- დიეგო, წინა სეზონი თქვენთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება, წლის იდეალური დასასრულად შეიძლება მივიჩნიოთ. საბოლოოდ, 5 ტიტულის მოპოვება მოახერხეთ.
- დიახ, ეს ჩვენთვის უმთავრესი მიზანი იყო. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჩვენი წარმატებული სვლის კულმინაცია იყო. ეს ტიტული უფრო მიმზიდველს ხდის დანარჩენ ჯილდოებს. ჩემს სამშობლოში და საერთოდ სამხრეთ ამერიკაში, ამ ტურნირს უდიდეს ყურადღებას აქცევენ. კლუბები სპეციალურადაც კი ემზადებიან, რათა წარმატებას მიაღწიონ. ახალ წელს, არგენტინაში რომ დავბრუნდი, წარმატებას ყველა მილოცავდა.
- ევროპაში ამ ტურნირს განსხავავებულად უყურებენ...
- ეს იმიტომ ხდება, რომ ტურნირი სეზონის შუაში იმართება, ამ დროს კი ეროვნული ჩემპიონატები მიმდინარეობს. შეხედულებას, თითქოს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში სუსტი გუნდები მონაწილეობენ, არ ვეთანხმები. მსოფლიოში ფეხბურთის დონე გათანაბრდა, ახლა ნებისმიერი კონტინენტის წარმომადგენელს შეუძლია ჩვენი გაოცება. გამოკვეთილი აუტსაიდერი აღარ არსებობს, ამიტომ კიდევ გავიმეორებ, აღნიშნული ტიტულის მოპოვებით ამაყი ვარ!
- ტრავმის გამო ტურნირის გამოტოვება გემუქრებოდათ. კიდევ ხომ არ გაწუხებთ ტკივილი?
- არა, ახლა ყველაფერი კარგადაა. ტრავმა ფეხბურთელისთვის, თამაშისა და გამარჯვების მოპოვების საფასურია. სეზონის მეორე ნახევრისთვის კარგად მოვემზადე, წინ გადამწყვეტი მატჩები გველის. დაშავებული როდესაც ვიყავი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები გვერდით დამიდგნენ. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.
- გასულ სეზონში ბევრი გოლი გაიტანეთ, თქვენ რომელს გამოარჩევდით?
- ჩემს გულში თითოეული გოლი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც იმ გოლებს დავასახელებდი, რომელებიც "ინტერს” ტიტულების მოპოვებაში დაეხმარა. გამოვარჩევდი "სიენასთან” გატანილ გოლს, რომლის დახმარებითაც, იტალიის ჩემპიონები გავხდით. ასევე იტალიის თასის ფინალში, "რომასა” და ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის” კარებებში გატანილ გოლებს.
- როგორია, იყო ჩემპონთა ლიგის ფინალის გმირი? მიუნხენელების კარში რომელი გოლის გატანა იყო შედარებით რთული?
- ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ... მეორე ბურთი ემოციის პიკი იყო. დიდი გამარჯვების სიახლოვე ვიგრძენი, იმ შეგრძნებას ვერასდროს დავივიწყებ. მადრიდული ფინალის გახსენებისას, კიდევ ერთხელ ვგრძნობ იმ სიამოვნებას, რომელიც შეხვედრის პირველიდან უკანასკნელ წამამდე მივიღე. ფეხბურთი სწორედ ასეთი უნდა იყოს!
- "ინტერში” 30 წლის ასაკში მიხვედით. მანამდე იყო საშუალო დონის უამბიციო კლუბები. იმ ტიტულების მოპოვების იმედი ხომ არ დაგიკარგავთ როდისმე, რომლებიც გასულ სეზონში მოიპოვეთ?
- არასოდეს. ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია - იფიქრე, რომ ყოველთვის გააუმჯობესებ თამაშს, საკუთარ თავს ახალი ზღვარი დაუწესე. დასახული მიზნის მისაღწევად, ყოველდღიური მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. სისულელე იქნება იმის უარყოფა, რომ ფეხბურთში იღბალი არაფერს წყვეტს. ბევრი მაღალი დონის ფორვარდი დარჩენილა ტიტულების გარეშე, მაგრამ ეს მათი ბრალი არ იყო. მადლობას ვუხდი ყველა კლუბს, სადაც მითამაშია, რადგან მიმაჩნია, რომ თითოეული მათგანი დამეხმარა პროგრესირებაში.
- რომელი ფორვარდის წარსული გმატებთ ენთუზიაზმს კარიერის განმავლობაში?
- ბავშვობაში ჩემი კერპი ენცო ფრანჩესკოლი იყო, მაგრამ შემდეგ ბევრი ვისწავლე გაბრიელ ბატისტუტასგან და ერნან კრესპოსგან. ისინი შესანიშნავი ფორვარდები არიან, რომლებიც იტალიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდნენ. კრესპოს ისევ გააქვს გოლები და საკუთარ პროფესიონალიზმს ისევ ამტკიცებს.