მილანის ინტერის ცენტრალური მცველი, ანდრეა რანოკია იტალიის ეროვნულ ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელმაც ფეხბურთელი, შესაძლოა, მილანური დერბის მიღმაც დატოვოს. შეგახსენებთ, რომ სლოვენიასთან და უკრაინასთან გასამართ შეხვედრებში, საეჭვო იყო ტიაგო მოტას თამაშიც, მაგრამ ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელმა გამოჯანმრთელება მოასწრო.
მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია A-ს ხელმძღვანელობამ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის მიზეზი შვედი ფორვარდის უღირსი საქციელი გახდა - გასულ კვირას, ბარისთან შეხვედრის მეორე ნახევარში იბრამ მარკო როსის მუცელში განზრახ ჩაარტყა. როსონერის თავდამსხმელის ეს უხეშობა მსაჯისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და სკანდინავიელს წითელი ბარათი აუფრიალეს. სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნული შემთხვევა ორშაბათს განიხილა და როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, შვედს 3 მატჩით აუკრძალა მოედანზე გასვლა. "მილანის" მესვეურთათვის, გულშემატკივართათვის და ალბათ, თვითონ ზლატანისთვისაც ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ამ სამ შეხვედრაში მოექცა 3 აპრილს გასამართი მილანური დერბიც. არ არის გამორიცხული, რომ ჩემპიონის ვინაობის გარკვევაში თანაქალაქელთა მომავალი დაპირისპირების შედეგი გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა მარიო ბალოტელიზე კურიოზული ვიდეო, რომელშიც ის ვერ ახერხებდა ფორმის ჩაცმას.