26 წლის იტალიელი მეკარე ემილიანო ვივიანო, რომლის სატრანსფერო უფლებები "პალერმოსა" და "ინტერს" ეკუთვნის, "ფიორენტინაში" გადასვლასთან არც ისე ახლოს ყოფილა, როგორც აქამდე იყო ცნობილი. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელის ფლორენციულ კლუბში თამაში "ინტერს" არ სურს.
როგორც ცნობილია, "ფიორენტინას" ვივიანოს არენდით აყვანა უნდა და "პალერმო" ამაზე თანახმაა, მაგრამ ტრანსფერის განსახორციელებლად "ინტერის" ნებართვაცაა საჭირო. "შეთანხმებასთან არც ახლოს ვართ და არც შორს. არსად არ ვართ. "ფიორენტინა" სიტუაციას უბრალოდ აკვირდება და თუ ასე გაგრძელდა, შეთანხმების მიღწევა რთული იქნება. ამჟამად, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ერთადერთ გზად "ინტერისგან" ვივიანოს სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა და მათი "ფიორენტინასთვის" მიყიდვა მიგვაჩნია" - ციტირებს "პალერმოს" წარმომადგენლის, ჯორჯო პერინეტის სიტყვებს Sky Sport Italia.
|