შვეიცარიული ორგანიზაციის PFPO-ს სპეციალისტებმა შეისწავლეს ევროპის 36 ჩემპიონატის, 534 კლუბიდან 13 000 ფეხბურთელი. მათ დაადგინეს, რომ ევროპაში ყველაზე მაღალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბებია ავსტრიული "მატერსბურგი” და ლუცკის "ვოლინი”.
გამოკითხვის თანახმად "ვოლინის” და "მატერსბურგის” ფეხბურთელთა საშუალო სიმაღლე 186 სმ-ა. ყველაზე დაბალ გუნდად კი, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი "ბარსელონა” ითვლება. კატალონიური კლუბის მოთამაშეთა საშუალო სიმაღლე 177 სმ-ა.
PFPO-ს სპეციალისტებმა ასევე გამოიკვლიეს, რომ საშუალოსტატისტიკურად ევროპულ გუნდების შემადგენლობაში 24,5 მოთამაშეა, მათგან 5,2-ის ასაკი 21 წლამდეა, 8,1-ის სიმაღლე 1,85-ზე მაღალია, 5,7 ითვლება იმ კლუბის აღზრდილად, რომელშიც თამაშობს, დაახლოებით 8,2 ლეგიონერია, აქედან 1,1-ბრაზილიელი. ყველაზე სტაბილური გუნდი ინგლისურ "მანჩესტერ იუნაიტედს” ჰყავს. საშუალოდ "წითელი ეშმაკების” მოთამაშეები გუნდში თითქმის 6 წელი რჩებიან (5,71). მილანის "ინტერი” ყველაზე ასაკოვანი გუნდია ევროპაში. გუნდის საშუალო ასაკია 29,6 წელი. კონტინენტის ყველაზე ახალგაზრდა კლუბის სტატუსი კი ლატვიურ "ოლიმპს” ხვდა წილად (19,02წ). ლონდონის "ტოტენჰემში” კი ყველაზე მეტია ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთი ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ -23 . და ბოლოს, ყველაზე მეტი ფეხბურთელი ევროპის ელიტური დივიზიონებისთვის ამსტერდამის "აიაქსმა” აღზარდა -54.
|