საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ჯენოას ცენტრალური მცველი, კახა კალაძე მილანთან (1:1) საკუთარი თამაშით კმაყოფილია და თვლის, რომ გენუელებმა ასპარეზობა მომავალშიც მსგავსი სულისკვეთებით უნდა გააგრძელონ. ჩვენ დიდი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელშიც დიდი ფეხბურთელები გამოდიან. იბრაჰიმოვიჩი, პატო, რობინიო – მსოფლიოში უძლიერესი თავდასხმის ხაზია. ჩვენი მიზანი მათი ბლოკირება იყო და წარმატებას ძალიან მძიმე შეხვედრაში მივაღწიეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. საკუთარი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ჩვენ კარგი სამუშაო გავწიეთ და ეს სატურნირო ცხრილშიც წაგვადგება. მეტოქისთვის არც ერთი სანტიმეტრი არ დაგვითმია და მომავალშიც ასე უნდა ვითამაშოთ. "ჯენოას” მაისურით თამაშით კმაყოფილი ვარ და მსურს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ედუარდოს. "ფიორენტინასთან” დაშვებული შეცდომის შემდეგ, ძალიან შეწუხებული ვიყავი, როდესაც მის თვალებში ცრემლი დავინახე. ედუარდო დიდი კაცი და დიდი მეკარეა. ის შეცდომებზე ძალიან ბევრს ფიქრობს, მაგრამ თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს, რადგან გუნდი ენდობა” – თქვა მატჩის შემდეგ იტალიურ გამოცემებთან საუბარში კალაძემ, რომელმაც "მილანის” წინააღმდეგ სრულად ითამაშა. გარდა ამისა, საფეხბურთო კლუბ "მილანის” არხთან, Milan Channel-თან საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან კიდევ ერთხელ შეხვედრა ძალიან ესიამოვნა. მისი თქმით, დღემდე კარგი ურთიერთობა აკავშირებს "მილანის” ფეხბურთელებთან და გუნდის მთელ მომსახურე პერსონალთან. კალაძემ აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან ხსენებულმა არხმა თამაშამდე მის პერსონას საკმაო დრო დაუთმო და ქართველის "როსონერის” მაისურით ჩატარებული თამაშები გაიხსენა.
|