მანჩესტერ იუნაიტედმა” სატრანსფერო კონკურენციაში შეიძლება მორიგი მარცხი იწვნიოს. ჩილელი ალექსის სანჩესის თაობაზე იტალიურ "უდინეზესთან” მოლაპარაკება თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი, როდესაც "ბარსელონა” საგრძნობლად გააქტიურდა და ფორვარდი უკვე "კატალონიელია”. ამჯერად საქმე უესლი სნეიდერის ტრანსფერს ეხება. "მანიუს” უმთავრესი კონკურენტი კი თანაქალაქელი "სიტია” და საქმეს ისეთი პირი უჩანს, 27 წლის ჰოლანდიელ ნახევარმცველს სწორედ "სიტი” გადაიბირებს. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უკვე ჟურნალისტებთან საუბარშიც დაადასტურა, რომ ოცდაათ მილიონ გირვანქად დაფასებული სნეიდერი მისი უმთავრესი სამიზნეა. The Daily Star-ის ცნობით, ანალოგიურ სურვილს არც "მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი მალავს, რომელიც პოლ სქოულზის შემცვლელის ძიებაშია, მაგრამ ბევრ რამეს ფეხბურთელისთვის შეთავაზებული თანხა გადაწყვეტს. ფინანსურად კი, "სიტის” ვარიანტი უფრო რეალურია. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ უესლი სნეიდერი ახალი კლუბისგან ყოველკვირეულ გასამრჯელოდ 200 ათას გირვანქას მოითხოვს.
|