ 3:0-ზე გადაურბინეს და ასე გავიდნენ ფინალში. რაც შეეხება შინაურ პირველობას, აქ ჩემპიონის ვინაობა ბოლოტურებამდე გაურკვეველი იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც ”ინტერმა” იმარჯვა და თანაქალაქელი ”მილანი” 3 ქულით ჩამოიტოვა. მომდევნო წელს ნერიაძურიმ ანალოგიურ სტილში მოიგო სერია A, ჩამოიტოვა რა იმ ხანებში სოლიდურ დონეზე მოთამაშე ”ბოლონია”. ეს გახლდათ შავ-ლურჯთა მეათე საჩემპიონო ტიტული, რომელმაც მათ უფლება მისცა მოგვიანებით მაისურზე ერთი ოქროსფერი ვარსკვლავი ამოექარგათ. ამ სეზონშივე ”ინტერი” ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ტურნირის მომავალ გამარჯვებულ მადრიდის ”რეალთან” ორმატჩიანი დუელი 1:2-ზე დათმო. კიდევ ერთი წლის შემდეგ ნერიაძური კვლავ აღმოჩნდა ჩემპიონთა თასის ფინალში, თუმცა იტალიელებს არ ამ ჯერზე გაუმართლათ და გლაზგოს ”სელტიკთან” მატჩის სტრატზე მაცოლას მიერ დაწინაურებულებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. შედეგად მეორე ტაიმში ორი უპასუხო ბურთი მიიღეს სკოტებისგან
დაღმასვლა
წარმატებულ წლებს როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჩავარდნა მოჰყვა. 1980 წლამდე ”ინტერმა” მხოლოდ ერთხელ მოახერხა ჩემპიონობა, ერთხელ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც ლეგენდარული იოჰან კრუიფის ”აიაქსთან” 0:2-ზე დამარცხდა. ორივე გოლი ”მფრინავმა ჰოლანდიელმა” გაიტანა. 70-იანებში ნერიაძურის მუზეუმი იტალიის თასითაც შეივსო. ეს იყო და ეს. მორიგი აღმასვლა გუნდს 80-იანების ბოლოს დაეწყო, როდესაც გუნდს სათავეში ყველასათვის ცნობილი ჯოვანი ტრაპატონი ჩაუდგა. იტალიელმა სპეციალისტმა პირველი რაც გააკეთა, გუნდში უძლიერესი გერმანელი ფეხბურთელები – ანდრეას ბრემე, ლოთარ მათეუსი და კარლ ჰაინც რუმენიგე მიიწყვია, თუმცა ეს უკანასკნელი შავ-ლურჯებიდან 3 წელიწადში აბარგდა და არ მოუწია 1988-89 წლების ტრიუმფი, როცა ”ინტერმა” ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეძლო ჩემპიონობა. ყველას ეგონა, რომ ტრიუმფალური სვლა კიდევ გაგრძელდებოდა, თუმცა მოხდა ის, რაც ნერიაძურის გულშემატკივრებს ყველაზე კოშმარულ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდათ: მოულოდნელად კლუბის მესვეურებმა პოსტი დაატოვებინეს ჯოვანი ტრაპატონის და მომდევნო ტიტულამდე ტიფოზებს მთელი 17 წელი მოუხდათ ლოდინი. მართალია 2006 წლამდე შავ-ლურჯებმა სამჯერ მოიგეს უეფას თასი (1991-ში ”რომასთან” 2:1, 1994-ში ”ზალცბურგთან” 2:0 და 1998-ში ”ლაციოსთან” 3:0), მაგრამ ეს ნერიაძურის დარი გრანდისთვის ზღვაში წვეთი გახლდათ.
უძრაობის ხანა
მიუხედავად ამ ევრო-ტიტულებისა, 90-იანი წლები ყველაზე უიღბლო პერიოდად ითვლება ”ინტერის” საუკუნოვან ისტორიაში. ნერიაძურის პრეზიდენტები, ჯერ ერნესტო პელეგრინი, შემდეგ კი მასიმო მორატი ათეულ მილიონობით აშშ დოლარს არ იშურებდნენ გუნდის გასაძლიერებლად, ნაყიდი იქნა რონალდო, ივან სამორანო, ნვანკვო კანუ, რობერტო ბაჯო, კრისტიან ვიერი და მრავალი სხვა, თუმცა სეზონის ბოლოს სერია A-ს ტრიუმფატორი ან ”მილანი” ხდებოდა ანაც ”იუვენტუსი”. განსაკუთრებით ამ უკანასკნელის მოგებები იყო საეჭვო, რადგანაც 2003-04 წლებში ”ბებერი ქალბატონის” ექიმის, რიკარდო აგრიკოლას აღიარებით, იგი მთელი ამ წლების განმავლობაში ფეხბურთელებს გამარჯვებებში დოპინგით ეხმარებოდა. მოგვაინებით ამის გამო გრანდიოზული სკანდალიც აგორდა, თუმცა 90-იანების ცოდვები ”იუვეს” არავინ მოჰკითხა. სამაგიეროდ, ტურინელთა მთავარსარდალს ლუჩანო მოჯის ცოდვებმა რამდენიმე წლის შემდეგ უწია, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე გამოსარჩევია 1999 წელს მასიმო მორატის მეტად უჩვეულო გადაწყვეტილება, დაითხოვა რა გუნდიდან ”წლის მწვრთნელად” აღიარებული ლუიჯი სიმონი. მის ნაცვლად გუნდი მომდევნო სეზონის დასაწყისში მარჩელო ლიპიმ ჩაიბარა, თუმცა ამ შუალედში მილანელებს რუმინელი მირჩა ლუჩესკუ თავკაცობდა, რომლის ხელშიც შავ-ლურჯები ”მანჩესტერთან” მეტად ფეერიულ ბრძოლაში ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ. ლიპის ხელში ”ინტერმა” ღირებულს ვერაფერს მიაღწია, მეტიც, სწორედ ”იუვეს” ყოფილი მწვრთნელის დამსახურება გახლდათ გუნდიდან რობერტო ბაჯოს წასვლა, რომელთანაც ძველი მტრობა აკავშირებდა. შედეგად ვიარეჯოელი სპეციალისტი 2000-01 წლების სეზონის სტრატზევე მოხსნეს თანამდებობიდან და მის ნაცვლად წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მარკო ტარდელი დანიშნეს, რომელსაც გუნდისთვის ექტორ რაულ კუპერის დანიშვნამდე უნდა ეთავკაცა. სწორედ ტარდელის ხელში განიცადა ”ინტერმა” ყველაზე სამარცხვინო მარცხი მილანურ დერბიში 0:6. ამ წაგების შემდეგ კრისტიან ვიერიმ და ფაბიო კანავარომ მთელი ღამე რესტორანში გაატარეს და სიმწრის გასაქარვებლად უგონოდ დათვრნენ. ეს რომ ტარდელიმ გაიგო ფეხბურთელები აითვალწუნა და მთლიანად გუნდში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. მაისში ექტორ კუპერის მისვლამ სულზე მოუსწრო ნერიაძურის გასახდელში ”დიდი აფეთქებისგან”. არგენტინელი სპეციალისტის ხელში ლომბარდიელებმა პირველივე სეზონი დიდებულად ჩაატარეს და უკანასკნელ ტურამდე სატურნირო ცხრილსაც უდგნენ სათავეში, თუმცა 2002 წლის 5 მაისს რომში ”ლაციოსთან” 2:4 დამარცხდნენ, მაშინ როცა მათმა მდევრებმა ”იუვენტუსმა” და ”რომამ” გასვლაზე შესაბამისად ”უდინეზესა” და ”ტორინოს” სძლიეს. შედეგად, ”ინტერმა” სეზონი ბრინჯაოს მედლებით დაასრულა. სწორედ ამ პერიოდში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მომჯობინდა რონალდო, რომელმაც კორეა-იაპონიაში გამართულ მუნდიალზე გაიბრწყინა და ზაფხულშივე ”რეალში” გადავიდა. ზოგიერთები იმასაც ამბობდნენ, ბრაზილიელი კუპერთან გართულებული ურთიერთობის გამო წავიდაო, თუმცა მოგვაინებით მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც ეს ვერსია უარყვეს. 2002-2003 წლების სეზონში ”ინტერი” საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. სკუდეტოსთვის ბრძოლაში მილანელები ბოლო ტურებამდე შემორჩნენ, თუმცა საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ შავ-ლურჯებს საშინლად არ გაუმართლათ: გათამაშების ნახევარფინალში ისინი თანაქალაქელ ”მილანს” ხვდებოდნენ და ორივე შეხვედრა ფრედ დაასრულეს. მატჩი, რომელშიც ნომინალურ მასპინძლად ”ინტერი” ითვლებოდა 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრა 0:0. ერთი სიტყვით, კანონმა იკანონა და ფინალში როსონერი გავიდა. კუპერმა თავისი მესამე მილანური სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყო და დერბიში წაგების შემდეგ, ”ბრეშიასთან” ნათამაშები ფრე უკანასკნელი გამოდგა არგენტინელი მწვრთნელის ლომბარდიულ კარიერაში. მის ნაცვლად ალბერტო ძაკერონი დაინიშნა, რომელმაც გუნდს სეზონი უნიათოდ ჩაამთავრებინა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მაინც მოახვედრა. პარალელურად, ევროსეზონიც ნაადრევად, დეკემბერში დაასრულებინა (”ინტერი” ჯგუფში ჩარჩა).
ძლევამოსილი დაბრუნება
2004 წლის ზაფხულში ”ლაციოში” წარმატებული სამწვრთნელო კარიერის შემდეგ, ”ინტერში” გადაბარგდა ახალგაზრდა სპეციალისტი რობერტო მანჩინი. სწორედ მის ხელში განიცადა გუნდმა რეალური პროგრესი და ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად მებრძოლ და ტიტულების მოსაგებად გამზადებულ გუნდად. მანჩინიმ მცირე საკადრო გადაადგილებები განახორციელა: ერნან კრესპო ”ჩელსიში” გაუშვა, ხოლო მის ნაცვლად ”პარმაში” განათხოვრებული ადრიანო დაიბრუნა. გარდა ბრაზილიელისა, გუნდი გააძლიერა დეიან სნანკოვიჩმაც. მანჩოს ხელში ნერიაძურიმ ტიტულების მოგროვება ორჯერ მოგებული იტალიის თასით დაიწყო, რასაც მოყვა ”კალჩოპოლის” მეტსახელით ცნობილი გახმაურებული სკანდალი, რომელსაც პიროვნებათაგან ლუჩანო მოჯი, ადრიანო გალიანი, სერჟიო კრანიოტი და კიდევ რამდენიმე გავლენიანი ფუნქციონერი, ხოლო გუნდთაგან ”იუვენტუსი”, ”მილანი”, ”ფიორენტინა”, ”რეჯინა” და ”ლაციო” შეეწირენ. თემიდის მსახურთა გადაწყვეტილებით, ”ბებერ ქალბატონს” 2005 და 2006 წლებში მოგებული სკუდეტო ჩამოერთვა. პირველი საერთოდ გაუქმდა, ხოლო მეორე შავ-ლურჯებს გადაეცა. ამ ფაქტის გამო მასიმო მორატის თაოსნობით მილანში ნამდვილი ზეიმი შედგა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი გახლდათ. სწორედ ამის შემდეგ გაათმაგდა მტრობა ”იუვესა” და ”ინტერს” შორის. ნერიაძურის ბევრი გულშემატკივარი დღესაც იმ აზრზეა, რომ არ იყო საჭირო კაბინეტებში წართმეული სკუდეტოს ასე პომპეზურად აღნიშვნა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.
2006-07 წლებში ”ინტერმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პატრიკ ვიეირა შეიძინა, რომელთა დახმარებითაც სერია A შეიძლება ითქვას ცალი ფეხით მოიგო, რადგანაც უმთავრესი კონკურენტი ”იუვენტუსი” ქვედა ლიგაში ბურთაობდა, ხოლო ”მილანს” 8 ქულა ჰქონდა დაკლებული. ერთადერთი კონკურენტი ”რომა” გახლდათ, რომელმაც ლომბარდიელებს ღირსეული წაააღმდეგობა ვერ გაუწია და ”ინტერმაც” სკუდეტო ერთი თვით ადრე გაინაღდა. იმ სეზონში ნერიაძურიმ რამდენიმე რეკორდიც დაამყარა: ხუთი თვის მანძილზე ჩემპიონატში ზედიზედ 17 მატჩში იმარჯვა, რაც ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ხუთმა გუნდმა მოახერხა. ხოლო სეზონის ბოლოს ასევე სარეკორდო 97 ქულას მოუყარა თავი და გაიტანა ყველაზე მეტი გოლი – 80. პარალელურად გუნდი გავიდა თასის ფინალში, სადაც ”რომასთან” დამარცხდა. ამ პერიოდში მილანელებს არაფერი გამოსდიოდათ ჩემპიონთა ლიგაში. მართალია ისინი ფლე-ოფში ადვილად გადიოდნენ, მაგრამ ფინალისკენ გზას მათ ხან ”მილანი” უღობავდა, ხან ”ვილიარეალი”, ხანაც ”ვალენსია”. სამაგიეროდ ყველაფერი კარგად მიდიოდა შინაურ პირველობაზე 2007-08 სეზონში შავ-ლურჯები კვლავ მიუწვდომელნი იყვნენ და ჩემპიონის ტიტული მართალია ბოლო ტურში, მაგრამ მაინც ადვილად გაიფორმეს. რობერტო მანჩინის ”ინტერში” მოღვაწეობა ერთმნიშვნელოვნად წარმატებულად შეფასდა, თუმცა იტალიელ სპეციალისტს მაინც არ აპატიეს ევროთასებზე წარუმატებლობები და 2008 წლის 29 მაისს სკანდალური განცხადებით მანჩოს პოსტი დაატოვებინეს. გუნდის ახალი მწვრთნელის ვინაობაც მალე გაცხადდა: ეს ”პორტუსა” და ”ჩელსიში” სახელმოხვეჭილი ჯოზე მაურინიო გახლდათ. პორტუგალიელი ჩვეული ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას, თანაშემწედ წარსულში ”ინტერის” მცველი – ”მილანელი” ფრანკო ბარეზის ძმა ჯუზეპე დანიშნა და აგვისტოში პირველი ტიტულიც მოიგო, დაამარცხა რა იტალიის სუპერთასზე ”რომა”. მაურინიოს დროს გუნდში რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა. ესენი არიან სალი მუნტარი, რიკარდო კვარეზმა (რომელიც იანვარშივე გაანათხოვრეს ”ჩელსიში”), ამანტინო მანსინი და ჯეელი დავიდ სანტონი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრებში ” მანჩესტერელი” კრიშტიანო რონალდუ აბსოლუტურად გაანეიტრალა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გასაქანი არ მისცა, თუმცა ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში მაინც დასჯაბნეს იტალიელები და 2008-09 წლების სეზონში ერთი ტიტულის – სკუდეტოს ამარა დატოვეს.
ჟოზე მაურინიოს ტრიუმფი
იმავე ზაფხულში ჟოზე მაურინიომ გუნდში თითქმის რევოლუციური ცვლილებები განახორციელა, გაუშვა რა გუნდის უპირობო ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონაში”. შვედის სანაცვლოდ "ინტერმა” სამუელ ეტო’ო და 40 მილიონამდე ევრო მიიღო. ამ თანხით მადრიდის "რეალიდან” შეძენილ იქნა გუნდის კიდევ ერთი მომავალი ლიდერი – უესლი სნეიდერი. სწორედ ჰოლანდიელისა და კამერუნელი, ასევე არგენტინელი დიეგო მილიტოს (რომელიც ასევე "ჯენოადან” იქნა ნაყიდი) გარჯით დაასრულა ნერიაძურიმ 2009-10 სეზონი ტრიუმფით. თუმცა ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. ინტერმა” სეზონი რიხიანად დაიწყო, სერია ა-შიც მალევე გალიდერდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდანაც უპრობლემოდ გავიდა მერვედფინალში. მთავარი ბრძოლა გაზაფხულზე დაიწყო, როცა იტალიის პირველობაზე "რომამ” ზედიზედ მოიგო მატჩები და შავ-ლურჯებს ერთ ტურში გადაასწრო კიდეც, მაგრამ დედაქალაქელებს მალევე დაუცდათ ფეხი და ხელმეორედ გალიდერებულმა ჟოზე მაურინიოს შეგორდებმა ბოძებული შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს. პარალელურად, "ინტერმა” ევროპის უპრესტიჟულესი თასის მერვედფინალში ფავორიტად აღიარებულ "ჩელსის” შინ მინიმალურად 2:1 მოუგეს და არც გასვლით მატჩში შეურცხვენიათ თავი, სძლიეს რა კარლო ანჩელოტის საწმყსოს 1:0. მეოთხედფინალში იტალიელებმა ფაქტიურად ცალი ფეხით მოუგეს მოსკოვურ ცსკა-ს . აი, ნახევარფინალში კი ნერიაძურის მეტოქე ტურნირის უპირველესი ფავორიტი, ჩემპიონთა ლიგის წინა გამარჯვებული "ბარსელონა” გახლდათ. მიუხედავად მილანში დაწინაურებისა, ხოსეპ გვარდიოლას ნაქებმა კრებულმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო და 1:3 დამარცხდა. ამის შემდეგ უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ჟოზე მაურინიოს გუნდი სეზონის ტრიუმფალურად დასრულებამდე ერთ ნაბიჯში იდგა. ასე მოხდა, საპასუხო მატჩში მართალია 0:1 დამარცხდნენ, მაგრამ "ბარსელონას” ვარსკვალურ კრებულს ფეხის განძრევის საშუალება არ მისცეს და ერთადერთი გოლიც თამაშგარედან გაუშვეს. ფინალში "ინტერს” ბაიერნი” ელოდა, ხოლო ჟოზე მაურინიოს ლუი ვან გაალი, რომლის თანაშემწეც პორტუგალიელი "ბარსელონაში” მუშაობისას გახლდათ. მწვრთნელისა და სეგირდის დრამატული ბრძოლა ამ უკანასკნელის დამსახურებელი გამარჯვებით დასრულდა. გერმანული მანქანა 2:0-ზე იქნა დამარცხებული, დუბლით კი მილანელთაგან დიეგო მილიტო გამოირჩა, რითაც იგი სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში, როგორც ერთი გუნდისთვის ერთ სეზონში მოპოვებულ ტიტულებში შეტანილი წვლილით. საქმე იმაშია, რომ იტალიის თასის ფინალში "ინტერმა” "რომა” არგენტინელის გოლით დაამარცხა. ჩემპიონატის ბოლო ტურში ნერიაძურიმ "სიენასთან” სწორედ მილიტოს კინკილა გოლით იმარჯვა. არგენტინელმა ესეც არ იკმარა და დუბლით ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნი” დასცა.
დიდი ტრიუმფიდან დღემდე
2010 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ჟოზე მაურინიო აუცილებლად წავიდოდა "რეალში”. მასიმო მორატი და მისი დამქაშები რამდენიმე კანდიდატურას (ფაბიო კაპელო, სინიშა მიხაილოვიჩი, როი ჰოჯსონი და სხვა) განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ესპანელ რაფაელ ბენიტესზე შეაჩერეს, რომელიც "ინტერში” მისვლამდე ასევე ინგლისში, კერძოდ კი "ლივერპულში” მოღვაწეობდა. რაფას სადებიუტო შეხვედრები ამხანაგური მარჩები გამოდგა, სადაც ესპანელის დამოძღვრილმა გუნდმა ამერიკულ ტურნეზე რამდენიმე მატჩი მოიგო და ერთიც წააგო. შემდეგ იყო იტალიის სუპერთასის მატჩი "რომასთან”, სადაც მილანელებმა ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარეს დედაქალაქელებს და გასული სეზონის ტრიუმფს მეოთხე ტიტული მიამატეს. სამაგიეროდ, აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი დაუდგათ ნერიაძურის მონაკოში, ლუი II-ს სახელობის სტადიონზე, სადაც ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ლომბარდიელები უძლურნი აღმოჩნდნენ მადრიდის "ატლეტიკოსთან” და მატჩი 0:2-ზე დათმეს.
სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები:
საკლუბო რეკორდები
ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ინტერის მაისურით ჯუზეპე ბერგომი – 758 ხავიერ ძანეტი – 732 ჯაჩინტო ფაკეტი – 634 სანდრო მაცოლა – 565 ჯუზეპე ბარეზი – 559 მარიო კორსო – 502 ვალტერ ძენგა – 473 ტარჩიზიო ბურგნიჩი – 467 ალესანდრო ალტობელი – 466 რიკარდო ფერი – 418
ყველაზე მეტი გოლი ინტერის მაისურით ჯუზეპე მეაცა – 288 ალესანდრო ალტობელი – 209 რობერტო ბონინსენია – 171 ლუიჯი ჩევერინი – 158 სანდრო მაცოლა – 158 ბენიტო ლორენცი – 143 იშტვან ნიერსი – 133 კრისტიან ვიერი – 123 ერმანო აები – 106 მარიო კორსო – 94
საუკეთესო ბომბარდირი (სერიაА): ჯუზეპე მეაცა —— 197 საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში: ლუიჯი ჩევენინი —- 37 (1913-14) ყველაზე მეტი მატჩი სერია А-ში: ხავიერ ძანეტი —— 525
სერია A-ში მატჩები ხავიერ ძანეტი – 525 ჯუზეპე ბერგომი – 519 ჯაჩინტო ფაკეტი – 476 სანდრო მაცოლა – 418 მარიო კორსო – 414 ჯუზეპე ბარეზი – 392 ჯუზეპე მეაცა – 365 ტარჩიზიო ბურგნიჩი – 359 ვალტერ ძენგა – 328 ალესანდრო ალტობელი – 317
იტალიის თასზე მატჩები ჯუზეპე ბერგომი – 122 ჯუზეპე ბარეზი – 94 ჯაჩინტო ფაკეტი – 85 ალესანდრო ალტობელი – 80 სანდრო მაცოლა – 80 ჯამპიერო მარინი – 77 ვალტერ ძენგა – 74 გაბრიელე ორიალი – 70 ხავიერ ძანეტი – 67 გრაციანო ბინი – 66 რიკარდო ფერი – 66
ევროთასებზე მატჩები ხავიერ ძანეტი – 140 ჯუზეპე ბერგომი – 117 ივან კორდობა – 93 ჯუზეპე ბარეზი – 73 ჯაჩინტო ფაკეტი – 73 ვალტერ ძენგა – 71 ალესანდრო ალტობელი – 69 სანდრო მაცოლა – 67 მარკო მატერაცი – 62 რიკარდო ფერი – 62 ტარჩიზიო ბურგნიჩი – 61
სერია A-ში გოლები ჯუზეპე მეაცა – 247 ლუიჯი ჩევერინი – 158 ბენიტო ლორენცი – 138 იშტვან ნიერსი – 133 ალესანდრო ალტობელი – 128 სანდრო მაცოლა – 116 რობერტო ბონინსენია – 113 ერმანო აები – 106 კრისტიან ვიერი – 103 ატილიო დემარია – 76
იტალიის თასზე გოლები ალესანდრო ალტობელი – 46 რობერტო ბონინსენია – 36 სანდრო მაცოლა – 24 ხულიო რიკარდო კრუზი – 13 ჯუზეპე მეაცა – 12 ედვინგ ფირმანი – 11 ჯაჩინტო ფაკეტი – 10 ალდო სერენა – 10 ობაფემი მარტინსი – 9 მარიო კორსო – 9
ევროთასებზე გოლები ალესანდრო ალტობელი – 35 ჯუზეპე მეაცა – 29 ბობერტო ბონინსენია – 22 ადრიანო – 18 სანდრო მაცოლა – 18 ხულიო რიკარდო კრუზი – 13 ალვარო რეკობა – 13 ობაფემი მარტინსი – 12 ჟაირი – 12 ალდო სერენა – 12 ეტო’ო – 12
*-მოქმედი ფეხბურთელების სტატისტიკური მონაცემები მოცემულია 2011 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით.
ინტერის ყველა მწრთვნელი
ვირჯილიო ფოსატი————-იტ————-1909–1915 ნინო რესეგოტი——————იტ————-1919 ფრანჩესკო მაურო—————იტ————-1919–1920 ბობ სპოტიშვუდი—————ინგ————-1922–1924 პაოლო შიდლერი—————იტ————-1924–1926 არპად ვაიში———————უნგ————-1926–1928 იოზეფ ვიოლა——————-უნგ————-1928–1929 არპად ვაიში———————უნგ————-1929–1931 იშტვან ტოტი——————–უნგ————-1931–1932 არპად ვაიში———————უნგ————-1932–1934 გუილა ფელდმანი————–უნგ————-1934–1936 ალბინო კარარო—————–იტ————-1936 არმანდო კასტელაცი————იტ————-1936–1938 ტონი კარნიელი—————–ავს————-1938–1940 ჯუზეპე პერუჩეტი————–იტ————-1940 იტალო ძამბერლეტი————იტ————-1941 ივო ფიორენტინი—————-იტ————-1941–1942 ჯოვანი ფერარი——————იტ————-1942–1945 კარლო კარსანო——————იტ————-1945–1946 ნინო ნუტრიციო—————–იტ————-1946 ჯუზეპე მეაცა——————–იტ————-1947–1948 კარლო კარსანო—————–იტ————-1948 დეი ესთლი——————–უელ————-1948 ჯულიო კაპელი—————-იტ————-1949–1950 ალდო ოლივიერი————–იტ————-1950–1952 ალფრედო ფონი—————-იტ————-1952–1955 ალდო კამპატელი————–იტ————-1955 ჯუზეპე მეაცა——————იტ————-1955–1956 ანიბალე ფროზი—————იტ————-1956 ლუიჯი ფერერო—————იტ————-1957 ჯუზეპე მეაცა——————იტ————-1957 ჯესი კერვერი——————ინგ————-1957–1958 ჯუზეპე ბიგონიო————–იტ————-1958 ალდო კამპატელი————-იტ————-1959–1960 კამილო აკილი—————-იტ————-1960 ჯულიო კაპელი—————იტ————-1960 ელენიო ერერა —————არგ————-1960–1968 ალფრედო ფონი————–იტ————-1968–1969 ერიბერტო ერერა ————პარ————-1969–1971 ჯოვანი ინვერნიცი————იტ————-1971–1973 ენეა მასიერო——————-იტ————-1973 ელენიო ერერა—————-არგ————-1973 ენეა მასიერო —————–იტ————-1974 ლუის სუარესი—————ესპ————-1974–1975 ჯუზეპე კიაპელა————-იტ————-1976–1977 ეუჯენიო ბერსელინი——–იტ————-1977–1982 რინო მარკეზი—————-იტ————-1982–1983 ლუიჯი რადიჩე————–იტ————-1983–1984 ილარიო კასტანიერი———იტ————-1984–1986 მარიო კორსო—————–იტ————-1986 ჯოვანი ტრაპატონი———-იტ————-1986–1991 კორადო ორისო————–იტ————-1991 ლუის სუარესი—————ესპ————-1992 ოსვალდო ბანიოლი———-იტ————-1992–1994 ჯამპიერო მარინი————-იტ————-1994 ოტავიო ბიანკი—————-იტ————-1994–1995 ლუის სუარესი—————-ესპ————-1995 როი ჰოჯსონი—————–ინგ————-1995–1997 ლუჩანო კასტელინი———-იტ————-1997 ლუიჯი სიმონი—————იტ————-1997–1998 მირჩა ლუჩესკუ————–რუმ————-1999 ლუჩანო კასტელინი———-იტ————-1999 როი ჰოჯსონი—————–ინგ————-1999 მარჩელო ლიპი —————იტ————-1999–2000 მარკო ტარდელი————–იტ————-2000–2001 ექტორ რაულ კუპერი ——-არგ————-2001–2003 კორადო ვერდელი————იტ————-2003 ალბერტო ძაკერონი———–იტ————-2003–2004 რობერტო მანჩინი————-იტ————-2004–2008 ჟოზე მაურინიო————–პორტ————2008–2010 რაფაელ ბენიტესი ———–ესპ—————2010-2010 ლეონარდო —————–ბრაზ—-2010-
|