ინტერის განელი ნახევარმცველი სალი მუნტარი სეზონის დარჩენილ ნაწილს "სანდერლენდში" გაატარებს. 26 წლის აფრიკელი შუახაზელი ინგლისურ კლუბში იჯარის საფუძველზე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "სანდერლენდის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. გასულ სეზონში მუნტარიმ ჟოზე მოურინიოს მიერ გაწვრთნილ "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, სერია A, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო. მიმდინარე სეზონში კი აფრიკელი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის. მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მას არც ბენიტესის თავკაცობის პერიოდში ეძლეოდა და სიტუაცია არც გუნდში ლეონარდოს მისვლის შემდეგ შეცვლილა. ცოტა ხნის წინათ, მან თხოვნითაც მიმართა "ნერაძურის" ხელმძღვანელობას - ან მათამაშეთ, ან გამიშვითო. შედეგად, როგორც კი მუნტარის იჯარით აყვანის მსურველი გუნდი გამოჩნდა, "ინტერი" მაშინვე დათანხმდა შეთავაზებას.
სალი მუნტარის "სიტი ოფ ლაითზე" გადაბარგებაში მნიშვნელოვანი წვლილი "სანდერლენდში" მოთამაშე მისმა თანამემამულეებმა შეიტანეს. ინგლისური კლუბის ვებ-გვერდის ინფორმაციით, ასამოა გიანისა და ჯონ მენსას წარმატებულმა თამაშმა "სანდერლენდის" ხელმძღვანელობა მუნტარის ტრანსფერის პერსპექტიულობაში დაარწმუნა. ახალი გუნდის შემადგენლობაში მისი დებიუტი სავარაუდოდ, მომავალ შაბათს, "სტოკთან" გასვლით შეხვედრაში შედგება.
ბოლოს დავამატებთ, რომ მუნტარი პრემიერლიგაში უკვე თამაშობდა. 2007-08 წლებში იგი "პორტსმუთის" ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო. 2008 წლის ივლისში კი "ინტერმა" მის სანაცვლოდ 16 მილიონი ფუნტი გადაიხადა. "სან სიროს" ბინადართა რიგებში ჩატარებულ 59 შეხვედრაში მას 5 გოლი აქვს გატანილი. მუნტარის განის ნაკრების ფორმით 57 მატჩი ჩაუტარებია, რომლებშიც მეტოქეთა კარის აღება 16-ჯერ მოახერხა.
|