ათწლიანი მილანური კარიერის შემდეგ, მარკო მატერაცი ინტერს ემშვიდობება. აღნიშნული ინფორმაცია, დღეს, იტალიურმა სპორტულმა გამოცემებმა გაავრცელეს. მხარეებმა თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მატერაცი და მასიმო მორატი ერთმანეთს შეხვდნენ. ინტერის პრეზიდენტმა, 37 წლის ცენტრალურ მცველს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატერაცი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს, ხოლო ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, "ინტერში” დაბრუნდება და კლუბის ადმინისტრაციაში დაიწყებს მუშაობას. მარკო მატერაცი ინტერში 2001 წლიდან თამაშობდა. "ნერაძურისთან” ერთად, მას იტალიის ჩემპიონატი (5-ჯერ), იტალიის თასი (4-ჯერ), იტალიის სუპერთასი (4-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ინტერს ეხება, არის გუნდის ლიდერების – მაიკონის, სნეიდერისა და ეტოოს შესახებ მასიმო მორატის განცხადება. მილანელთა პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად არაერთხელ გავრცელებული ჭორისა, სამივე ეს ფეხბურთელი "ინტერში” რჩება.
|