მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" დუგლას მაიკონის შეძენა სურს, გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესს კონკურენციას რუსული "ანჟის" ხელმძღვანელობა გაუწევს...
ბრაზილიელ მარჯვენა მცველს, რეკომენდაცია რობერტო კარლოსმა გაუწია, ლეგენდარული კარლოსის თქმით დუგლასი რუსულ კლუბს ძალიან კარგად მოერგება და წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა საგონებელშია ჩავარდნილი, თავიდან იყო საუბარი, რომ ესპანელები მაიკონის სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ, შემდეგ კი თანხამ დაიწია და 8 მილიონზე დავიდა, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ "ინტერს" საკუთარი შეგირდის გაშვების სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო და ნური შაჰინი სურს, იტალიელთა ხელმძღვანელობა თანხმობას შაჰინის თუნდაც 1 წლით აყვანაზე აცხადებენ.
ჟოზე მოურინიო თურქ ფეხბურთელს ვერა და ვერ ელევა, პორტუგალიელი მწვრთნელის თანხმობის შემთხვევაში ნური უკვე "ნესაძურის" ღირსებას დაიცავდა, მაიკონი კი სამეფო კლუბის დაცვას გაამაგრებდა.
გავრცელებული ინფორმაციით რუსულმა გუნდმა ინტერის ხელმძღვანელობას ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ თავად დუგლასმა განაცხადა უარი რუსეთში თამაშზე.
ბრაზილიელის უარით ჟურნალისტებს კვლავ საქმე მიეცათ, დღეს მაიკონი ყველამ "რეალს" დაუკავშირა. აშკარაა, რომ ბრაზილიელ მოთამაშეს ჟოზე მოურინიოს გუნდში სურს ასპარეზობის გაგრძელება და იგი არ უყურებს მატერიალურ მხარეს, "ანჟის" ხელმძღვანელობა მას გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობდა, ვიდრე "ბლანკოსის".
როგორც ჩანს დუგლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კვლავ განახლდება.
|