ინტერმა პალერმოს წინააღმდეგ ფანტასტიკური 3 ქულა გამოიმუშავა.მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 0-2 აგებდნენ, თუმცა ახალწვეული ჯამპაოლო პაცინის წყალობით პოზიტიური შედეგი მიიღეს. აღსანიშნავია, არგენტინელი ხავიერ პასტორეს აცილებული პენალტი… ამ დარტყმას შეეძლო ანგარიში 1-3 გაეხადა.
ერთი კვირის უკან ინტერი უდინეზესთან ყველა კომპონენტში დამარცხდა და ბევრი ამ კვირაში ელოდა გუნდის რეაბილიტაციას. თუმცა პირველი მარცხიანი ტაიმის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა.
"შავ-ლურჯებს” ტრავმის მოშუშების შემდეგ ბრაზილიელები, ჟულიო სეზარი და ფელიპე კოუტინიო, დაუბრუნდნენ. რაც შეეხება პალერმოს, გუნდში არანაირი ცვლილება არ ყოფილა. შემტევი ხაზი კვლავ პასტორე, მიკოლი, ილიჩიჩით იყო შემდგარი.
პირველი გოლიც სწორედ მიკოლის აქტიურობას მოჰყვა… ახალგაზრდა სანტონი ახალგაზრდულად შეცდა და ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს სიცილიელთა ფორვარდმა ინტერის კარისკენ გზა უჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ გოლის შემდეგ ინტერი მეტად გააქტიურდა და დომინირებდა, კარში მეორე გოლი მიიღო. ბურთი ნოჩერინომ გაიტანა.
ამრიგად პირველი ტაიმი 0-2 დასრულდა..
მეორე ნახევრის დასაწყისშივე ცუდად მოთამაშე ორი ახალგაზრდა ლეონარდომ მოედნიდან გაიყვანა. კოუტინიოსა და სანტონის ნაცვლად პაცინი და ხარჯა შემოვიდნენ. ორივე ფეხბურთელისთვის ინტერის შემადგენლობაში დებიუტი იყო.
პაცინიმ და ხარჯამ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს დამსწრე პუბლიკაზე. სწორედ იტალიელმა თავდამსხმელმა ფარივით დაიცვა ბურთი მუნოსისგან და ისე დაარტყა, რომ მეტოქის გოლკიპერი უშანსოდ დატოვა.
მატჩის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე ლუსიოს წინააღმდეგ პალერმოს ფეხბურთელებმა უხეშად ითამაშეს. საჯარიმო დარტყმიდან ჩამოწოდებულ ბურთს პაცინიმ თავი დაუხვედრა და პირველ მატჩში პირველი დუბლი გაიფორმა.
ამის შემდეგ 75 წუთზე ისევ ჯიამპაოლო აქტიურობდა მეტოქის საჯარიმოში და ჰეთრიკსაც გაიფორმებდა, რომ არა მცველის "გვერდული”. მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც სამუელ ეტოომ უნაკლოდ შეასრულა და საბოლოოდ 3-2 დაფიქსირდა.
ვიდეო
ინტერი 3-2 პალერმო
გოლები: პაცინი, 57, 74, ეტოო, 76 (პენალტი) – მიკოლი, 5, ნოჩერინო, 36
ინტერი: ჟულიო სეზარი, მაიკონი, ლუსიო, რანოკია, სანტონი (ხარჯა, 46), ძანეტი, კამბიასო (ობი, 80), მოტა, კოუტინიო (პაცინი, 46),მილიტო , ეტოო
პალერმო: სირიგუ, კასანი, მუნოსი, ბოვო, ბალძარეტი, ნოჩერინო, მილიაჩო, ბაჩინოვიჩი, ილიჩიჩი, პასტორე, მიკოლი (კასამი)
გაფრთხილება: ეტოო, მოტა, ხარჯა – ბაჩინოვიჩი, მუნოსი, სირიგუ
64-ე წუთზე პასტორემ პენალტი ვერ გაიტანა.
|