უკვე გარკვეული ამბავია - იმის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში თუ როგორ დარსრულდება ევროტურნირების დარჩენილი მატჩები, კოეფიციენტების ცხრილში იტალია გერმანიას მესამე ადგილს ვეღარ ჩამოართმევს და მეოთხე პოზიციაზე დარჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2012-13 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ბუნდესლიგის 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო "კალჩო" 3 კლუბით იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-მა გაავრცელა. საკლუბო რეიტინგს 82.928 ქულით ინგლისი დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე ადგილზე ესპანელები არიან (77.329 ქულით). გერმანელებს 68.103 ქულა გააჩნიათ, ხოლო იტალიელებს - 59.981 ქულა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპენინური კლუბები ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგებას მოახერხებენ, გერმანელთა ჩამოტოვებას მაინც ვეღარ შეძლებენ. იტალიელებისთვის მესამე ადგილი მიუწვდომელი მიმდინარე კვირაში ჩატარებული მატჩების შემდეგ გახდა. "ინტერი" "ბაიერნთან" დამარცხდა (0:1), "ლევერკუზენმა" ევროპის ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო "ნაპოლი" ამავე ტურნირს მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა. ასე რომ, 2012-13 წლების სეზონში 3 გერმანული კლუბი პირდაპირ მოხვდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში, ერთს კი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს. იტალიიდან ჯგუფურ ტურნირში პირდაპირ მხოლოდ 2 კლუბი დაიშვება, ხოლო მესამე შეჯიბრში საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვება.
|