მატჩი მართლაც უდიდეს ინტერესს იწვევს, რადგან ერთმანეთის პირისპირ სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან. "ნაპოლი" მეორე ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით უსწრებს მილანურ გრანდს.
ანუ, მილანელები შეეცდებიან, რომ სამხრეთელებს გადაასწრონ და ლიდერ "იუვენტუსს" კუდში ჩაუდგნენ - ნეაპოლელთა მიზანი კი მდევრის კიდევ უფრო ჩამოტოვება და "იუვეს" მთავარი კონკურენტის სტატუსის განმტკიცებაა.
ერთი სიტყვით, წინ დიდი მატჩია, რომელიც პროგნოზებს ნამდვილად არ ექვემდებარება. მოახლოებულ პაექრობაზე თავისი მოსაზრება "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ გამოთქვა:
"ტრიბუნებზე ანშლაგი იქნება, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩემი აზრით, "ინტერი" და "ნაპოლი" სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და შესაბამისად, სტადიონზე მოსული გულშემატკივარი დიდ სიამოვნებას მიიღებს.
ორივე გუნდი სკუდეტოსთვის იბრძვის, რაც დამატებით ინტრიგას სძენს ისედაც საინტერესო პაექრობას.
ვფიქრობ, რომ "ნაპოლისთან" მატჩი ანდრეა სტრამაჩონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სამწვრთნელო კარიერაში - გამარჯვებათა შთამბეჭდავი სერიის შემდეგ, მცირე ჩავარდნა გვქონდა, რამაც ანდრეას რეპუტაცია შეარყია და ამის გამოსასწორებლად ნეაპოლელთა დამარცხება საუკეთესო საშუალებაა.
მინდა გავამხნევო სტრამაჩონი, რომელიც ენთუზიაზმის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. იმედია, სამივე ქულა ჩვენ დაგვრჩება".