ინტერს" არგენტინელი თავდამსხმელი, დიეგო მილიტო გამოაკლდა. კვირას, "რომას" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში 31 წლის სამხრეთამერიკელმა ფორვარდმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა. ექიმთა ვარაუდით, მილიტო მოედანზე დაბრუნებას მხოლოდ 30-40 დღის შემდეგ შეძლებს. არგენტინელი რთულ მომენტში გუნდის ბრაზილიელმა თავკაცმა, ლეონარდომ გაამხნევა.
"დიეგომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და ტრავმის შესახებ რაც შეიძლება, ნაკლებად იფიქროს. მას არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. იგი "ინტერისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ეს ამბავი თავადაც კარგად იცის. ასე რომ, მილიტოს გამოჯანმრთელებას ჩვენც მშვიდად დაველოდებით" - აღნიშნა ლეონარდომ. სერია A-ს მატჩებში "ნერაძურის" ხელმძღვანელობას სადარდებელი არაფერი აქვს. საჩემპიონატო შეხვედრებში არგენტინელს ახლახანს "სამპდორიასგან" 19 მილიონ ევროდ შეძენილი ჯამპაოლო პაცინი შეცვლის, რომელმაც მილანური გრანდის შემადგენლობაში ჩატარებულ სამ შეხვედრაში ამდენივე გოლის გატანა მოახერხა. ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კი, მილიტოს არყოფნა სერიოზულ პრობლემებს შექმნის. საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში პაცინიმ "სამპდორიას" რიგებში უკვე ჩაატარა სალიგო შეხვედრები (გენუელები საკვალიფიკაციო ეტაპიდან "ვერდერმა" გამოაგდო), რაც ყველაზე პრესტიჟულ ევროტურნირში მისი სხვა გუნდის ფორმით თამაშს ავტომატურად გამორიცხავს. არადა, ლიგის მატჩები უკვე კარსაა მომდგარი. "ინტერი" მიუნხენის "ბაიერნთან" პირველ მერვედფინალურ დაპირისპირებას 23 თებერვალს ჩაატარებს. ამ შეხვედრაში მილიტოს თამაში იმთავითვე გამოირიცხა. საეჭვოა ასევე მისი მონაწილეობა 15 მარტს გასამართ განმეორებით მატჩშიც. არგენტინელის არყოფნაში "ნერაძურის" წინა ხაზში სამუელ ეტოოს პარტნიორობას სავარაუდოდ, მაკედონიელი გორან პანდევი გაუწევს.
|