რამდენიმე დღის წინ, "უდინეზეს” ყოფილი მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი მილანის "ინტერმა” გაიფორმა. "ნერიაძურიმ” ფეხბურთელი პრესასა და გულშემატკივრებს ოფიციალურად წუხელ წარუდგინა. სლოვენიელმა კიპერმა სამომავლო გეგმებთან ერთად თავის საფეხბურთო კერპებზეც ისაუბრა.
"ინტერი” იტალიური ფეხბურთის გრანდია და საოცრად გამიხარდა, რომ ამ კლუბის წევრი გავხდი. ვარჯიშებზე მუყაითად ვმუშაობ იმისთვის, რომ იმ გუნდში თამაშის საშუალება მომეცეს, რომელიც სკუდეტოს მოპოვებისთვის იბრძოლებს”, – აცხადებს ჰანდანოვიჩი.
გარდა ამისა, "ინტერის” ახალწვეული გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მისი კლუბში მოსვლის შემდეგ, ჟულიო სეზარი "ნერიაძურიდან” აბარგდება.
"ჟულიო სეზარი შესანიშნავი მეკარეა. მე მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ შექმნილი სიტუაციის შესახებ ვერაფერს გეტყვით. დიდ ყურადღებას არ მივაქცევ მათ, ვინც ჩემამდე ირიცხებოდა კლუბში. რაც შეეხება სხვა მეკარეებს, ყოველთვის პატივს ვცემდი პიტერ შმეიხელსა და ჯიჯი ბუფონს”, – 27-წლის ჰანდანოვიჩის სიტყვები goal.com-მა გამოაქვეყნა.
|