ჩემპიონთა ლიგის განვლილი გათამაშების ფინალისტები - ინტერი და ბაიერნი ამჯერად ერთმანეთს მერვედფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან. მათი პირველი შეხვედრა ოთხშაბათს, სან სიროზე გაიმართება. მატჩის წინ იტალიური კლუბის ბრაზილიელი მცველი ლუსიო აცხადებს, რომ ტრავმა უკვე სრულად მოიშუშა და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა. შეგახსენებთ, რომ ნერაძურის სამხრეთამერიკელი ცენტრალური მცველი 30 იანვარს, პალერმოსთან მატჩის დროს დაშავდა. სიცილიელებთან დაპირისპირებისას მან ბარძაყის კუნთი დაიზიანა და ექიმები ბრაზილიელის მოედანზე დაბრუნებას მარტის დასაწყისში ვარაუდობდნენ, თუმცა, ლუსიომ ვადაზე ადრე მოახერხა გამოჯანმრთელება. ბაიერნის წინააღმდეგ პრინციპული დაპირისპირება გველის. ძალიან მიხარია, რომ პრობლემების მოგვარება მოვასწარი და მომავალი მატჩისთვის სრული დატვირთვით ვემზადები.პირადად მე ამ თამაშს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ, - ციტირებს ბრაზილიელ მცველს ინტერნეტ-გამოცემა Сalciomercato.com-ი. შეგახსენებთ, რომ ლუსიო ინტერში სწორედ ბაიერნიდან გადავიდა. რეკორდმაისტერის ღირსებას იგი 2004-2009 წლებში იცავდა და 212 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა. ინტერში კი 2009 წლის ზაფხულში გადაბარგდა და პირველივე სეზონში ნერაძურისთან ერთად 5 ტიტულის მოგება შეძლო. ლუსიოს ინტერის ფორმით ჩატარებულ 48 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
|