ხავიერ მასკერანო და მილანის "ინტერი" სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს - "კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპულის" დირექტორატის წარმომადგენელ ედუარდო მაჩიას იტალიაში საქმიანი ვიზიტი ჰქონდა და დროის დიდი ნაწილი სწორედ მილანში, ?"ინტერის" მესვეურებთან აუდიენციაში გაატარა. ინგლისელები არგენტინელის სანაცვლოდ რომ 30 მილიონ ევროს ითხოვენ, კარგად მოგეხსენებათ, მილანელები კი მზად არიან 15 მილიონი გადაიხადონ და ზედ სალი მუნტარი მიაყოლონ. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა მაჩიამ "ინტერის" წარმომადგენლებთან და პრესასთანაც გააკეთა კომენტარი: "მოლაპარაკებები გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ფაზაშია შესული. დასამალი არაფერია, თავად ფეხბუღთელს სურს იტალიაში გადაბარგება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეთანხმება შედგეს. შესაბამისად, მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ორივე მხარე მზად არის, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, რაც შედეგის მიღწევასთან ყოველდღიურად გვაახლოვებს. გადავა თუ არა მუნტარი "ლივერპულში"? - ერთ-ერთ ვარიანტად ესეც განიხილება, თუმცა პირდაპირ გეტყვით, ამის ალბათობა ძალიან დაბალია". მუნტარის "ლივერპულში" გადასვლის ალბათობა მართლაც დაბალია და ეს იქიდანაც ჩანს, რომ მაჩიას ტურინის "იუვენტუსის" მესვეურებთანაც ჰქონდა საქმიანი შეხვედრა. "მერსისაიდელები" კრისტიან პოულსენის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი, რათა ამ უკანასკნელმა ხავიერ მასკერანოს ადგილი დაიკავოს. ჯერჯერობით, მოლაპარაკების დეტალები უცნობია, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ტურინელები ფეხბურთელთან განშორების წინააღმდეგნი არ არიან. თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, დანიელი საყრდენის ფასი რვა მილიონი ევროა, რაც წესით ლივერპულელებისთვის მისაღები თანხა უნდა იყოს. მით უმეტეს, მასკერანოს გასხვისებით ხაზინას გვარიანად გაიმდიდრებენ. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც "ინტერთან" დაკავშირებით ვრცელდება, დეიან სტანკოვიჩს ეხება. გასულ სეზონში, სერბი ნახევარმცველი იშვიათად ხვდებოდა გუნდის ძირიითად შემადგენლობაში, არადა, როგირც თვითონ აცხადებს შესანიშნავ ფორმააშია და გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ამის საშუალება ეძლევა. ამის თქმა იყო და "ლაციოს" პრეზიდენტი გამოჩნდა ავანსცენაზე, რომელიც ბოლო დროს ძალიან გააქტიურებულია. შეგახსენებთ, რომ სტანკოვიჩმა სწორედ "ბიანკოჩელესტეში" ასპარეზობით გაითქვა სახელი და გუნდის გულშემატკივრებს ის დღემდე ძალიან უყვართ. მოკლედ, სერბი "ლაციოში" შემთხვევითი კაცი არ გახლავთ და რომაელებს მისი დაყოლიების იმედი ამადაც აქვთ. აი, რას ამბობს კლაუდიო ლოტიტო: "კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა გვსურს, მათ შორის, დეიან სტანკოვიჩის. სერბი უმაღლესი კლასის ნახევარმცველია, რომელმაც შესანიშნავად იცის რა არის იტალიური ფეხბურთი და კერძოდ "ლაციო". მოლაპარაკების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უახლოეს დღეებში აუცილებლად შევეხმიანები მილანელ კოლეგებს და შემდეგ უკვე ფეხბურთელთანაც გავალ კონტაქტზე. ვიცი, რომ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და სურს, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იასპარეზოს, რისი პრობლემაც "ლაციოში" ნამდვილად არ შეექმნება".
|