ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მანუ მენეზეშმა 27 მარტს, ლონდონში, "ემირეიტზე” შოტლანდიის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისათვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. AP-ს ინფორმაციით, საფრანგეთთან 0:1 წაგებულ წინა შეხვედრასთან შედარებით, გუნდში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. შემადგენლობაში არაა ბრაზილიური ფლამენგოს თავდამსხმელი რონალდინიო, რომელმაც საკუთარ კლუბს გუანარაბას თასი მოაგებინა. გამოძახებულთა შორის ვერ მოხვდა იტალიური მილანის ფორვარდი რობინიო, რომელსაც მენეზეშმა დასვენების საშუალება მისცა. სამაგიეროდ, სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდნენ მცველები - ლუსიუ და მაიკონი, ასევე ნახევარმცველი ელანუ. ნაკრებში მიწვევა მიიღო "სანტოსის” ახლაგზრდა თავდამსხმელმა ნეიმარმაც. მენეზეშმა შოტლანდიის წინააღმდეგ სათამაშოდ შემდეგ 24 ფეხბურთელს უხმო: მეკარეები: ჟულიუ სეზარი (ინტერი, იტალია), ვიტორი ("გრემიო”), ჯეფერსონი ("ბოტაფოგო”) მცველები: დანი ალვეში ("ბარსელონა”, ესპანეთი), მაიკონი, ლუსიუ (ორივე ინტერი, იტალია), მარსელო ("რეალი”, ესპანეთი), ანდრე სანტოსი ("ფენერბაჰჩე”, თურქეთი), დავიდ ლუისი ("ჩელსი”, ინგლისი), ტიაგუ სილვა ("მილანი”, იტალია), ლუიზაუ ("ბენფიკა”, პორტუგალია)
ნახევარმცველები: ლუკას ლეივა ("ლივერპული”, ინგლისი), რამირესი ("ჩელსი”, ინგლისი), სანდრო ("ტოტენჰემი”, ინგლისი), ელიასი ("ატლეტიკო”, ესპანეთი), ლუკასი ("სან პაულუ”), ენრიკე ("კრუზეირუ”), რენატუ აუგუსტუ ("ლევერკუზენი”, გერმანია), ჟადსონი ("შახტარი”, უკრაინა), ელანუ ("სანტოსი”)
თავდამსხმელები: ჟონასი ("ვალენსია”, ესპანეთი), პატუ ("მილანი”, იტალია), ნილმარი ("ვილიარეალი”, ესპანეთი), ნეიმარი ("სანტოსი).
|