მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი მილანის ინტერთან საშინაო მარცხისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის უმთავრეს მიზეზად, გამოუყენებელ სახიფათო მომენტებს და დაცვის არასაიმედო თამაშს ასახელებს. ამ სეზონში უკვე მეოთხედ თუ მეხუთედ დაგვემართა, მოგებული თამაში მოწინააღმდეგეს ვაჩუქეთ. ბევრი საგოლე შანსი ვერ გამოვიყენეთ, არადა, შეგვეძლო, მეოთხედფინალში გასვლა ადრიდანვე გაგვენაღდებინა. ინტერმა კი თავისი შანსი მაქსიმალურად გამოიყენა და სასურველი შედეგიც მიიღო. ფეხბურთია და ასეთები ხდება ხოლმე. შესვენებაზე ბიჭები გავაფრთხილე, კომპაქტურად ეთამაშათ და ამის შემდეგაც კი ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. უამრავჯერ შევცდით დაცვის ხაზშიც. "ბაიერნის” ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც თამაშისგან სიამოვნებას იღებდნენ, ახლა კი ყველა საშინელ ხასიათზე ვართ. ვნახეთ ლამაზი თამაში, მაგრამ წავაგეთ” – განაცხადა ვან გაალმა უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში. რა გასაკვირია და სულ სხვაგვარი განწყობაა იტალიელთა ბანაკში. აქვე, მილანური კლუბის დამრიგებლის, ლეონარდოს კომენტარიც: ტექნიკურ ნიუანსებში ჩაძიებას, მირჩევნია, რომ ყურადღება ჩემი ფეხბურთელების შემართებასა და ვაჟკაცურ თამაშზე გავამახვილო. იმის გათვალისწინებით, რა დაძაბულად წარიმართა საპასუხო მატჩი და როგორი ძლიერი მეტოქე გვყავდა, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. სერია A-შიც გვქონდა თამაშები, რომლებშიც ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოვახერხეთ სასურველი შედეგის დაფიქსირება. ეს კი, ნიშნავს, რომ გუნდი ბოლო წამამდე არ ნებდება.
|