მილანის "ინტერსა" და კატალონიურ "ბარსელონას" შორის შესაძლოა კიდევ ერთი გაცვლა განხორციელდეს. Football Italia-ს ცნობით, იანვრის სატრანსფერო პერიოდში, მილანურ კლუბში 24 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველი, იაია ტურე გადავა, მის სანაცვლოდ კი, "ბარსელონა" იტალიის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის მიიღებს. რამდენიმე დღის წინათ,ნერაძურის თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ აღიარა - 19 წლის თავნება ფორვარდის მართვა საკმაოდ მიჭირს და თუკი იგი გონს არ მოეგება, არაა გამორიცხული, კლუბის ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა ვთხოვოო. თავის მხრივ, გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არც იაია ტურე უნდა იყოს. მიმდინარე სეზონში აფრიკელმა შუახაზელმა "ბარსას" ძირითადში ადგილი დაკარგა (პრიმერა დივიზიონის 11 ტურიდან, მხოლოდ 5-ში ითამაშა), სათადარიგოებში ყოფნა კი, მის გეგმებში აშკარად არ შედის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საბაბი, რამაც შესაძლოა გაცვლის განხორციელებას ხელი შეუწყოს ისაა, რომ მოურინიოს ძალიან სურს მაღალი კლასის საყრდენი ნახევარმცველის დამატება, ტურეს კი, ამ როლის შესრულება მშვენივრად ეხერხება. დაბოლოს კლუბების ფაქტორიც - ინტერისა და "ბარსელონას ხელმძღვანელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რაც გაცვლის ალბათობას ერთი-ორად ამაღლებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ამ გუნდებს შორის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი შედგა - ზლატან იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ "ბარსამ" "ინტერს" ოც მილიონ ევროდ შეფასებული სამუელ ეტოოც დაუთმო და ზედ 46 მილიონიც დაუმატა.
|