გუშინ საღამოს, იტალიაში საფეხბურთო აუქციონი გაიმართა, რომლის შედეგებიც დღეს Football Iitalia-მ გამოაქვეყნა. აპენინებზე საფეხბურთო აუქციონის გამართვა ჩვეული რამაა. როდესაც ერთი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 2 თანაბარი ნაწილი ორ კლუბს ეკუთვნის, ამ კლუბებს შორის იმართება ბრმა აუქციონი. ორივე კლუბი თითო ფსონს აკეთებს და რომლის ფსონიც უფრო მაღალი აღმოჩნდება, იგი მოახერხებს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვას. სწორედ ბრმა აუქციონის წყალობით გახდა 25 წლის მეკარე ემილიანო ვივიანო ინტერის წევრი. მილანელები ვივიანოსთვის ბოლონიასთან იბრძოდნენ და ემილია-რომანელებს რომ წესების დაცვით ემოქმედათ, ფეხბურთელი მათთან დარჩებოდა, მაგრამ ბოლონიას პრეზიდენტმა საჭირო ფორმა არასწორად შეავსო და წესის თანახმად, ფეხბურთელი ინტერს ხვდა წილად. მილანელებმა ვივიანოს სატრანსფერო უფლებების ორმოცდაათ პროცენტში 4.1 მილიონი ევრო გადაიხადეს. უდინეზეს საკუთრება გახდა გაეტანო დაგოსტინო, რომელიც უდინელებმა ფიორენტინაში ერთწლიანი თამაშის შემდეგ დაიბრუნეს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც თავის ყოფილ კლუბს დაუბრუნდა, ალბინ ეკდალია. 21 წლის შემტევი ნახევარმცველისთვის ბრძოლა იუვენტუსმა ბოლონიას მოუგო. სამპდორიაში 2 წლის გატარების შემდეგ, ნაპოლიში ბრუნდება დანიელე მანინი; უდინეზედან ფერნანდო ფორესტიერი დაიბრუნა ჯენოამ; დანიელე კაჩასთვის ბრძოლა პიაჩენცას მოუგო ლეჩემ; ანტიმო იურიკო ტორინოს არ დაუთმო კიევომ; ჯანი მუნარისთვის ბრძოლაში ლეჩე პალერმოსთან დამარცხდა; სიმონე პეშე კატანიას ნაცვლად ასკოლიში ითამაშებს, ხოლო რიკარდო მეგიორინიმ ბოლონიადან ჯენოას მიაშურა.
|