იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ინტერმა, ფეიენოორდისგან 18 წლის თავდამსხმელი, ლუკ კასტაინიოსი შეიძინა. აპენინური გამოცემების ინფორმაციით, მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე ოფიციალურად გაფორმდა. ნერაძური 18 წლის ვუნდერკინდის სანაცვლოდ, ჰოლანდიურ კლუბს 4 მილიონ ევროს გადაუხდის.
კასტაინიოსი, რომელმაც ინტერთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, იტალიურ გრანდს სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფორვარდს, რომელსაც მამა ფრანგი ჰყავს, თამაშის სტილით ტიერი ანრის ადარებენ და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ინტერში გადასვლა ჩემთვის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. იტალიელები ფეხბურთით ცხოვრობენ, რაც ნებისმიერი მოთამაშისთვის სასიამოვნო ფაქტია. სამედიცინო შემოწმება უკვე გავიარე და კონტრაქტიც გავაფორმე. ვამაყობ, რომ ასეთ დიდ გუნდში მომიწევს თამაში. სამწუხაროდ, მწვრთნელს ჯერ ვერ შევხვდი. ლეონარდოს გაცნობას, ალბათ, ზაფხულამდე ვერ მოვახერხებ - ამბობს ჰოლანდიელი ფეხბურთელი. ბოლოს დავამატებთ, რომ კასტაინიოსი ჰოლანდიის ასაკობრივ ნაკრებებში საკმაოდ მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა - 17-წლამდელთა გუნდში ჩატარებულ 17 შეხვედრაში, 13 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 19-წლამდელთა შემადგენლობაში, 14 მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.
|