ზაფხულში ჩელსის უმთავრესი სატრანსფერო მიზანი ინტერის ნახევარმცველის, ვესლი სნეიდერის შეძენა იქნება. აღნიშნული ინფორმაცია La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა. იტალიური გაზეთის მტკიცებით, ლონდონელები 26 წლის ჰოლანდიელში საფეხბურთო საზომით უკვე საკმაოდ მობერებული და ბოლო პერიოდში ტრავმებმოძალებული ფრენკ ლამპარდის პოტენციურ შემცვლელს ხედავენ. "არისტოკრატებს" შემტევის ნახევარმცველის პოზიციაზე ლამპარდის ალტერნატივა არ გააჩნიათ. მართალია, გასულ ზაფხულს ლონდონელებმა იოსი ბენაიუნი შეიძინეს, მაგრამ ებრაელ ნახევარმცველს ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. ამასთან, 30-წლიან ზღვარს ისიც გადაცილებულია. რაც შეეხება სნეიდერს, იგი შესანიშნავ ფორმაშია და ასაკიც ფეხბურთისთვის შესაფერისი გააჩნია. ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. "ინტერთან" ერთად მან 5 ტიტულის მოგება შეძლო, ნაკრების შემადგენლობაში კი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. სნეიდერი "აიაქსის" სახელგანთქმული აკადემიის აღზრდილია. თავის დროზე მან "რეალის" რიგებშიც მოასწრო თამაში, საიდანაც 2009 წლის ზაფხულში "ინტერში" გადაბარგდა. "ნერაძურისთან" მას კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს. ასე რომ, ჰოლანდიელის "ფასდაკლებით" ხელში ჩაგდება არ მოხერხდება, თუმცა, "არისტოკრატებმა" ბოლოდროინდელი შენაძენებით (ფერნანდო ტორესი 50 მილიონ ფუნტად იყიდეს, დავიდ ლუისი 25 მილიონ ევროდ) კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი არც სოლიდური თანხის დახარჯვას მოერიდებიან.
|