ალიანს არენაზე მილიტოს გარეშე
მომდევნო კვირაში, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ოთხი მეოთხედფინალისტი გაირკვევა. ყველაზე დიდ ინტერესს შარშანდელი გათამაშების ფინალისტების, მილანის ინტერისა და მიუნხენის ბაიერნის განმეორებითი სამერვედფინალო დაპირისპირება იწვევს. ნერაძურის საექიმო შტაბის ცნობით, მიუნხენის "ალიანს არენაზე” ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს დიეგო მილიტო არ ეყოლება. ფინალში ორი ბურთის გამტან არგენტინელ ფორვარდს ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი, ექიმებმა გამოკვლევა ჩაუტარეს და რამდენიმეკვირიანი დასვენება გამოუწერეს. სავარაუდოდ, მილიტო მინდორს აპრილის დასაწყისში დაუბრუნდება.