ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. ამის უმთავრესი მიზეზი კი რასაკვირველია ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც თავიანთი ჯადოსნური თამაშით მოხიბლეს და აღტაცებაში მოიყვანეს უამრავი გულშემატკივარი. მე შევეცდები ერთ-ერთ მათგანზე იმ მრავალრიცხოვანი ფეხბურთელებიდან, რომლებიც ასეთი თვისებებით გამოირჩეოდნენ გავაკეთო აქცენტი და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიელი სუპერ-ვარსკვლავი ლუიზ ნაზარიო დე ლიმა რონალდო გაგახსენოთ.
ადამიანი ფენომენი, რომლისთვისაც მოედანზე არაფერი იყო შეუძლებელი, გასაოცარი ტექნიკისა და უზუსტესი დარტყმის მქონე, რომელსაც ახასიათებდა გასაოცარი დრიბლინგის უნარი. ითამაშა ისეთ კლუბებში, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ: ესპანეთში: ბარსელონას და რეალის, ხოლო იტალიაში: ინტერისა და მილანის რიგებში, მაგრამ მიუხედავად ამისა მასზე ყველგან თბილად საუბრობენ, უყვართ და აფასებენ.
მისი პროფესიონალური კარიერა ჰოლანდიაში, კერძოდ პსვ ეინდჰოვენში 1994 წელს დაიწყო და მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ტრიუმფალური. 18 წლის ბრაზილიელის შეჩერებას მოედანზე ვერავინ ახერხებდა, რაზეც 2 სეზონში 54 გოლის გატანაც მოწმობს 57 შეხვედრაში. მისი თამაშით მთელი საფეხბურთო სამყარო აღფრთოვანებული იყო და რასაკვირველია ევროპული გრანდების დაინტერესებაც გამოიწვია,რომელთა შორის რონალდოსთვის ბრძოლაში კატალონიის ბარსელონამ ყველას აჯობა.
1996-97 წლების სეზონი შეიძლება საუკეთესოდაც მივიჩნიოთ მის კარიერაში, მიუხედავად იმისა რომ მან მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა ბარსელონაში, კლუბის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ის ნამდვილ საოცრებებს გვთავაზობდა, გაჰქონდა უამრავი გოლი, მაგრამ ამ გოლების სილამაზე იყო განსაკუთრებით აღსანიშნავი, სეზონის ბოლოს 47 გოლი დაუგროვდა 49 შეხვედრაში, რაც გასაოცარი შედეგი იყო. ესპანეთის ჩემპიონატში 34 გოლს მოუყარა თავი, რომელიც რეკორდული მაჩვენებელი გახლდათ იმ დროისათვის(მოგეხსენებათ რონალდოს რეკორდი, კრიშტიანუ რონალდუმ დაამხო 2011 წელს 40 გოლით, თუმცა ერთ წელიწადში მესიმ გააუმჯობესა პორტუგალიელის შედეგი და 50 გოლის გატანა მოახერხა) და "პიჩიჩისაც” ღირსეულად დაეუფლა. თუმცა ეს არ იყო მისთვის ერთადერთი ინდივიდუალური ჯილდო 1996 წლისთვის, ის ფიფას ვერსიით მსოფლიოს საკუთესო ფეხბურთელად დაასახელეს და გახდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი პატივი ერგო, მისი მიღწევა დღემდე განუმეორებელია და ეჭვი მეპარება რომ უახლოეს მომავალში დაფიქსირდეს მსგავსი შედეგი.
ბარსელონაში გატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ მისი მილანის ინტერში გადაბარგება მოულოდნელი იყო, თუმცა მისი საფეხბურთო კარიერა ნამდვილად არ დაკნინებულა, პირიქით ინტერში მისი პირველივე სეზონი ტრიუმფალური აღმოჩნდა, ტიფოზებმა მას მალევე გამოუძებნეს შესაბამისი სახელი და ფენომენს ეძახდნენ.
შესანიშნავი თამაშის შედეგად უკვე ზედიზედ მეორედ გახდა 21 წლის რონალდო ფიფას ვერსიით მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი და "ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთიც მოიპოვა. ის იყო ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იმ დროისათვის, მას თვით ფეხბურთის მეფის, პელეს მემკვიდრედ მიიჩნევდნენ და თავად პელეც აღნიშნავდა მის უდიდეს ტალატსა და პოტენციალს გამხდარიყო მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.
და რომ არა მისი ტრამვები, რომელიც მუდმივად თან ახლდა ბრაზილიელ თავდამსხმელს შესაძლოა დაეჩრდილა კიდეც ისეთი ლეგენდარული საფეხბურთო ფიგურა, როგორიც პელეა. მისმა უმძიმესმა ტრამვამ, რომელიც მან ინტერში მიიღო, შეაფერხა მისი შთამბეჭდავი კარიერა და ხანგძლივად მოუხდა უქმოობა, თუმცა მოედანზე დასაბრუნებლად თავს არ ზოგავდა, რაც ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა 2002 წლისათვის, ლუიშ ფილიპე სკოლარიმ დაუფასა მას და პრაქტიკის არ მქონე "კიჭა” კორეა/იაპონიაში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე წაიყვანა და როგორც შემდეგ გაირკვა არც შემცდარა, რადგან სწორედ რონალდოს კარგმა თამაშმა განაპირობა, რომ ბრაზილიელები მეხუთედ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მისი უღიმღამო თამაში, რომელიც რამ გამოიწვია დღესაც უცნობია, რონალდომ ნამდვილად შეძლო ყოველი ბრაზილიელისათვის იმ სიხარულის ჩუქება, რომელსაც მისგან ჯერ კიდევ წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთში ელოდნენ.
რონალდომ კორეა/იაპონიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 7 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და დამსახურებულადაც გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, თუმცა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობას ვერ შეწვდა, რადგან მცირე უპირატესობით ოლივერ კანმა, გერმანიის ნაკრების უდაოდ გამორჩეულმა ფეხბურთელმა, რომელსაც ფინალში 2 გოლი გაუტანა, აჯობა მას.
ფენომენი დაბრუნდა, დაბრუნდა და თან როგორ?!
მადრიდის რეალმა მილიონები არ დაიშურა მის გადმოსაბირებლად, ფლორენტინო პერესმა, ფიგოს და ზიდანის შემდეგ კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა და ბრაზილიელი სუპერ-ვარსკვლავი ესპანეთში, ოღონდ ამჯერად მადრიდის რეალში აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიოში ხელახლა დაიწყო რონალდომანია. სწრაფადვე ამოიღო მადრიდის რეალმა ის თანხა რაც მის სანაცვლოდ მილანის ინტერს გადაუხადეს. რონალდოს მილიონობით მაისური იყიდებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია.
2002 წელს ფიფამ მესამედ არგუნა მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა, ფრანს ფუტბოლის ვერსიითაც ის აღმოჩნდა საუკეთესო.
მადრიდის რეალში გადმოსვლა მისთვის ახალი გამოწვევა იყო, აქ თამაშობდნენ მსოფლიოს საკუთესო ფეხბურთელები, მადრიდში ნამდვილი საფეხბურთო გალაქტიკა იყო შექმნილი, თუმცა მას არ გასჭირვებია ახალ კლუბთან შეგუება და სწრაფადვე გაიარა ადაპტაცია. პირველივე სეზონში ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მეორედ დაეუფლა "პიჩიჩის” უკვე მადრიდის რეალის ფეხბურთელის რანგში. 2002/2003 წლების სეზონის მთავარი მატჩი კი აშკარად "ოლდ ტრაფორდზე” ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგის 1/4ფინალში სადაც 3 გოლის გატანა მოახერხა და საკუთარ გუნდს 1/2ფინალისკენ გაუძღვა. "ოლდ ტრაფორდის” ტრიბუნებიდან მაყურებელი ტაშით აცილებდა ბრაზილიელ ვარსკვლავს, რომელიც ვისენტე დელ ბოსკემ მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალა. (რომან აბრამოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორედ რონალდომ მოახდინა მასზე უდიდესი გავლენა შეეძინა საფეხბურთო კლუბი, როდესაც მისი თამაში იხილა მანჩესტერ იუნაიტედთან.) პირველივე სეზონში გახდა ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი, ასევე საუკეთესო სამხ. ამერიკელი ფეხბურთელი ესპანეთში და ესპანეთის ჩემპიონატსაც დაეუფლა.
მის ინდივიდუალურ და გუნდურ მიღწევებზე ნაკლებად მინდა ყურადღება გავამახვილო, რადგან ეს ყველასთვის ცნობილია და რომც არ იყოს ცნობილი მისი მოპოვება, ძალზედ ადვილია სხვადასხვა საიტებზე, მაგრამ როცა მასზე გიწევს საუბარი უბრალოდ ვერ გაექცევი ინდივიდუალურ და გუნდურ მიღწევებსაც, რადგან ფეხბურთელს გამორჩეულს და განსაკუთრებულს სწორედ ეს ყველაფერი აქცევს.
ამის შემდეგ მის კარიერაში ტრამვების სიხშირემ იმატა, იმატა ქალების მიმართ ინტერესმაც, რომელიც არც არასოდეს აკლდა, ბარებში სიარულსაც მოუხშირა, წონაშიც მოიმატა და ეს ყველაფერი ფეხბურთთან რომ ვერ იმეგობრებდა ყველას კარგად მოგვეხსენება, თუმცა მის კლასსა და პროფესიონალიზმში ეჭვი არავის არასოდეს შეუტანია არც ახლა და არც მაშინ. რასაც ის სტადიონზე თავისი საოცარი თამაშით ახერხებდა.
მისი მთავარი გამოწვევა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, რომელიც გერმანიაში გაიმართა. ბრაზილიელ თავდამსხმელს, რომელსაც 12 გოლი ჰქონდა გატანილი 1998 და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე, 2 გოლი აშორებდა გერმანელი ფეხბურთელის, გერდ მიულერის რეკორდამდე, რომელიც 14 გატანილი ბურთით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს ატარებდა, თუმცა რონალდომ ჯერ დუბლი იაპონიასთან მატჩში შეასრულა ჯგუფურ ეტაპზე და ერთი გოლიც 1/8ფინალში განის ეროვნულ ნაკრებს უსახსოვრა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეს იყო მისი უკანასკნელი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე და ზოგადად ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც, რადგან შემდეგ ეტაპზე ბრაზილიელები ფრანგებთან 1:0 დამარცხდენ და ტურნირსაც ნაადრევად გამოემშვიდობნენ, არადა რონალდოს გარდა გუნდში ბრაზილიელებს: რონალდინიო, კაკა, კარლოსი,ადრიანო,ზე რობერტო, კაფუ, ლუსიო ჰყავდათ და უდავო ფავორიტებადაც ითვლებოდნენ, თუმცა ტიერი ანრის ერთადერთი გოლის და ზინედინ ზიდანის ბრწყინვალე თამაშის შედეგად ნაადრევად დაადგნენ ბრაზილიისკენ მიმავალ გზას. ფრანგებთან მატჩის შემდეგ რონალდო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში არ გამოჩენილა და მხოლოდ მაშინ მოირგო ეროვნული ნაკრების 9 ნომრიანი მაისური, როცა 2011 წელს ნაკრებიდან გააცილეს რუმინეთთან მატჩში. მადრიდის რეალში ფაბიო კაპელოს მთავარ მწვრთნელად დანიშნვას რონალდოს მადრიდული კარიერის დასასრული მოჰყვა. იტალიელი სპეციალისტი ჰოლანდიელ რუუდ ვან ნისტელროისა და რაულზე აკეთებდა აქცენტს რეალის შეტევაში, რონალდოს კი სათადარიგო სკამზე ჯდომა საერთოდ არ ხიბლავდა. რის შედეგადაც 2007 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იტალიაში, თავისი ყოფილი კლუბის ინტერის მთავარ მოწინააღმდეგე, მილანთან გააფორმა კონტრაქტი.
მილანური კარიერა მისთვის ახალი სუნთქვის გახსნას მოასწავებდა, მადონინაში გოლითაც გამოიჩინა თავი და სტაბილურადაც დაიწყო გოლების გატანა. კაკასთან და პატოსთან ერთად ბრაზილიური ტრიოც შექმნა მილანში, თუმცა დიდხანს ამ ტრიოს არ უარსებია, ისევ უმძიმესი ტრამვა და რონალდო კარიერის დასრულების საშიშროების წინაშე დადგა, თუმცა ბუცის ლურსმანზე ჩამოკიდება 31 წის ასაკში არ მოისურვა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა და აღდგენითი ვარჯიშებიც დაიწყო. მკურნალობის შემდეგ, მისი მთავარი მიზანი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა იყო, თუმცა დუნგამ ის მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ კარგ ფორმაში იყო და გოლებიც გაჰქონდა კორინთიანსის შემადგენლობაში მაინც არ გამოიძახა და მის ნაცვლად ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა აქცენტი, შედეგები კი ყველამ კარგად ვიცით, ბრაზილია 1/4ფინალს ვერ გაცდა და ჰოლანდიელებთან მარცხით გამოემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონატს, დუნგა კი ეროვნული ნაკრების მწვრთნელობას.
მილანიდან ბრაზილიაში დაბრუნებულმა რონალდომ, რომელიც კორინთიანსში გადავიდა სადებიუტო მატჩშივე მოახერხა გოლის გატანა, თავური დარტყმით და ისე აღნიშნა გატანილი გოლი, თითქოს კარიერაში გოლის გემო არ დაეგემოვნა. პაულისტას ჩემპიონატი მოაგებინა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა ვეტერანი კიჭა.
ითამაშო ბრაზილიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთსა და იტალიაში და ყველგან გამორჩეული იყო ეს უბრალოდ განმაცვიფრებელია. მისი მიღწევები და რეკორდები მართლაც რომ შთამბეჭდავია, თუმცა მისი ადამიანური ღირსებები, ჩემთვის პირადად უმთავრესია, ზიდანთან საქველმოქმედო მატჩებში ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას და მატჩზე შემოსული თანხით ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ულ ახლახან სინანულით განაცხადა იმის შესახებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე 19 შეხვედრაში მხოლოდ 15 გოლი აქვს გატანილი, მაშინ როცა გაცილებით მეტი შეეძლო გაეტანა და ამის მიზეზად ის დაასახელა რომ გასართობ საღამოებზე ძალიან ხშირად ჩნდებოდა, იმის ნაცვლად რომ ევარჯიშა. რონალდო არის ფეხბურთელი, რომელიც ჩემთვის პირადად ასოცირდება ულამაზეს გოლებთან, შესანიშნავ დრიბლინგთან და ფინტთან, რომელიც რონალდოსთვის სავიზიტო ბარათივით იყო. ფეხბურთის მიმართ ჩემი უდიდესი სიყვარულიც მას უკავშირდება. ის არის იყო და იქნება ჩემი კუმირი და არამარტო ჩემი დარწმუნებული ვარ უამრავი ადამიანის.
|