მილანის ინტერის მეკარე ჟულიო სეზარი და ფორვარდი დიეგო მილიტო სრულ გამოჯანრმთელებასთან ახლოს არიან, ამის შესახებ Corriere Dello Sport იტყობინება. იმავე წყაროს ცნობით, სამხრეთ ამერიკელები მოედანზე უკვე კვირას, "პალერმოსთან” გასამართი მატჩისთვის უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა "ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდომ რისკს თავი აარიდა და ორივე მათგანს კიდევ ერთი კვირით მისცემს დასვენების საშუალებას.
ახლოსაა მოედანზე დაბრუნებასთან უესლი სნეიდერიც. "ინტერის” ტიფოზები ლიდერის გამოჩენას სავარაუდოდ "რომასთან” და "იუვენტუსთან” მატჩებისთვის უნდა ელოდნენ.
ამასობაში დადასტურდა ინფორმაცია დეიან სტანკოვიჩის ტრავმის სიმძიმის შესახებ. მილანელთა ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ-ერთ სულისჩამდგმელს "ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი პირველი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, თუმცა მეორე მატჩისთვის წესით მზადყოფნაში უნდა იყოს.
|