ცნობილი იტალიელი ცენტრალური მცველი მარკო მატერაცი "ინტერის" ყოფილ მწვრთნელებს, ჟოზე მოურინიოსა და რაფაელ ბენიტესს ერთმანეთს ადარებს. მისი თქმით, პორტუგალიელი საუკეთესო იყო, ხოლო ბენიტეს საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინოდა.
"მოურინიო საუკეთესო იყო. მისი საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ იგი ფეხბურთელებს აიძულებდა, საკუთარი თავი დიდი პროექტის შემადგენელ ნაწილად ეგრძნოთ. გუნდიდან წასვლის შესახებ მან მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს გვითხრა.
ბენიტესთან ურთიერთობა ვერ დავალაგე. იგი მაიძულებდა, კარადიდან მოურინიოსთან და ლიპისთან ერთად გადაღებული სურათები ჩამომეხსნა. ბენიტესი ფიქრობდა, რომ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მას საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინოდა" - ციტირებს მატერაცის სიტყვებს Goal-ი.