იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში მილანის "ინტერი” სტუმრად ბერგამოს "ატალანტასთან” ანგარიშით 2:3 დამარცხდა. "ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი დარწმუნებულია, რომ მომავალ მატჩში გუნდი თავის გულშემატკივრებს კვლავ გაახარებს მოპოვებული სამი ქულით. "დიახ, ჯაკომო ბოავენტურასგან ბურთი მივიღეთ, თუმცა დანარჩენ გაშვებულ გოლებში ჩემს გუნდს ვერ დავადანაშაულებ”, – განაცხადა სტრამაჩონიმ "ატალანტასთან” გამართული მატჩის შემდეგ. ანდრეამ საეჭვო ვითარებაში მისი გუნდის კარის მიმართულებით დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე კომენტარი არ გააკეთა. "იუვენტუსთან” გამართული მატჩის მსაჯებზე არაფერი მითქვამს, არბიტრების გადაწყვეტილებების შეფასებას არც დღეს ვაპირებ. ვიცოდი, რომ რთული მატჩი გველოდა. "ინტერს” მარცხი არ დაუმსახურებია, თუმცა ეს მოტივაციას გვიზრდის. ჩემი გუნდის თამაშში რაიმე ხარვეზი არ შემინიშნავს, ასე რომ უკვე მომდევნო ტურში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ყოველი მატჩის მოგება შეუძლებელია”, – სტრამაჩონის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.
|